მელიქიშვილზე, კახა კალაძის შტაბთან მიმდინარე დაპირისპირებისას, პოლიციამ „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს, ქეთევან ხუციშვილს აგინა და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა. ჟურნალისტი ქეთევან ხუციშვილი ამ დროს „ნეტგაზეთის“ ფესიბუქლაივში აშუქებდა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბთან მიმდინარე პროცესებს.
„აქციის მონაწილეების ძირითად ნაწილს პოლიცია აწვებოდა პარლამენტის მიმართულებით და აღარ აძლევდა გადაღების უფლებას. იქ იყვნენ მედიის წარმომადგენლები და იღებდნენ როგორ გამოდიოდნენ შტაბიდან „ოცნების“ წარმომადგენლები, ისინი ისროდნენ ნივთებს და გადაიდოდნენ პირად შეურაცხყოფაზეც.
„პუბლიკას“ რეპორტიორს წაართვეს ტელეფონი, ამ დროს მივედი ოფისთან და ვიღებდი როგორ აგინებდნენ შტაბიდან გამოსულები მედიის წარმომადგენლებს და აქციის მონაწილეებს, ამ დროს რამდენიმე დამემუქრა – შენც დაკარგავ მაგ ტელეფონსო. გამოხატეს უხეში და უზრდელური ჟესტებით გინება. შემდეგ მომადგა ერთი პოციელი ნუ პროვოცირებო, ხელებში მომკიდა და მიმათრევდა. მოვიდნენ, მეორე და მესამეც, შემაგინა ერთ-ერთმა პოლიციელმა. ამის შემდეგ მოვიდა ცისფერმაისურიანი კაცი, რომელმაც ასევე შემაგინა. ბოლოს მიმათრიეს და შემაგდეს პოლიციელებში, ერთ-ერთმა ხელიც მკრა.“
„პუბლიკის“ ცნობით, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის შტაბთან დაპირისპირების გაშუქებისას, პირდაპირი ეთერის დროს „პუბლიკის“ ჟურნალისტს დაარტყეს, რის შედეგადაც ტელეფონი გააგდებინეს, შემდეგ კი მობილური წაართვეს. ამ პროცესსაც ლაივში აშუქებდა ქეთი ხუციშვილი.
თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბიდან გამოვიდნენ პირები, რომლებიც საპროტესტო აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათ შორის იყვნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის მონაწილეები. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის დაშავდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის ერთ-ერთი ხმა თაკო ხელაძე.
როგორც თაკო ხელაძე ამბობს, მარშის მონაწილეებს კახა კალაძის შტაბთან „ტიტუშკები“ დახვდნენ.
ამ დროისთვის კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან პოლიცია დგას, თუმცა მიუხედავად ამისა, „ქართული ოცნების“ შტაბიდან აქციის მონაწილეებს სხვადასხვა ნივთებს, მათ შორის, წყლით სავსე ბოთლებს ესროდნენ, რომელიც ადამიანებს მოხვდა და როგორც ნეტგაზეთის რეპორტიორი ადგილიდან ამბობს, მათ სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.






