ცნობილ რუს მომღერალს, ალა პუგაჩოვას, ჩეჩნეთის ყოფილი ლიდერის,  ჯოხარ დუდაევის დადებითად მოხსენიებისთვის „სამხედრო ვეტერანების შეურაცხყოფის“ საბაბით უჩივიან და 1.5 მილიარდი რუბლის გადახდას სთხოვენ.

სარჩელის მიზეზი გახდა ალა პუგაჩოვას სიტყვები ჯოხარ დუდაევის შესახებ – მომღერალმა ჯოხარ დუდაევს კატერინა გარდეევასთან ინტერვიუში „ღირსეული, პატიოსანი, ინტელექტუალური და ლამაზი ადამიანი“ უწოდა. პუგაჩოვამ თქვა, რომ პირადად იცნობდა დუდაევს და მის მეუღლეს.

პუგაჩოვას წინააღმდეგ სარჩელი ადვოკატმა ალექსანდრე ტრეშჩევმა შეიტანა, რომელიც, რუსული მედიის თანახმად, რუსული პროპაგანდისტული სატელევიზიო შოუების ხშირი მონაწილეა. მან განაცხადა, რომ პუგაჩოვას სიტყვები მას, როგორც ავღანეთის ომის მონაწილეს, შეურაცხყოფს და პუგაჩოვასგან 1.5 მილიარდ რუბლს [დაახლოებით 18 მლნ დოლარი] ითხოვს.

ალა პუგაჩოვას ნათქვამს ჯოხარ დუდაევზე გამოეხმაურა ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი და მომღერალს „ხალხის მტერი“ და „მოღალატე“ უწოდა.

ეკატერინა გარდეევასთან ალა პუგაჩოვას ინტერვიუ, რომელიც გარდეევას იუთუბარხზე გამოქვეყნდა, ბოლო დღეებია რუსეთსა და მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემაა. ინტერვიუ 5 დღეში 17 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. ესაა ალა პუგაჩოვას პირველი ვრცელი ინტერვიუ ემიგრაციაში წასვლის შემდეგ. მომღერალმა რუსეთი დატოვა მას შემდეგ, როცა მისი ქმარი, ცნობილი იუმორისტი მაქსიმ გალკინი რუსეთში აგენტად გამოაცხადეს.

გარდეევასთან ინტერვიუში პუგაჩოვამ თქვა, რომ მეუღლის აგენტად გამოცხადების შემდეგ მის შვილებს სკოლაში აგენტის შვილებს ეძახდნენ.

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version