ბათუმში, ქალაქის მერიის წინ, „ქართული ოცნების“ დეპუტატი გია ჭყონია უნებართვო მშენებლობას აწარმოებს.
სახლი, რომელსაც დეპუტატმა უნებართვოდ დაადგა ორი სართული, მარჯანიშვილისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კუთხეში დგას და პირდაპირ გაჰყურებს ბათუმის მერიის შენობას.
დეპუტატის კუთვნილმა კომპანიამ, შპს „სახლი ძველ ბათუმში“ უკანონო დაშენების სამუშაოები 2023 წელს დაიწყო.
ამავე წლის ივნისში ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში ლუკა ასათიანის #19-ში მცხოვრები მოქალაქეების განცხადება შევიდა.
„ჩვენი საცხოვრებელი სახლის გვერდით, ბათუმში, მარჯანიშვილის ქუჩაზე, მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. კერძოდ, აშენებულ კორპუსზე ამატებენ სართულს. აღნიშნული სამშენებლო სამუშაოების შედეგად ზიანი გვადგება კორპუსის მცხოვრებლებს. უარესდება ჩვენი საცხოვრებელი პირობები,“ – წერია წერილში, რომელსაც ხელს 15 მოქალაქე აწერს.
ლუკა ასათიანის #19-ის მობინადრეები მუნიციპალურ ინსპექციას სთხოვდნენ შეემოწმებინა, იყო თუ არა გაცემული მშენებლობის ნებართვა მარჯანიშვილისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კუთხეში მდებარე შენობაზე.
მუნიციპალურმა ინსპექციამ საკითხი შეისწავლა და მოქალაქეებს წერილითვე აცნობა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის გამო დააჯარიმა შპს „სახლი ძველ ბათუმში“ და გამოსცა დადგენილება მშენებლობის შეჩერების თაობაზე.
„სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო შპს „სახლი ძველ ბათუმშის“ მიერ უნებართვოდ მიმდინარე მშენებლობის შეჩერების თაობაზე გამოცემულია დადგენილება, სამართალდარღვევის გამო კომპანიის დაჯარიმების და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე გამოცემულია დადგენილება,“ – წერია წერილში, რომელსაც ხელს მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი არჩილ კონცელიძე აწერს.
როგორც “ბათუმელებმა” გამოარკვია, კომპანიამ შპს „სახლი ძველ ბათუმში“, მუნიციპალური ინსპექციის ჯარიმის მიუხედავად, სამუშაოები არ შეაჩერა და ინსპექციის დადგენილება სასამართლოში გაასაჩივრა.
ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, სასამართლომ დადგენილება, უკანონოდ დაშენებული სართულების დემონტაჟის თაობაზე, შეაჩერა, დეპუტატმა კი უკანონო მშენებლობა გააგრძელა. შედეგად, დეპუტატის კომპანიამ ორი სართული – აქედან ერთი სრული სართული და მეორე დახურული მანსარდის ტიპის ააშენა ზუსტად ბათუმის მერიის წინ.
უკანონო მშენებლობა ჩანს ბათუმის მერის კაბინეტის ფანჯრებიდან.
მუნიციპალური ინსპექცია ბათუმის მერიის ააიპ-ია. შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო მოხელეები ხედავდნენ, როგორ შენდებოდა უკანონოდ 2 სართული ბათუმის ცენტრში.
ეკატერინე შერვაშიძე ერთ-ერთია ლუკა ასათიანის #19-ში მცხოვრები მოქალაქეებიდან, ვინც მუნიციპალურ ინსპექციას მიმართა. ყველაზე მეტად სწორედ ეკატერინე დაზარალდა. მან 2015 წელს ძველი ბათუმის ცენტრში ბინა იყიდა, 6 სართულიანი სახლის ბოლო სართულზე. კვადრატულ მეტრში ორჯერ მეტი გადაიხადა, რადგან საცხოვრებელი ფართი ბოლო სართულზე მდებარეობდა და ბინას სამი მხრიდან ქალაქზე გამავალი ხედი ჰქონდა.
„ხედის გამო ვიყიდე ეს ბინა, თორემ უფრო ბიუჯეტურ ფასად შემეძლო მეყიდა ქვედა სართულებზე.
ეს ხედი სრულად ამომექოლა. უკანა მხარეს აივანი გადიოდა ვარდების სკვერის მხარეს. ახლა იქ კედელია. წინა მხრიდან ჩანდა ბათუმის მერია. შეხედეთ, ახლა მეზობლის აივანი ჩანს,“ – გვეუბნება ეკატერინე და გვაჩვენებს აივანს, რომლის ხედიც დეპუტატის კომპანიის მიერ წარმოებულმა მშენებლობამ, დაუმახინჯა.

მარცხნივ – ხედი, რომელიც 2023 წელს მოქალაქის აივნიდან ჩანდა, მარჯვნივ – ხედი ახლა, მას შემდეგ რაც დეპუტატმა უკანონოდ ააშენა 2 სართული
მას შემდეგ რაც მოქალაქე მიხვდა, რომ დეპუტატი მშენებლობას არ შეაჩერებდა, საკუთარი პირადი სივრცის დაცვას შეეცადა.
ეკატერინე შერვაშიძე გვიყვება, რომ როცა კანონით ვერაფერს გახდა, ერთგვარ ზეპირ შეთანხმებას მიაღწია გია ჭყონიასთან – დეპუტატს უკანონოდ დაშენებულ სართულებზე ორი ვიტრაჟი უნდა ამოეშენებინა – ერთი ეზოს მხარეს, მეორე კი ქუჩის მხარეს. მაგრამ დეპუტატმა პირობა ნაწილობრივ შეასრულა, ეზოს მხარეს ამოაშენა, ქუჩის მხარეს – არა.
„ჩემი პირადი სივრცე ფაქტობრივად დარღვეულია. ქუჩის მხარეს აივანს ვეღარ ვიყენებ. ხედი ხომ წამართვა. პირობა ჰქონდა დადებული, რომ ვიტრაჟს ამოაშენებდა, მაგრამ ეგ პირობაც დაარღვია,“ – ამბობს ეკატერინე შერვაშიძე.

ხედი მოქალაქის აივნიდან, რომელიც დეპუტატის აივანზე გადის
ეკატერინე შერვაშიძის ბინა მეექვსე, ბოლო სართულზე მდებარეობს. მეშვიდე სართული ერთგვარი ღია ტერასაა, რომელიც ახლახან დეპუტატმა გია ჭყონიამ შეიძინა.
ტერასის შეძენის პარალელურად, „ოცნების“ დეპუტატმა განაახლა სამშენებლო სამუშაოები მომიჯნავედ მდებარე, უკანონოდ აშენებულ ფართში.
მოქალაქე შიშობს, რომ დეპუტატი ისევ თავის გავლენებს გამოიყენებს და შესაძლოა ორი სართულის უკანონოდ აშენება არ იკმაროს – ტერასასაც დააშენოს რამე.
„როგორც აქამდე ამომიშენა აივნის ხედი, ისე დამაშენებს ალბათ ტერასაზეც. პროექტით მარჯანიშვილზე მდებარე შენობაზე კოშკი ჰქონდა დაშენებული. მერე მოშალა. ახლა ამ კოშკის სიგანეს ზრდის როგორც გავიგე. არაფრის ნებართვა არ აქვს.
შაბათ-კვირას მუშაობენ. მუნიციპალური გამოვიძახე, მაგრამ მეუბნებიან, ორშაბათს დარეკე, შაბათ – კვირას არ ვმუშაობთო. პატრულიც გამოვიძახე, მაგრამ ამათ ვერაფერი აჩერებს“, – ამბობს ეკატერინე შერვაშიძე.
- როგორ მოახერხა „ოცნების“ დეპუტატმა უკანონო მშენებლობის წარმოება?
ლუკა ასათიანისა და მარჯანიშვილის ქუჩების კუთხეში მდებარე სახლი ძეგლის დაცვის ზონაში მდებარეობს. შესაბამისად, ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ფასადს ეხება აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შესაბამის თანხმობას საჭიროებს.
მსგავსი თანხმობა შპს „სახლი ძველ ბათუმშის“ არ მიუღია. უფრო მეტიც, მუნიციპალური ინსპექციის მიერ მობინადრეებისთვის გაგზავნილი წერილი, ადასტურებს, რომ მშენებლობა უნებართვოდ, უკანონოდ მიმდინარეობდა.
„ბათუმელები“ შეეცადა უშუალოდ გია ჭყონიასგან მიეღო პასუხი კითხვებზე – როგორ მოახერხა ბათუმის მერიის წინ, ქალაქის ცენტრში უკანონო მშენებლობის წარმოება.
გია ჭყონიამ „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ასევე ვცადეთ დეპუტატთან დაკავშირება მისი ერთ-ერთი კომპანიის დირექტორის საშუალებით, თუმცა ამაოდ. კომენტარის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.
ამავე თემაზე:
გია ჭყონიამ 335-მილიონიანი შემოსავალი მიიღო ტენდერებიდან – მან მთავრობას ჩარტერი დაუფინანსა






