უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 30 აპრილს, გამთენიისას, უკრაინას რუსეთმა ასზე მეტი დრონით შეუტია. მისი თქმით, შეტევის სამიზნე გახდა ხარკოვი, დნეპრი და უკრაინის სხვა ქალაქები.

„რუსული დრონები მთელი დილის განმავლობაში აგრძელებენ უკრაინის ცაში ფრენას. და ასე გრძელდება ყოველდღე. ჩვენ გვჭირდება დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები ჩვენი ხალხის დასაცავად, რაც რუსულ საჰაერო ტერორს შეუძლებელს გახდის. ზეწოლამ, და არა მხოლოდ სიტყვებმა ან დარწმუნების მცდელობებმა, უნდა აიძულოს რუსეთი შეწყვიტოს ცეცხლი და დაასრულოს ომი“, – წერს ზელენსკი ტელეგრამზე.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, 29 აპრილს, ხარკოვში რუსული დრონების თავდასხმის შედეგად 45 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 5 წლის გოგონა და 16 წლის ბიჭი. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.

დნეპროში დრონის თავდასხმის შედეგად 53 წლის მამაკაცი დაიღუპა.

ამავე დროს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრე სირსკის განცხადებით, ბოლო დღეებში რუსეთმა„ მნიშვნელოვნად გაზარდა სამხედრო მოქმედებების ინტენსივობა „ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნის შესახებ ხმამაღალი განცხადებების მიუხედავად“.

სირსკის თქმით, რუსეთის მთავარი სამიზნე პაკროვსკის მიმართულებაა, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის თავდაცვის გარღვევას ცდილობენ და ახალ დანაყოფებს აგზავნიან. მისი თქმით, რუსული ჯარები დანაკარგებს განიცდიან და უკან იხევენ გარღვევის მცდელობების შემდეგ.

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version