2025 წლის 9 აპრილს ბათუმში თავისუფლების მარში გაიმართება.

ანონსის თანახმად, მოქალაქეები 19:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეიკრიბებიან, იქიდან კი დაიწყება მსვლელობა.

„ვიკრიბებით საკონსტიტუციო სასამართლოსთან! იქ, სადაც კანონმა ხმა დაკარგა, ჩვენ ავიმაღლებთ ხმას – რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!

დავიძვრებით მარშით 9 აპრილის მემორიალისკენ და გმირებს მივაგებთ პატივს, არა მხოლოდ ყვავილებით, არამედ ცოცხალი მეხსიერებით და ბრძოლის მზადყოფნით!

გზა, რომელიც მათ გაიარეს – ჯერ არ დასრულებულა. ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე“- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ბათუმის მოძრაობა“ ავრცელებს.

პროტესტში მონაწილე მოქალაქეების თქმით, 9 აპრილი ეს არის თავისუფლების ისტორია, რომელიც სისხლით დაიწერა:

„დღეს, როცა დემოკრატიის სახელით დაწერილი კანონები ეწინააღმდეგება თავისუფლებას, ჩვენი ვალია არ გავჩუმდეთ! არ დავიხიოთ უკან!“ – ვკითხულობთ ანონსში.

1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა რეჟიმმა თბილისში საპროტესტო აქცია სასტიკად დაარბია, რის შედეგადაც დაიღუპა 21 და დაშავდა 400-ზე მეტი ადამიანი. მათ შორის იყვნენ 16 და 22 წლის ახალგაზრდები.

Published by ლელა დუმბაძე

ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com

Exit mobile version