მთავარი,სიახლეები

მზია ამაღლობელს 2 წელი მიუსაჯეს

06.08.2025 •
მზია ამაღლობელს 2 წელი მიუსაჯეს

მზია ამაღლობელს 2 წელი მიუსაჯეს.

ბრალდება გადაკვალიფირდა სისხლის სამართლის 353 მუხლის პირველი ნაწილზე – პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე. 

განაჩენი დღეს, 6 აგვისტოს გამოაცხადა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

მზია ამაღლობელმა სასამართლოს დასკვნითი სიტყვით 4 აგვისტოს მიმართა. მან თქვა, რომ მისთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელია პროკურატურის შეთავაზება საპროცესო შეთანხმებაზე.

მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს სისხლის სამართლის წესით. იგი 200 დღეზე მეტია წინასწარ პატიმრობაშია. მიუხედავად იმისა, რომ მისი წინასწარ პატიმრობაში დატოვების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა იგი უკანონო პატიმრობაში დატოვა.

მზია ამაღლობელს პატიმრობაში მხედველობა მკვეთრად დაუქვეითდა.

  • რა ხდება?

პროკურატურა „ბათუმელების“ დამფუძნებელს, ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს 12 იანვარს, ბათუმში, პოლიციის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნისთვის პოლიციელზე თავდასხმაში ადანაშაულებს – სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლით, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორიტეტული უფლებადამცველების შეფასებით, სილის გაწვნა, რასაც არანაირი ზიანი არ მოჰყოლია, არათუ თავდასხმა, საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული. სილის გაწვნა რომ თავდასხმა არ არის, ამას ადასტურებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც.

მზია ამაღლობელის საქმეში არაერთი ცრუმოწმეა და ყველა მათგანი პოლიციელია.

მზია ამაღლობელის პატიმრობის განმავლობაში „ოცნების“ ლიდერები არღვევენ მზია ამაღლობელის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციას და მას აბრალებენ, თითქოს მზია ამაღლობელი „დავალებით მოქმედებდა“, მაშინ როცა მსგავს ბრალდებას მზია ამაღლობელს პროკურატურაც კი არ უყენებს.

მზია ამაღლობელის საქმის გარშემო გაერთიანდნენ პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე წამყვანი გლობალური ორგანიზაციები.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის [CPJ], პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის [IPI] და რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს [RSF] წარმომადგენლები 13 ივლისს რუსთავში, ქალთა კოლონიასთან მივიდნენ და ასე გამოხატეს სოლიდარობა უკანონოდ დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ. ისინი ბათუმის სასამართლოში 14 ივლისს პროცესსაც დაესწრნენ.

მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნის“ შესახებ, ჩანაწერი გაკეთდა ასევე ევროპარლამენტის რეზოლუციაში.

ამავე რეზოლუციით, ევროპარლამენტი „გამოხატავს ღრმა შეშფოთებას პატიმრობაში მისი [მზია ამაღლობელის] მხედველობის კრიტიკული გაუარესების გამო და მოუწოდებს სანდო სამედიცინო მომსახურების დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობისკენ“.

მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო ასევე სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ. 

ამავე თემაზე: 

„ახლა სასამართლოს დროა. ეს განაჩენი მარტო ჩემი სასჯელი არ იქნება“ – მზია ამაღლობელი

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: