„2024 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების გაშუქებისას ჟურნალისტებისა და ოპერატორების სამუშაო გარემო გამოირჩეოდა აგრესიით, ზეწოლით, მუქარითა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებით.
კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის კენჭისყრასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების პროცესი იყო უკიდურესად მძიმე და საფრთხის შემცველი“ – წერს „მედიაომბუდსმენი“ არჩევნებზე ჟურნალისტების შეფასებაში, რომელიც დღეს, 30 ოქტომბერს გამოქვეყნდა.
„მედიაომბუდსმენმა“ 2024 წლის 25 და 26 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისას მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 30 შემთხვევა დააფიქსირა. ორგანიზაციის ცნობით, დანაშაულებრივი ქმედებებით დაირღვა მინიმუმ 50 ჟურნალისტისა და ოპერატორის უფლება.
„საარჩევნო უბნებში, კენჭისყრის შენობის შესასვლელებში, მიმდებარედ (მათ შორის, კანონით აკრძალულ მანძილზე) მობილიზებული იყვნენ „ქართული ოცნების“ აგრესიული ჯგუფები. ისინი მედიის წარმომადგენლებს აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდნენ. აგრესია განსაკუთრებით საშიში ხდებოდა ამომრჩეველზე ზეწოლის, კონტროლის, მოსყიდვის ფაქტების დოკუმენტირებისა და დაფიქსირების მცდელობისას. ჟურნალისტების უმრავლესობა საუბრობს აგრესიაზე საარჩევნო უბნებთან მობილიზებული ე.წ. „ძველი ბიჭებისგან“. უსაფრთხოების ზომების გამო, მედიის წარმომადგენლები ტოვებდნენ გადაღების ადგილს“ – წერს „მედიაომბუდსმენი“.
„მედიაომბუდსმენს“ შეფასებაში დეტალურად აქვს აღწერილი ჟურნალისტებზე თავდასხმისა და საქმიანობაში ხელის შეშლის შემთხვევები. მაგალითად:
„ქუთაისში, #2 საარჩევნო უბანზე, cnews-ის ჟურნალისტს გიგა გელხვიძეს „ქართული ოცნების“ აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ;
კახეთში, სოფელ ქვემო ხოდაშენში საარჩევნო უბანთან მუშაობის დროს „ტელეკომპანია პირველის“ გადამღებ ჯგუფს ჟურნალისტს მარიამ მაკასარაშვილს და ოპერატორს ნუკრი ქაფიაშვილს თავს დაესხნენ. ჟურნალისტ მარიამ მაკასარაშვილის თქმით, უცნობმა პირმა ოპერატორს სახეში რამდენჯერმე გაარტყა, შემდეგ კი აპარატურა დაამტვრია;
„ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორს თავს დაესხნენ და კამერა დაუზიანეს. შემთხვევა, სავარაუდოდ, 53-ე უბნის მიმდებარედ მოხდა, სადაც ტელეკომპანიის ჟურნალისტი, მარიამ გაფრინდაშვილი და ოპერატორი პაპუნა ხაჩიძე მობილიზებას იღებდნენ, „პირველის“ ცნობით – „ოცნების სამსახურში ჩამდგარი არშემდგარი ძველი ბიჭები ვაზისუბნიდან, რომლებიც სახის გამოჩენასაც ვერ ბედავენ, ჩვენს ოპერატორს ზურგიდან თავს დაესხნენ“;
ახმეტის რაიონის სოფელ მატანში, 11:30 საათისთვის, სავარაუდოდ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები თავს დაესხნენ ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს და ლადო ქუთათელაძეს, რომელიც უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა.
ორგანიზაციის ცნობით, ცხელი ხაზის, 112-ის მეშვეობით არაერთი შეტყობინების მიუხედავად, გამოძახების უმრავლეს შემთხვევაში პოლიცია ადგილზე არ მივიდა, საუბნო თუ საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელები არ რეაგირებდნენ ხელშეშლაზე, რის გამოც მთელ რიგ უბნებზე მედიისთვის მუშაობა შეუძლებელი აღმოჩნდა.
ჟურნალისტები და ოპერატორები ამბობენ, რომ კრიტიკულ ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე ძალადობა იყო წახალისებული.
„მედიაომბუდსმენი“ შეფასებაში წერს, რომ თბილისის უბნებზე ზოგიერთი კომისიის თავმჯდომარე ან არ აძლევდა ინფორმაციას ჟურნალისტებს, ან თავს არიდებდა და კომენტარს გაურბოდა, ვიდრე მიმოწერა ან სატელეფონო ზარი არ ექნებოდათ და ნებართვას არ მიიღებდნენ. ჟურნალისტებს ემუქრებოდნენ უბნიდან გაძევებითაც.
ასევე, ორგანზიაციის ცნობით, აგრესია კენჭისყრის შემდეგაც არ შეწყვეტილა. არჩევნების შემდეგ ლაშა ტალახაძემ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა და სპორტსმენმა, ჟურნალისტს, დიტო ბელქანიას პირადში მიწერა და შეურაცხყოფა მიაყენა.
„ეს რეალობა ხელს უწყობს საზოგადოებაში თვითცენზურის გაძლიერებას და ჟურნალისტებზე, ოპერატორებსა და მედიამენეჯერებზე მორალურ და პროფესიულ ზეწოლას, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქვეყნის დემოკრატიული პროცესების კეთილსინდისიერებას.
თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებით სწრაფი და ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, „მედიაომბუდსმენი“ კიდევ ერთხელ მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.
კენჭისყრის დღეს მედიის წინააღმდეგ ჩადენილი არაერთი დანაშაულის გამოძიება ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც განსაზღვრავს საარჩევნო პროცესების სანდოობას“ – წერს „მედიაომბუდსმენი“.
_______________________
ფოტოზე: ბათუმის #52 და #81-ე უბანზე მობილიზებული იყო არაფხიზელი კაცების დაჯგუფება, რომლებიც უბნის კარებთან სკანდირებდნენ – „ქართულ ოცნებას გაუმარჯოს“. ფოტო: „ბათუმელები“