დღეს, 29 ნოემბერს, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ბათუმში ქალაქის შემოსასვლელი გადაკეტეს. ისინი საპროტესტო მსვლელობას ამ წუთებშიც აგრძელებენ.

ბათუმში  ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას მეორე დღეა აპროტესტებენ და სოლიდარობას უცხადებენ თბილისში მიმდინარე აქციას: „არა რუსულ რეჟიმს“, „ჩვენ გვინდა ევროპა“, „გამოდით“ –  სკანდირებენ აქციაზე.

საპროტესტო აქციაზე არიან სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები, ლექტორები, მასწავლებლები და პარტიების წარმომადგენლები.

ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, იმის შესახებ, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში არ დააყენებენ.

ამ განცხადებას გუშინ, 28 ნოემბერს, საქართველოს 5 ქალაქში საპროტესტო აქციები მოჰყვა. თბილისში ათასობით მოქალაქე გამოვიდა რუსთაველზე ანტიკონსტიტუციური ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით.

მსვლელობა

სამოქალაქო აქცია თბილისში სპეცრაზმმა დაარბია. სასტიკად გაუსწორდნენ დემონსტრანტებს, დააკავეს 43 ადამიანი, სცემეს და დააზიანეს 20-ზე მეტი ჟურნალისტი.

საპროტესტო აქციები დღესაც გაიმართება თბილისში. მოქალაქეები კონსტიტუციიდან გასული „ოცნების“ ხელისუფლების გადადგომას და ახალ არჩევნებს მოითხოვენ.

 

Exit mobile version