„ერთი პირუტყვი უკვე დავმარხე, სხვებს – ჩემი ძალებით ვმკურნალობ… ყველა თავისი ძალით ცდილობს, გადაარჩინოს პირუტყვი, იმიტომ, რომ არავინაა მომხმარე“, – უთხრა „ბათუმელებს“ ხულოში, სოფელ ქედლებში მცხოვრებმა ბეგლარ შანთაძემ. მისი საქონელიც ჯერ კიდევ გაურკვეველი და მასობრივად გავრცელებული ვირუსით დაავადდა.
უკვე მეორე თვეა აჭარის მთაში პირუტყვი ავადდება. არალეგიტიმური მთავრობა მესაქონლეებს არათუ არ ეხმარება – განმარტებასაც კი არ აკეთებს.
მესაქონლეები ჰყვებიან, რომ ვეტერინარებმაც არ იციან, ამ დაავადებას კონკრეტულად რა მედიკამენტი შველის, მაგრამ მინიმუმ ერთი ძროხის მკურნალობა საშუალოდ 250 ლარი ჯდება.
ვეტერინარების თქმით, დაავადებული საქონლის დიდი ნაწილი გამოკეთდა, თუმცა არის ახალი შემთხვევები, ასევე არსებობს ხელახლა დაავადების პრაქტიკა.
რამდენიმე ვეტერინარი ხულოდან „ბათუმელებთან“ ადასტურებს, რომ დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით კი, სამცხე-ჯავახეთსა და აჭარის მთებში ჯერ კიდევ დაუდგენელი ვირუსი მასობრივად არის გავრცელებული უკვე ცნობილ „თურქულთან“ ერთად, რასაც „მკურნალობენ შეძლებისდაგვარად“ – როგორც ეს ერთ-ერთმა ვეტერინარმა გვითხრა.
„საქონელს ჩლიქები ულპება, ძვრება, უჭირთ ენის მოძრაობა, პირს ვერ აღებენ, შიათ, ძუძუზე აქვთ გამონაყარი,“ – გვიყვება ნათია აბულაძე. ის ჯერ კიდევ იალაღზეა, ალმეს მთაზე. რამდენიმე დღის წინ აქ თოვდა კიდეც. ნათია ამბობს, რომ პრობლემაა საქონლის ტრანსპორტირება და ის, რომ იალაღებზე საერთოდ არ ჰყავთ ვეტერინარი.
მესაქონლეები იალაღებიდან თუ ბარიდან გვიხსნიან, რომ საქონელი წინა წლებშიც ავადდებოდა ზაფხულობით, მაგრამ ასე რთულად არა, როგორც წელს. მემთეურების თქმით, ამ დროს ძროხა ნაკლებად იწველება, ან რასაც წველიან, ღვრიან, რადგან დაავადებული ძროხის რძე საკვებად უვარგისია.
სახელმწიფოს არც ამ ნაწილში აუღია პასუხისმგებლობა – როგორც რძის პროდუქტების უსაფრთხოების, ისე ზიანის ანაზღაურების კუთხით.
რა კეთდება იმისთვის, რომ მესაქონლეობა გადარჩეს, რატომ არ ეხმარება მთავრობა მესაქონლეებს და რამდენად უსაფრთხოა ამ დროს რძის პროდუქტები? – კითხვებით სურსათის ეროვნულ სააგენტოს მივმართეთ. უწყების პრესცენტრში ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდნენ, თუმცა შემდეგ „ბათუმელების“ სატელეფონო ზარს აღარ უპასუხეს.
„ვეტერინარი კი გვყავს, მაგრამ ერთი ვეტერინარი როგორ დაეხმარება ამდენს? ვეტერინარს კიდევ ცალკე თანხა უნდა გადაუხადო,“ – გვესაუბრება ბეგლარ შანთაძე. მესაქონლე ხულოდან.
„ამიტომაც, ვეტაფთიაქში ჩავედი და რაც მირჩიეს, ყველაფერი წამოვიღე, იქნებ მეშველოს-მეთქი. დაახლოებით 250 ლარი ღირს ერთი დაავადებული პირუტყვის ერთჯერადად მკურნალობა.
წინა წლებშიც ავადდებოდა პირუტყვი, მაგრამ რაღაც გამონაყარი თუ ექნებოდა ძროხას, მარგანცოვკიანი წყლით დავუმუშავებდით და ეს იყო. ახლა ყველგან აქვს: ძუძუზე, მუცელზე, ფეხზე, ცხვირზე, ენაზე…
რომ დამეღუპა საქონელი, დავრეკე და მითხრეს, ანაზღაურება მხოლოდ მაშინ გერგება, თუ ჯილეხით მოკვდაო. მე რა ვიცი, რით მოკვდა-მეთქი. სულ ეს იყო. არავინ არ მოსულა, არაფერი არ შეუმოწმებიათ. ამოვთხარე მიწა და დავმარხე, რა მექნა?
ფაქტობრივად გამოიყვანა ამ დაავადებამ წყობიდან საქონელი. ჩემი აზრით, იმის პრობლემა არაა, რომ ვინმემ ის იკადროს და დაავადებული საქონლის რძის პროდუქტი დაამზადოს. ყველამ იცის, რომ ეს საშიშია. ვინ იკადრებს ამას?“ – გვითხრა ბეგლარ შანთაძემ.
„შეძლებისდაგვარად“ – ამ სიტყვას რამდენჯერმე ახსენებს ვეტერინარი ნუგზარ ქედელიძე, რომელიც ხულოს სოფელ ქედლებში ცხოვრობს, თუმცა ის ვეტერინარად უკვე აღარ მუშაობს:
„ეს არის დაავადება „თურქული“, რომელსაც დაემატა რაღაც ვირუსი, მაგრამ ეს სპეციალისტებმა უნდა განიხილონ, რა არის და როგორ ვებრძოლოთ.
იალაღებიდან დაახლოებით 70 % უკვე დაბრუნდა სოფელში და ეს დაავადებაც ჩამოჰყვა სოფლად: ზოგი წამლებს იყენებს, ზოგი – დეზინფექციას. შეძლებისდაგვარად მუშაობენ ვეტერინარები,“ – უთხრა ნუგზარ ქედელიძემ „ბათუმელებს“.
„ვირუსული დაავადებაა გავრცელებული, ეს არაა „თურქული“, შტამია რაღაც ახალი, მეც არ ვიცი კარგად, ადრეც იყო დაავადებები, მაგრამ წელს ცოტა ნამეტანი არის,“ – ამბობს ხულოს მკვიდრი და მოქმედი ვეტერინარი, თენგიზ ირემაძე. ის ირწმუნება, რომ დაავადება უკვე მილევის ეტაპზე გადადის.
თენგიზ ირემაძე განმარტავს, რომ „ვაქცინა გეგმიური ყველაფერი ჩატარებულია“, თუმცა ყველაფერზე აცრა არ ტარდება, ამიტომაც, მესაქონლეს ინდივიდუალურად, სიმპტომების მიხედვით ურჩევს, რომელი მედიკამენტია საჭირო.
„რძის პროდუქტები საშიში არ არის – ეს გამორიცხულია, რადგან ამ დროს საქონელი ფიზიკურად არც იწველება.
დახოცვა ამის გამო არ დაფიქსირებულა. როგორც ჯანმრთელი ადამიანი, ისე საქონელიც ეცემა ზოგჯერ. მითხრეს, ამას წინათ ამ დაავადების გამო დაიღუპა საქონელიო და აღმოჩნდა, რომ ვაშლის გამო დაიღუპა.
რაც შეეხება ხორცს – სასაკლაოზე ხორცის ხარისხს ამოწმებს ექიმი-ვეტერინარი, რძის საწარმოებში ასევე რძე მოწმდება ლაბორატორიულად,“ – გვითხრა თენგიზ ირემაძემ.
„ბათუმელები“ კომპანია „ცეზარის“ დამფუძნებელს, ცეზარ კახაძეს დაუკავშირდა. ეს კომპანია ხულოში რძის პროდუქტებს იბარებს.
„ჩვენთან კვლევები მუდმივად ტარდება ლაბორატორიულად. ამ პრობლემის შესახებ, რა თქმა უნდა, ვიცით, მაგრამ რეაგირება მოხდა მალევე და შესაბამისი მკურნალობა ჩატარდა. მალევე აღმოიფხვრა პრობლემა, არ გვიწევს რძის დაბრუნება,“ – გვითხრა ცეზარ კახაძემ.
რას აკეთებს ამ დროს ადგილობრივი მთავრობა?
ხულოს საკრებულოს წევრს ენმ-დან – მარად შავაძესაც ჰყავს საქონელი. იგი სოფელ ბეღლეთში ცხოვრობს.
„პირველ რიგში, გასარკვევია, ეს აცრები რამდენად კვალიფციურად ტარდება, ეს უნდა აკონტროლოს შესაბამისმა სამსახურმა.
მე, მაგალითად, საერთოდ არ ვიყენებდი რძეს იმ დროს, როცა საქონელი დაავადებული იყო – ვღვრიდით. ახლა ვიყენებთ უკვე რძეს, როცა პირუტყვი მომჯობინდა.
მე თვითონ ვნახე წამალი და სპეციალისტიც – სხვებმაც ინდივიდუალურად იმოქმედეს, რადგან სხვა გამოსავალი არაა. უნდა იმუშაონ შესაბამისმა სამსახურებმა, აკონტროლონ უსაფრთხოებაც, მაგრამ არაფერი მსგავსი არ მუშაობს.
პრობლემა ისიცაა, რომ პირუტყვისთვის საჭირო წამალიც გაძვირდა – მანამდე თუ ერთი თავი წამალი 20-30 ლარი ღირდა, ახლა ეს ფასი გაორმაგებულია, პერიოდულად არცაა წამალი და ჯავახეთიდან გადმოვიტანე,“ – დასძინა მარად შავაძემ.






