8 სექტემბერს თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე, კახა კალაძის შტაბთან პოლიციამ „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს, ქეთევან ხუციშვილს აგინა და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა. ჟურნალისტი ქეთევან ხუციშვილი ამ დროს „ნეტგაზეთის“ ფეისბუქის გვერდზე, პირდაპირი ჩართვით აშუქებდა „ოცნების“ მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბთან მიმდინარე პროცესებს.

პოლიციელებს შორის იყო სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პოლიციის მაღალჩინოსანი, ხუტა პაჭკორია. მან შეაგინა და პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს. პაჭკორიას მხრიდან შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებაზე წერდნენ სხვა აქტივისტებიც.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ხუტა პაჭკორია თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ 2022 წლის აგვისტოში დანიშნეს. მანამდე ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა.

ბოლოს ქონებრივი დეკლარაცია ხუტა პაჭკორიას 2025 წლის მარტში შეუვსია. ამ დეკლარაციის მიხედვით ის თანასაკუთრებაში ფლობს ბინას თბილისში ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, რომელიც მემკვიდრეობით მიუღია. ფლობს კიდევ ერთ ბინას თბილისში, ონიაშვილის ქუჩაზე. როგორც თავად წერს ეს ბინა გაცვლის საფუძველზე დაირეგისტრირა და ფართობის გაზრდის გამო 27 500 აშშ დოლარის დამატება მოუწია.

მისივე დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს ხელფასის სახით პაჭკორიას 101 327 ლარი მიუღია, რაც თვეში 8443 ლარია. შინაგან საქმეთა სამინისტროში, მთავარი ექსპერტის თანამდებობაზე მუშაობს მისი მეუღლეც. მას ხელფასის სახით 25 516 ლარი მიუღია, თვეში 2126 ლარია.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2006 წელს ხუტა პაჭკორიას შპს „ენერჯი“ დაუფუძნებია, ის თავად ფიქსირდებოდა როგორც კომპანიის 100 პროცენტის მფლობელად, ასევე, კომპანიის დირექტორად. 2010 წელს მან როგორც კომპანიის ასივე პროცენტი ასევე დირექტორის თანამდებობა მამას, ზაურ პაჭკორიას გადასცა. ამის შემდეგ ამონაწერი არ განუახლებიათ.

პოლიციის მაღალჩინოსნის, ხუტა პაჭკორიას სახელი მედიის ყურადღების ცენტრში ბოლო წლებში არაერთხელ მოექცა, ბოლოს ის თეა წულუკიანის კომისიაზე მოიხსენიეს, როგორც ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი გიორგი ავალიშვილის საქმეში.

„როგორ, ხუტა პაჭკორიამ არ უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე? – ჰკითხა გიული ავალიშვილმა თეა წულუკიანს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის დასრულებისას, სადაც ის ძმის, გიორგი ავალიშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხეს.

გიული ავალიშვილმა კომისიას დეტალურად უამბო, როგორ მოუწყვეს მის ძმას, გიორგი ავალიშვილს პროვოკაცია ხუტა პაჭკორიას სცენარით და შემდეგ დააკავეს. მისივე თქმით, პატიმარი გიორგი ავალიშვილი ციხეში აწამეს, რის შემდეგაც ის მალევე გარდაიცვალა.

გიული ავალიშვილის ინფორმაციით, მის ძმას 2011 წელს 26 მაისის საპროტესტო აქციაზე მიკროავტობუსით პროტესტის მონაწილეების გადაყვანა არ აპატიეს, წლების შემდეგ გიორგი ავალიშვილი გაამართლეს, საქმის მასალებში კი პროკურატურა წერს, რომ ავალიშვილის წინააღმდეგ ხუტა პაჭკორიას სცენარით მოქმედებდნენ. ის მაშინ ფინანსური პოლიციის თანამშრომელი იყო.

„თქვენი ძმა რომ გამართლდა, ეს იმას ნიშნავს, რომ პაჭკორიადან დაწყებული, კიდევ არაერთ ადამიანს უდანაშაულო ადამიანის გაუბედურებაში წვლილი ჰქონდა… მათ წინააღმდეგ იყო რამე პროცედურა?“, – ჰკითხა ავალიშვილს თეა წულუკიანმა. ავალიშვილმა უპასუხა, რომ პასუხს პროკურატურისგან წლებია ელოდება.

ეს ჩვენება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. როგორც ჩანს, ამ გამოკითხვის დროს გიული ავალიშვილმა არ იცოდა, რომ ხუტა პაჭკორია „ოცნების“ ხელისუფლებაში დაწინაურდა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გახდა. დასასრულს კომისიის წევრებმა გიული ავალიანს ისიც კი სთხოვეს, საქმის მასალები დაეტოვებინა მათთვის.

კიდევ ერთი სკანდალი, სადაც ხუტა პაჭკორიას სახელმა გაიჟღერა მედიაში, სარფის საბაჟოზე ნარკოტიკების შემოტანის საქმეს უკავშირდება.

ამის თაობაზე სიუჟეტი ტელეკომპანია „პირველს“ ჰქონდა მომზადებული. „პირველის“ ინფორმაციით ხუტა პაჭკორია სუს-ის ანტიკორუფციულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა 2015 წლამდე.  ამ უწყებიდან მისი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ყოფილმა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის სხდომაზე დაადასტურა.

გომელაურს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა ჰკითხა: „ყველამ იცის, რა გახდა [პაჭკორიას] გათავისუფლების მიზეზი. მიზეზი გახდა, რომ დააკავეს პიროვნება სარფში და მან თქვა, რომ შემოჰქონდა ნარკოტიკები პირდაპირ ხუტა პაჭკორიასთვის“.

ვახტანგ გომელაურმა უპასუხა: „ეს ადამიანი გათავისუფლდა თანამდებობიდან, შემდეგ იქნა აეროპორტში უსაფრთხოების სამსახურში დანიშნული. რატომ მოხსნეს, მიზეზი?! რა აუცილებელია, ყველაფერი ვთქვათ, რატომ მოხსნეს?“

 

Exit mobile version