ერთ-ერთ საქმეზე, რომელზეც ახლა გიყვებით, სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციელების ჯგუფურად ცემა, მათ შორის, ქალი პოლიციელის ცემა რამაც დაზარალებულის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია, „პოლიციელზე თავდასხმა“ არ არის, სილის გაწვნა [„მზია ამაღლობელის საქმე“] არის?!
ამ საქმეში [№1045აპ-22] ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, 4 ბრალდებულს პროკურატურა 2 პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა: „პოლიციელზე თავდასხმა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რამაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია“.
უზენაესი სასამართლო განჩინებებს საქმეში მონაწილე პირების იდენტიფიცირების გარეშე, ინიციალებით აქვეყნებს, თუმცა უზენაესი სასამართლოს მიერ 2023 წელს მიღებულ ამ განჩინების ერთ მონაკვეთში ჩანს, რომ დაზარალებულად მიჩნეული ერთ-ერთი პოლიციელი ქალია.
„ლ. ნ-მ ფიზიკურად იძალადა შს სამინისტროს… პოლიციის დეპარტამენტის … სამმართველოს … განყოფილების უფროს გამომძიებელ თ. ბ-ზე, კერძოდ, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, გაარტყა ხელი სახეში, ხოლო ფეხი ჩაარტყა ბარძაყში, ასევე – დაზიანებები მიაყენა მარჯვენა მუხლის არესა და მარცხენა ხელზე. ამავდროულად, ყურადღებას ამახვილებდა იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებული იყო პოლიციელი, რის გამოც აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და მის მიმართ იყო აგრესიული. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად თამარ ბიბილაშვილმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი,“ – აღნიშნული იყო ბრალდების შესახებ დადგენილებაში.
პროკურატურის ბრალდება 2019 წელს მომხდარ ამ შემთხვევაზე ასე გრძელდება:
„ბრალდებულებმა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ფიზიკურად იძალადეს შს სამინისტროს…. პოლიციის დეპარტამენტის …. სამმართველოს მე-.. განყოფილების უმცროს დეტექტივ დ. ტ-ზე, კერძოდ, დაზარალებულს ურტყამდნენ ხელებსა და ფეხებს სხეულისა და სახის არეში, ამასთან, ყურადღებას ამახვილებდნენ იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებული იყო პოლიციელი, რის გამოც აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და მის მიმართ იყვნენ აგრესიულები. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დ. ტ-მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.
სამივე ინსტანციის სასამართლომ საქართველოში მიიჩნია, რომ ეს ქმედება პოლიციელებზე თავდასხმა არ იყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წელს მიღებული განაჩენით, ოთხივე ბრალდებულს „პოლიციელზე თავდასხმის“ [სსკ-ის 353-ე პრიმა] მუხლი გადაუკვალიფიცირეს ჯგუფურად ძალადობის მუხლზე [სსკ-ის 126-ე მუხლი], რაც მსუბუქი კატეგორიის დანაშაულია. ორ ბრალდებულს 7-7 ათასი ლარის, დანარჩენ ორ ბრალდებულს კი, 10-10 ათასი ლარის გადახდა დააკისრეს.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:
„2019 წლის 16 აპრილს, დაახლოებით 22:00 საათიდან 22:30 საათამდე დროის შუალედში, …. მდებარე „…” ტერიტორიაზე, ლ. ნ-მ, დ. გ-მ, ნ. ჯ-მ და გ. ჯ-მ, გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, ჯგუფურად ფიზიკურად იძალადეს დ. ტ-ზე, კერძოდ, ურტყამდნენ ხელებსა და ფეხებს სხეულისა და სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ასევე – ლ. ნ-მ ფიზიკურად იძალადა თ. ბ-ზე, კერძოდ, ხელისა და ფეხის დარტყმით დაზიანებები მიაყენა სახის, ბარძაყის, მარჯვენა მუხლისა და მარცხენა ხელის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.
ამ საქმეზე უზენაესმა სასამართლომ განჩინება 2023 წელს მიიღო.
- რა ხდება?
ბათუმის პოლიციის უფროსზე სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლით, რომელიც არის მძიმე კატეგორიის დანაშაული და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე.
უზენაესი სასამართლოს ეს და სხვა გადაწყვეტილებები ნათლად აჩვენებს, რომ პოლიციელისთვის სილის გაწვნა პოლიციელზე თავდასხმა არ არის.
ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.
მზია ამაღლობელის პატიმრობის საფუძველი გაყალბებული ოქმი გახდა – ადმინისტრაციული დაკავების ოქმის მიხედვით, მზია ამაღლობელი პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს [ასკ-ის 173-ე მუხლი]. სინამდვილეში კი, დაკავების დროს გადაღებულ და გავრცელებულ ვიდეო კადრში არა მხოლოდ ჩანს, თუ როგორ აკავებს მას „სტიკერის“ გაკვრის გამო აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ ბესელია, არამედ ისმის კიდევაც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრისთვის აკავებენ 150-ე მუხლით.
გარდა იმისა, რომ სტიკერის გაკვრა ადმინისტრაციულ შენობაზე არ წარმოადგენს სამართალდარღვევას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ასევე, არ არსებობს ამავე კოდექსის 150-ე მუხლით პირის დაკავების უფლება. ამდენად, გრიგოლ ბესელიამ მზია ამაღლობელი დააკავა უკანონოდ და იმ სამართალდარღვევის გამო, რომელიც მას არ ჩაუდენია.
მითითებული გაყალბებული ოქმის საფუძველზე პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ მოითხოვა მზია ამაღლობელის პატიმრობა სისხლის სამართლის საქმეზე. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა სწორედ ამ გაყალბებული ოქმის საფუძველზე მზია ამაღლობელს უკანონოდ შეუფარდა პატიმრობა.
13 თებერვალს მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმება მოითხოვეს. თუმცა, 14 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო შუამდგომლობა მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე. 19 თებერვალს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძემ მზია ამაღლობელის საჩივარი კვლავ დაუშვებლად მიიჩნია.
მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია. პროტესტის ნიშნად იგი 38 დღე შიმშილობდა. მან შიმშილობა 18 თებერვალს შეწყვიტა. მზია ამაღლობელი დღეს, 26 თებერვალს კლინიკა „ვივამედიდან“ საპატიმრო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ამ თემაზე:
ცემად ვერ შეფასდება 1 დარტყმა, თუნდაც მან ტკივილი გამოიწვიოს – უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა