მთავარი,სიახლეები

სასამართლოს თქმით, მინის ბოთლის თავში ჩარტყმა პოლიციელზე თავდასხმა არაა – სილის გაწვნა არის?

24.02.2025 •
სასამართლოს თქმით, მინის ბოთლის თავში ჩარტყმა პოლიციელზე თავდასხმა არაა – სილის გაწვნა არის?

ერთ-ერთ საქმეზე, რომელზეც ახლა გიყვებით, სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციელისთვის მინის ბოთლის თავში ჩარტყმა, რამაც მტკივნეული ჰემატომა გამოიწვია, „პოლიციელზე თავდასხმა“ არ არის – სილის გაწვნა [„მზია ამაღლობელის საქმე“] არის?!

სასამართლომ ამ კონკრეტულ საქმეზე, რომელიც ბათუმში 2021 წელს გამართულ საპროტესტო აქციას უკავშირდება, დაადგინა შემდეგი:

„2021 წლის 4 აპრილს, ღამის საათებში, გამართული საპროტესტო აქციის დროს, გ. ნ-მ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, პოლიციელის საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლის მიზნით, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეექვსე განყოფილების უბნის ინსპექტორ – გამომძიებელ ჭ. ა-ს მინის ბოთლი ჩაარტყა თავში,“ – ვკითხულობთ საქმეში [№481აპ-22], რომელზეც უზენაესმა სასამართლომ განჩინება 2022 წელს მიიღო.

სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებული მანამდე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს და ბოთლის თავში ჩარტყმის მომენტში პოლიციელები იცავდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და მოუწოდებდნენ მონაწილეებს წესრიგის დაცვისაკენ.

ამ საქმეში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ დაზარალებულ პოლიციელს „აღენიშნებოდა კეფის არეში პალპატორულად მტკივნეული ჰემატომა, განვითარებული რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად,“ – აღნიშნულია განჩინებაში.

ამავე განჩინებაში უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ მსჯავრდებულ გ.ნ-ს პოლიციელისათვის დაზიანება არ მიუყენებია მისი ჯანმრთელობის ხელყოფის მიზნით.

ბრალდების შესახებ დადგენილებით გ.ნ.-ს ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 -ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავდასხმას პოლიციელზე მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლომ გაამართლა ბრალდებული გ.ნ. 3531-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და დაადგინა, რომ მითითებული ქმედება არ წარმოადგენს პოლიციელზე თავდასხმას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით, გ.ნ.-ს მიმართ სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით [პოლიციელზე თავდასხმა, მისი ჯანმრთელობის ხელყოფა] წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 353-ე [პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა ] მუხლის 1-ელ ნაწილზე. გ.ნ.-ს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს, რაც არის ნაკლებად მძიმე დანაშაული.

2021 წლის 4 აპრილის აქციაზე ბათუმში კომენდანტის საათს აპროტესტებდნენ, ამ დროს დააკავეს სისხლის სამართლის წესით გ.ნ. მის დაკავებამდე აქციაზე 3 მოქალაქე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მათ შორის იყო იყო გენრი დოლიძე. მისი თქმით, დაკავების დროს მასზე პოლიციელებმა იძალადეს და მას სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა. ასევე, პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს ჟურნალისტ თამარ თედიაშვილს.

ამ შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო, თუმცა არავინ დასჯილა ისე, როგორც 2023 წლის ზაფხულში, როცა რუსული გემის ბათუმში შემოსვლის საწინააღმდეგო აქციაზე ისევ გენრი დოლიძის თქმით, ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ მას დაკავების დროს სახეში ჩაარტყა ფეხი.

ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე „მზია ამაღლობელის საქმეში“ სილის გაწვნის გამო დაზარალებულად ცნობილი პირია. ამ დრომდე არ მიუნიჭებია პროკურატურას დაზარალებულის სტატუსი მზია ამაღლობელისთვის, რომლის განმარტებითაც დაკავების შემდეგ მას ირაკლი დგებუაძემ სახეში შეაფურთხა, აგინა და ცდილობდა მასთან ფიზიკურ ანგარიშსწორებას.

  • რა ხდება?

ბათუმის პოლიციის უფროსზე სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლით, რომელიც არის მძიმე კატეგორიის დანაშაული და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე.

უზენაესი სასამართლოს ეს და სხვა გადაწყვეტილებები ნათლად აჩვენებს, რომ პოლიციელისთვის სილის გაწვნა პოლიციელზე თავდასხმა არ არის.

ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.

მზია ამაღლობელის პატიმრობის საფუძველი გაყალბებული ოქმი გახდა – ადმინისტრაციული დაკავების ოქმის მიხედვით, მზია ამაღლობელი პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს [ასკ-ის 173-ე მუხლი]. სინამდვილეში კი, დაკავების დროს გადაღებულ და გავრცელებულ ვიდეო კადრში არა მხოლოდ ჩანს, თუ როგორ აკავებს მას „სტიკერის“ გაკვრის გამო აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ ბესელია, არამედ ისმის კიდევაც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრისთვის აკავებენ 150-ე მუხლით.

გარდა იმისა, რომ სტიკერის გაკვრა ადმინისტრაციულ შენობაზე არ წარმოადგენს სამართალდარღვევას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ასევე, არ არსებობს ამავე კოდექსის 150-ე მუხლით პირის დაკავების უფლება. ამდენად, გრიგოლ ბესელიამ მზია ამაღლობელი დააკავა უკანონოდ და იმ სამართალდარღვევის გამო, რომელიც მას არ ჩაუდენია.

მითითებული გაყალბებული ოქმის საფუძველზე პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ მოითხოვა მზია ამაღლობელის პატიმრობა სისხლის სამართლის საქმეზე. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა სწორედ ამ გაყალბებული ოქმის საფუძველზე მზია ამაღლობელს უკანონოდ შეუფარდა პატიმრობა.

13 თებერვალს მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმება მოითხოვეს. თუმცა, 14 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო შუამდგომლობა მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე. 19 თებერვალს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძემ მზია ამაღლობელის საჩივარი კვლავ დაუშვებლად მიიჩნია.

მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია. პროტესტის ნიშნად იგი 38 დღე შიმშილობდა. მან შიმშილობა 18 თებერვალს შეწყვიტა. მზია ამაღლობელი ამ ეტაპზე კლინიკა „ვივამედში“ რჩება.

ამ თემაზე:

ცემად ვერ შეფასდება 1 დარტყმა, თუნდაც მან ტკივილი გამოიწვიოს – უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: