მთავარი,სიახლეები

თემურ ქათამაძეს ქვეყნიდან გააძევებენ – მას ლტოლვილის სტატუსზე სააპელაციომ უარი უთხრა

29.04.2025 •
თემურ ქათამაძეს ქვეყნიდან გააძევებენ – მას ლტოლვილის სტატუსზე სააპელაციომ უარი უთხრა

ბათუმელ მედროშეს, თემურ ქათამაძეს [გაფფარ ილმაზი] სასამართლომ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე საბოლოოდ უარი უთხრა.

ბათუმელ მედროშეს ქვეყნიდან გააძევებენ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დღეს, 29 აპრილს, მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

„თემურ ქათამაძეს სასამართლომ საბოლოოდ უარი უთხრა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. ეს იქნებოდა სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ ის ქვეყანაში დარჩენილიყო… დაიწყება გაძევების პროცედურა“, – უთხრა „ბათუმელებს“ მარიამ გაბროშვილმა, ის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტია და სასამართლოში თემურ ქათამაძის ინტერესებს იცავს.

მას შემდეგ, რაც თურქეთის მოქალაქეს და ქართველი მუჰაჯირების შთამომავალს – თემურ ქათამაძეს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე, ასევე ბინადრობაზე უარი უთხრეს, ბათუმის საპროტესტო აქციების ცნობილმა მედროშემ საქართველოში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება მოითხოვა. ბათუმელი მედროშის თქმით, ის თურქეთში გარკვეულ იურიდიულ და სათარჯიმნო მომსახურებას უწევდა ფეტულა გიულენის ჯგუფის წევრებს და მას თურქეთში დაბრუნების შემთხვევაში უკანონო პატიმრობა ემუქრება.

„სასამართლომ უარი გვითხრა მოწმეების დაკითხვაზეც, რომლებიც დაადასტურებდნენ მნიშვნელოვან გარემოებებს ამ კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს არ წარმოუდგენია საწინააღმდეგო მტკიცებულებები, სასამართლომ მაინც არ დააკმაყოფილა ჩვენი საჩივარი და შსს-ს გადაწყვეტილება დარჩა ძალაში,“ – გვითხრა იურისტმა მარიამ გაბროშვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ბათუმელი მედროშის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილმა მიიღო.

  • რა ხდება?

თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია, თურქეთის მოქალაქე და საქართველოს მოქალაქეობას წლებია უშედეგოდ ითხოვს. თემურ ქათამაძე მას შემდეგ დააკავეს, რაც ბათუმის პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე გახდა და აქციებზე საქართველოს დროშით ხელში ჩნდებოდა.

თემურ ქათამაძე ამჟამად შსს-ს მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორშია, მას ქვეყნიდან გაძევება ემუქრება.

იმის გამო, რომ საქართველოდან პროევროპული პროტესტის გამო აძევებენ და ლტოლვილის სტატუსიც კი არ მიანიჭეს, თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი] პროტესტის ნიშნად 48 დღე შიმშილობდა. ხელახლა შიმშილობა „ბათუმელმა მედროშემ“ 2025 წლის პირველ აპრილს დაიწყო და 5 აპრილს შეწყვიტა. ბათუმელი მედროშის თქმით, ხელახლა შიმშილობით მან სოლიდარობა ჭიათურელ მეშახტეებს გამოუცხადა.

თემურ ქათამაძე 2025 წლის 11 იანვრის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი შსს-მ მისი საქართველოდან გაძევება მოითხოვა.

თემურ ქათამაძეს არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა და ბინადრობა. მის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

დაკავების დროს, როგორც თემურ ქათამაძე ამბობს, მასზე ფიზიკურად იძალადა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ.

________________________________

მთავარ ფოტოზე: თემურ ქათამაძე სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ – 29 აპრილი, 2025 წელი. მარიამ გაბროშვილის ფოტო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: