„ჩვენ მივიღებთ კანონს, რომლითაც აიკრძალება შეკრებაზე შეკრების მონაწილეების მიერ, მათ შორის კონტრშეკრების მონაწილეების მიერ, სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც ხელს შეუწყობს ძალადობის პრევენციას შეკრებების წარმართვის დროს“, – „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ახალ საკანონმდებლო ინიციატივას აანონსებს.
ნიღბებით აქციაზე მისვლის აკრძალვის შესახებ განცხადება ირაკლი კობახიძემ დღეს, 8 დეკემბერს გააკეთა.
კობახიძის თქმით, „ასეთი კანონები მოქმედებს ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში და მნიშვნელოვანია ჩვენთანაც, ძალადობის პრევენციისთვის ასეთი კანონის მიღება. ჩვენ ტექნიკურად მოვახერხებთ ისე ყველაფრის ორგანიზებას, რომ უკვე მომავალი კვირის ბოლომდე იქნეს მიღებული შესაბამისი კანონი, ისე, რომ ეს კანონი თვის ბოლომდე სრულად ამოქმედდება“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
„ნიღბებით დადის ყველა ვისაც არ ეზარება. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი ნიღბიანია, შსს-ს უჭირს რეაგირება ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით. ვეღარ ხდება გარჩევა ვინ არის მომიტინგე და ვინ არა,“ – ასე განმარტა ირაკლი კობახიძემ აქციაზე ნიღბით მისვლის აკრძალვის მიზეზი.