ბრიუსელში, ევროპარლამენტში, საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ მოსმენისას, სიტყვით გამოვიდნენ მწერალი ლაშა ბუღაძე, ჟურნალისტი ბექა ყორშია და პოლიტპატიმარ ირაკლი ქერაშვილის და ქეთუნა ქერაშვილი.

ბექა ყორშიამ ისაუბრა მზია ამაღლობელზე, საქართველოში მედიის მდგომარეობაზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც პროევროპული აქციების პარალელურად დააკავეს.

„მე ვარ ბექა ყორშია, ჟურნალისტი საქართველოდან. ვამბობ „ჟურნალისტს“ და ვგულისხმობ ადამიანს, რომელიც ჯერ კიდევ არ დაუკავებიათ…

შეიძლება ბევრი რამ იცოდეთ საქართველოს შესახებ, მაგრამ შეიძლება არ იცით ერთი მნიშვნელოვანი რამ: საქართველო ყოველთვის იდგა და დღესაც დგას ძლიერ ქალებზე. მათ გამბედაობასა და ურყევ პრინციპებზე. საქართველო ფეხზე დგას მშრომელი ქალების, ინტელექტუალი ქალების, ემიგრანტი ქალების წყალობით – ქალების, რომლებმაც არა მხოლოდ თავიანთი შვილები, არამედ გაზარდეს თავად საქართველო, როგორც ქვეყანა.

მაგრამ დღეს ერთი განსაკუთრებული ქალის სახელი უნდა ვთქვა. ხმამაღლა… მინდა ისე ხმამაღლა ვთქვა, როგორიც მისი სამშობლოსადმი ერთგულება და სიყვარულია. ეს ქალი ჩემი კოლეგა მზია ამაღლობელია, რომელიც ახლა პოლიტიკური პატიმარია და აბსურდული ბრალდებით ზის ციხეში.

მზია ამაღლობელი – თავისი უტეხი ხასიათითა და სიძლიერით არამხოლოდ ქართველი ქალის, არამედ – თავად საქართველოს სახეა.

„თავისუფლება მზია ამაღლობელს!“ – თავისი გამოსვლის პირველი ნაწილი ჟურნალისტმა მზია ამაღლობელს მიუძღვნა.

ბექა ყორშიამ ისაუბრა პოლიტპატიმრებზე და მათ “სამშობლოს სიყვარულისთვის დაპატიმრებული ხალხი” უწოდა.

„ბოლო დრომდე ვმუშაობდი ტელეკომპანია „მთავარში“ და ვაკეთებდი პოლიტიკურ სატირას – არა იმიტომ, რომ კომიკოსი ვარ, არამედ იმიტომ, რომ ზოგჯერ სიმართლის გაშუქების ერთადერთი გზა ხალხის გაცინებაა… სანამ აეტირებათ.

ამჟამად ჩემს ქვეყანას 65 პოლიტიკური პატიმარი ჰყავს. ეს რიცხვი 3-ჯერ შეიცვალა, სანამ ამ ტექსტს ვწერდი. ესენი არიან სტუდენტები, ჟურნალისტები, მსახიობები, მოაზროვნეები — ახალგაზრდები ნათელი წარსულით და კიდევ უფრო ნათელი ოცნებებით.

ეს არის ხალხი, ვინც ამბობს, რომ საქართველო ეკუთვნის ხალხს – და არა პარტიას და მით უმეტეს – არა მოსკოვს.

შეიძლება მათი სახელები არ გეცნობოდეთ,

მაგრამ მათ მიერ თავისუფლებისთვის გაღებული მსხვერპლი უდიდესია…

არალეგიტიმურმა მთავრობამ ჩვენ შორის ყველაზე ჭკვიანი და ზოგადად, ყველაზე უკეთესი ხალხი გამოარჩია და დააპატიმრა. რატომ? იმიტომ, რომ მათ უბრალოდ სამშობლოს სიყვარული გაბედეს… და გაბედეს იმის დაჯერება, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია და არა რუსეთში.

საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი ამბობს, რომ ევროპული ინტეგრაცია ქართველი ხალხის ნებაა. მაგრამ ისინი, ვინც დღეს ამ მუხლს იცავენ, სამწუხაროდ, პარლამენტში კი არ სხედან, არამედ – ციხეში,”- თქვა ბექა ყორშიამ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ჟურნალისტის თქმით, თუ დღეს ქვეყნის სიყვარული, თავისუფლების სიყვარული და ევროპული ღირებულებების რწმენა დანაშაულია, მაშინ პოლიტპატიმრები ნამდვილად დამნაშავეები არიან და დამნაშავეა ასევე ყველა, ვინც მათ მხარს უჭერს.

„ჩვენი ე.წ მთავრობაც ამ ხრიკს მიმართავს – ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ავტორიტარი არ არის. სამწუხაროდ, დასავლეთში ზოგიერთებმა ეს დაიჯერეს… მაგრამ არ ტყუვდება ქართველ ხალხი, რომელიც 200 დღეა ქუჩაში დგას და ყველა ქალაქში უსამართლობას აპროტესტებს.

სამწუხაროდ, საქართველო ციხედ გადაიქცა. ძალიან ლამაზ ციხედ – მთებით, ღვინით, პოლიფონიური სიმღერით, დიდებული ლიტერატურით – მაგრამ მაინც ციხედ. მხოლოდ რამდენიმე პრივილეგირებული ოჯახი გრძნობს თავს კარგად. დანარჩენები – ჟურნალისტები, მშრომელები, მსახიობები, ოპოზიციის წარმომადგენლები – ყოველდღიურ შიშში ცხოვრობენ.

ახლა მე არ ვსაუბრობ, როგორც მსხვერპლი. ვსაუბრობ, რადგან ჯერ კიდევ მჯერა, რომ ლაპარაკს ჯერაც აქვს მნიშვნელობა. და რაც მთავარია, მჯერა, რომ ევროპა — ნამდვილი ევროპა – უსმენს, როდესაც სიმართლე ლაპარაკობს… თუნდაც აქცენტით.

ამიტომ მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს: ნუ აქცევთ „სტრატეგიულ მოთმინებას“ მორალურ დუმილად. ახლა არა განცხადებების, არამედ ქმედების დროა,”- თქვა ბექა ყორშიამ.

ჟურნალისტმა თავისი გამოსვლა ქართველი ხალხისადმი მიმართვით დაამთავრა.

„გჯეროდეს, საქართველო, გჯეროდეს საკუთარი ძლიერების, თავისუფლების და შენი ადგილის დიდ ევროპულ ოჯახში… გჯეროდეს, რადგან მთელი მსოფლიო გიყურებს. გჯეროდეს, რომ ყოველი მსხვერპლი, რომელიც თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე გაგიღია, ფუჭად არ ჩაივლის“.

Exit mobile version