დღეს მე-16 დღეა, რაც „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ციხეში შიმშილობს.
მზია ამაღლობელმა სრული შიმშილობა 12 იანვრიდან, ჯერ კიდევ წინასწარი დაკავების იზოლატორში დაიწყო.
საიას ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, „სრული შიმშილობა ნიშნავს, რომ ის იღებს მხოლოდ წყალს და არ იღებს არავითარ საკვებს ან რაიმე დანამატს“.
როცა ციხეში მყოფი პატიმარი შიმშილობას იწყებს, ამ დროს მოქმედებს შესაბამისი პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ვალდებულია მუდმივი ზედამხედველობა ჰქონდეს მოშიმშილის მდგომარეობაზე.
„ბათუმელები“ კომენტარისთვის დაუკავშირდა პენიტენციურ სამსახურს.
„ოფიციალურად, წერილობით მოგვმართეთ,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურში კითხვის პასუხად „როგორი იყო მზია ამაღლობლის ჯანმრთელობის მდგომარეობა და იყვნენ თუ არა შესულები მასთან ექიმები“.
„ბათუმელებმა“ პენიტენციურს მიმართა თხოვნით, გაევრცელებინა ოფიციალური განცხადება მზია ამაღლობლის შესახებ. თუმცა სამსახურში განგვიმარტეს, რომ თავად მზია ამაღლობლის ნებართვის გარეშე მისი პერსონალური ინფორმაციის გაჟღერების უფლება არ ჰქონდათ, ამიტომ ისევ წერილობით მიმართვა მოითხოვეს.
მას შემდეგ, რაც მზია ამაღლობლის შიმშილობის შესახებ გახდა ცნობილი, სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო რეჟიმის კიდევ ორმა პატიმარმა – 26 წლის რევაზ კიკნაძე მე-7 დღეა შიმშილობს, ხოლო 20 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილი – მე-6 დღე.
———————————-
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 -12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.






