„ბათუმელების“ რედაქტორი ეთერ თურაძე და „ნეტგაზეთის“ რედაქტორი ნესტან ცეცხლაძე 26 იანვრის ღამეს პარლამენტის წინ იდგნენ საპროტესტო ბანერებით „თავისუფლება მზიას“.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი მე-16 დღეა ციხეში შიმშილობს „უსამართლობაზე პროტესტის ნიშნად“.

„დემოკრატია არ არის საჩუქარი, ჩვენმა საზოგადოებამ ეს ყველაზე კარგად იცის და ეს გამოჩნდა ახლაც. შიმშილობა რომ შევწყვიტო, ჩავთვლი, რომ თანაზიარი ვარ ამ უსამართლობის“ –  უთხრა მზია ამაღლობელმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ნონა ქურდოვანიძეს.

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 -12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.

Exit mobile version