მთავარი,სიახლეები

ირაკლი კობახიძე არღვევს მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფციას – ადვოკატი

17.04.2025 •
ირაკლი კობახიძე არღვევს მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფციას – ადვოკატი

ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის ადვოკატი, მაია მწარიაშვილი, ეხმიანება „ოცნების“ პრემიერის, ირაკლი კობახიძის შეფასებებს მზია ამაღლობელის შესახებ. 16 აპრილს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში კობახიძემ მზია ამაღლობელზე თქვა, რომ თითქოს მან ვიღაცის დავალებით მიაყენა პოლიციელს შეურაცხყოფა.

„ირაკლი კობახიძემ საჯაროდ და დაუფარავად აჩვენა, რომ იგი პოზიციონირებს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ და ნებისმიერ ფასად სურს იხილოს ის პატიმრობაში.

გუშინდელი განცხადება იყო მორიგი აშკარა და უხეში დარღვევა მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლების, რაც მისი კონსტიტუციური უფლებაა. ამ უფლების პატივისცემა ევალება მოსამართლეს და პროკურორსაც კი, არათუ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებს.

მოცემულ შემთხვევაში ირაკლი კობახიძის კომენტარი არა მხოლოდ მისი უფლების დარღვევას ემსახურებოდა, არამედ ამავდროულად ემსახურებოდა მზია ამაღლობელის მიმართ ნეგატიური საზოგადოებრივი განწყობების შექმნას“ – განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

ადვოკატმა დეტალურად განიხილა კობახიძის ყველა შეფასება მზია ამაღლობელის წინააღმდეგ.

„მინდა კონკრეტულად ვუპასუხო მის ყოველ ფრაზას. მან თქვა, რომ მზია ამაღლობელმა „შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს“; „ის მოქმედებდა დავალებით, მისი დაკვეთა იყო შეურაცხყოფის მიყენება პოლიციელისადმი“ და „მისი დაკვეთა იყო პოლიციელის ღირსების შელახვა“.

ამ ფრაზებიდან მინდა დავუდასტურო ბატონ კობახიძეს, რომ მზიას ქმედება შეიძლება შეფასდეს მხოლოდ როგორც შეურაცხყოფა.

მაგრამ მინდა ვუთხრა, რომ მისდა გასაკვირად, შეურაცხყოფა არ არის სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება.

მან ბრძანა, რომ მზიამ შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს. შესაბამისად, ასეთ პირობებში მზია ამაღლობელის ბრალდება და პატიმრობა და არის უკანონო.

მან [კობახიძემ] ბრძანა, რომ მზიას ამოცანა იყო პოლიციელის ღირსების შელახვა. მინდა ასევე შევახსენო ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომ პატივი და ღირსება არ არის სისხლის სამართლის კოდექსით დაცული ობიექტი, არამედ პატივის და ღირსების დაცვა ცივილიზებულ მსოფლიოში ხდება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

სწორედ ამიტომ, არაერთხელ მოვითხოვეთ სასამართლოსა და გამოძიებისაგან ამ საქმის შეწყვეტა და მზიას გათავისუფლება უკანონო პატიმრობისაგან.

დიახ, პოლიციელის შეურაცხყოფა არ ისჯება სისხლის სამართლის წესით და კერძოდ კი მზიასთვის ინკრიმინირებული მუხლით, არამედ შესაძლებელია წარმოადგენდეს მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, ისიც გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილებისა და მტკიცების ტვირთის სათანადოდ გაწევის პირობებში.

ახლა ის, რაც დააბრალა მზია ამაღლობელს ბატონმა კობახიძემ. მან დააბრალა მზიას, რომ ის მოქმედებდა დავალებით და შეკვეთით.

ეს არის სრული სიცრუე და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვამბობთ ამას, არამედ იმიტომაც, რომ მზიას ბრალდების ფორმულირებაში არსად წერია, რომ ის მოქმედებდა ვინმეს დავალებით ან დაკვეთით. მისი ბრალდება ამას უბრალოდ არ ითვალისწინებს.

მზია ამაღლობელი, ბრალდების დადგენილების თანახმად, მოქმედებდა პირადი მოტივებით ბატონი დგებუაძისადმი. რა სხვაობაა პირადი მოტივებით მოქმედებასა და სხვისი დავალებით მოქმედებას შორის, იცის ელემენტარული სამართლებრივი ცოდნის მქონე ნებისმიერმა ადამიანმა, ამიტომ არ შევუდგები აქ ამის ახსნას.

გარდა იმისა, რომ მზიას ბრალდება არ არის სხვისი დავალებით მოქმედება, საქმეში არ არსებობს ამ გარემოების დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება.

შესაბამისად, ბატონი კობახიძის ეს განცხადება სიცრუეა. თუკი ბატონ კობახიძეს აქვს პრეტენზია, რომ მან სიმართლე გაახმოვანა ეთერში და მან ამ საქმეზე იცის იმაზე მეტი, ვიდრე ეს იციან ამ საქმის გამომძიებელმა და პროკურორებმა, მოვუწოდებ მიმართოს გამოძიების ორგანოს და მისცეს განმარტება, რა დავალებასა და შეკვეთაზე საუბრობდა ტელეეთერში, ვინ დაავალა და რას შეეხებოდა ეს დავალება.

სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების ცდილობენ სიცრუის გავრცელების გზით მზია მოახდინონ ამაღლობელის დისკრედიტაცია.

მაგალითად, საჯარო სივრცეში არსებობს როგორც ბატონი კობახიძის, ისე სხვა მაღალი თანამდებობის პირების არაერთი განმარტება, რომ მზიამ, ე.წ სტიკერი მიაკრა პოლიციელს ზურგზე, რაც სიცრუეა. და ეს სიცრუეა არა მხოლოდ იმიტომ, რომ არ მომხდარა, არამედ იმიტომაც, რომ მის მიმართ ამგვარი პრეტენზია არ ჰქონია არც პოლიციას და არც პროკურატურას. მიუხედავად ამისა, ამას ხელი არ შეუშლია ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისათვის არაერთ კომენტარში ემტკიცებინათ, რომ მზიამ სტიკერი მიაკრა პოლიციელს ზურგზე.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ მან სტიკერი მიაკრა პოლიციის ღობეზე. კონკრეტულმა სპიკერებმა ღობე შეცვალეს პოლიციელის ზურგით და ისე მიაწოდეს ინფორმაცია საზოგადოებას. არც ერთ მათგანს ბოდიშიც კი არ მოუხდია ამ სიცრუის ტირაჟირებისათვის.

საზოგადოებას მოეხსენება, რომ ამჟამად ბათუმის სასამართლოში მიმდინარეობს მზია ამაღლობელის საქმის განხილვა. მზიას არ აკმარეს უკანონო დაკავება, ძალადობა, შეურაცხყოფა, ყალბი დოკუმენტების შედგენა, ისეთი სამართალდარღვევების ჩადენის დაბრალება, რაც მას არ ჩაუდენია, მას არ აკმარეს უკანონო პატიმრობა და უკანონო ბრალდება, ბრალდების მანიპულირება, ყოველ პროცესზე ცრუ მოწმე-პოლიციელების წარმოდგენა.

ამას დამატებული ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების არაერთი და იმგვარი კომენტარი, რომლებიც ასეთი ხელაღებით არღვევს მის უფლებებს ადასტურებს სწორედ იმას, რომ სამწუხაროდ, მზია ამაღლობელის საქმე ორკესტრირებულია ხელისუფლების ყველა შტოს მონაწილეობით.

საჩივარი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სასამართლოში გაიგზავნება მოკლე დროში“ – განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

    • რა ხდება?

მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. იგი უკანონო პატიმრობაშია და პროტესტის ნიშნად იგი 38 დღე შიმშილობდა.

მზია ამაღლობელი რომ ჟურნალისტური საქმიანობის გამო ისჯება, ამას რამდენიმე გარემოება ნათლად აჩვენებს, მაგალითად, გაყალბებული ოქმი, რომლის საფუძველზეც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდეს.

მზია ამაღლობელის საქმეს სანქცირებული მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს. ის ესტონეთმა 2025 წლის 3 მარტს დაასანქცირა სწორედ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ – ჟურნალისტის მიმართ ადამიანის უფლების დარღვევის გამო. მას შემდეგ, რაც ნინო სახელაშვილმა გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა. სახელაშვილი, რომელიც გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული, მოსამართლედ უვადოდ განაწესეს. ნინო სახელაშვილს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს.

მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

მტკიცებულებების დიდი ნაწილი ამ საქმიდან მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა ამორიცხა. „მზია ამაღლობელი არა მხოლოდ რჩება უკანონო პატიმრობაში, არამედ მას ქართულმა მართლმსაჯულებამ დემონსტრაციულად ჩამოართვა უფლება დაიცვას თავი და ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა“, – ნათქვამია მზია ამაღლობელის უფლებადამცველების განცხადებაში.

მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, იურიდიული ფირმა BLB და მისი უფროსი პარტნიორი, მაია მწარიაშვილი; ადვოკატები – რაჟდენ ხიმშიაშვილი და კახა წერეთელი.

2025 წლის 18 მარტს მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ საქმეზე მოსამართლე სალიხ შაინიძემ 2 ათასი ლარით დააჯარიმა. ამ საქმეზე მოსამართლემ უარი თქვა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, გრიგოლ ბესელიას [გრიგოლ ბესელიამ აჭარის პოლიციის უფროსის პოსტი 2025 წლის 4 აპრილს დატოვა] და ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის დაკითხვაზე იმ არგუმენტით, რომ სადავო არაა ის, რაც დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ ვიდეოჩანაწერებში ჩანს.

საუბარია ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ მზია ამაღლობელს უშუალოდ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, გრიგოლ ბესელია აკავებს, დაკავების ოქმის მიხედვით კი, მზია ამაღლობელი სხვა პოლიციელმა – გოჩა ვანაძემ დააკავა. მოსამართლემ უდავოდ მიიჩნია ასევე ვიდეო, სადაც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა ისმის, მზია ამაღლობელი ასკ-ის 150-ე მუხლის გამო დავაკავეთო. გაყალბებულ ოქმში წერია, რომ მზია ამაღლობელი ასკ-ის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს და თითქოს მზია ამაღლობელი პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

ამ სიყალბის მიუხედავად მოსამართლე სალიხ შაინიძემ მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად ცნო. ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდება.

მზია ამაღლობელის ადვოკატები ასევე აპირებენ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ ევროსასამართლოს მიმართონ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: