ბათუმში თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან იდგნენ „ოცნების“ აგიტატორები სიებით ხელში ან ისხდნენ დაბურულშუშიან მიკროავტობუსებში. ისინი პერიოდულად ინაცვლებდნენ უბნების შესასვლელებში, მათგან უმეტესობა იყო აგრესიული. ხელითაც კი იწევდნენ დამკვირვებლებისა და ჟურნალისტებისკენ, ჰქონდათ ტელეფონის წართმევის მცდელობა. ისინი დაჟინებით და აგრესიულად ურეკავდნენ ყველას, ვისი სახელისა და გვარის გასწვრივაც მონიშნული ჰქონდათ, რომ ამომრჩეველი უბანზე არ მოსულა.
არც ერთი უბნის თავმჯდომარეს, მოადგილეს და მდივანს ამ უკანონო ქმედებაზე რეაგირება არ ჰქონია. „ოცნების“ დაქირავებულები, მათ შორის მოძალადე ჯგუფები, კონკრეტულ უბნებთან კენჭისყრის დასრულებამდე დარჩნენ და უპრობლემოდ გააგრძელეს საქმიანობა.
ბაგრატიონის ქუჩაზე ორ საარჩევნო უბანთან იდგა სამარშრუტო ტაქსი, სადაც მობილიზებულები იყვნენ „ოცნების“ კოორდინატორები, დილიდან რვა საათამდე უპრობლემოდ იმუშავეს. ხშირად მსგავს ფაქტებზე ვერც დამკვირვებლები რეაგირებდნენ, რადგან ისინი ვერ ტოვებდნენ უბანს, თუმცა რეაგირების შემთხვევებში იღებდნენ აგრესიას და მუქარას.
ბათუმის #52 და #81 უბანზე მობილიზებული იყო არაფხიზელი კაცების დაჯგუფება, რომლებიც უბნის კარებთან სკანდირებდნენ – „ქართულ ოცნებას გაუმარჯოს“. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა მოუწოდეს შეეწყვიტათ სკანდირება და დაეტოვებინათ უბნის ტერიტორია, დაჯგუფების წევრებმა ფიზიკურად გაიწიეს მათკენ. საარჩევნო კომისიას ამაზე რეაგირება არ ჰქონია.
პერიოდულად უბნებზე მიდიოდნენ ოლქების წარმომადგენლებიც, მაგრამ სიებით მობილიზებულ ხალხზე რეაგირება არ ჰქონიათ.
დამკვირვებლებმა საჩივრები დაწერეს ისეთ ფაქტებზე, როცა უბანთან აგიტაციის ჩატარებაში კომისიის წევრებს დასდეს ბრალი, თუმცა რეაგირება არც ამას მოჰყვა. ერთ-ერთ საჩივარში მომჩივანი ბათუმის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს სწერს, რომ კომისიის წევრი ირინა რომანაძე უბნის გარეთ დაახლოებით 50 მეტრის მოშორებით ატარებდა აგიტაციას.
კიდევ ერთი საჩივრის მიხედვით, 37-ე საარჩევნო უბანთან 30 მეტრში იდგა დაჯგუფება, რომელიც ზეწოლას ახდენდა ამომრჩეველზე. მომჩივანმა უბნის თავმჯდომარეს მოსთხოვა რეაგირება და საპატრულო პოლიციის გამოძახება, თუმცა თავმჯდომარე ასე არ მოიქცა.
მთელი დღის განმავლობაში დამკვირვებლებმა არაერთ უბანზე დააფიქსირეს ამომრჩევლის აღრიცხვის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ბათუმში, თამარის დასახლებაში მდებარე #42 და #79 საარჩევნო უბნებთან უცნობი პირების, ნიღბიანი კაცების დიდი ჯგუფის მობილიზება შეინიშნებოდა. ადგილზე მოსულ ჟურნალისტებს მუშაობის საშუალება არ მიეცათ. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას.
ამ ყველაფრის პარალელურად სარჩევნო უბნები განთავსებული იყო ისეთ ვიწრო სივრცეებში, რომ დამკვირვებლები რეგისტრატორების საქმიანობას სრულფასოვნად ვერ აკვირდებოდნენ.
„ღია სივრცე კავკასია“ ერთ-ერთია სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის. ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ირმა პავლიაშვილის შეფასებით, საარჩევნო უბნებთან მობილიზებული ჯგუფების მიერ ამომრჩევლის ნების კონტროლი 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე იყო იმდენად ინტენსიური, რომ ეს მოახდენდა გავლენას არჩევნების შედეგებზეც.
„ჩვენ ვხედავდით, რომ არაერთი უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე იყვნენ პირები, რომლებიც, ერთი მხრივ, ცდილობდნენ გარკვეული ძალადობრივი გარემო შეექმნათ – ხდებოდა ამომრჩევლის ნების კონტროლი, მეორე მხრივ, თავად დამკვირვებლების მიმართ იჩენდნენ აგრესიულ დამოკიდებულებას. ხშირ შემთხვევაში საარჩევნო უბანზეც კი ჩვენი დამკვირვებლები მტრულ და შეურაცხმყოფელ გარემოში აღმოჩნდნენ: მათ ხელი ეშლებოდათ თავიანთი საქმიანობის განხორციელებაში ნებისმიერი ადგილიდან.
ეს საჭიროა სადამკვირვებლო პროცესის განხორციელებისა და არჩევნების საჯაროობის უზრუნველყოფისთვის, რომლის ფარგლებშიც ჩვენ დავინახავდით პროცედურა რამდენად სწორად მიმდინარეობს, ხომ არ აქვს ადგილი მანიპულაციებს, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს არჩევნების შედეგების სიზუსტეს.
ჩვენი დამკვირვებლების წინააღმდეგ არაერთხელ გამოიძახეს პოლიცია პირებმა, რომლებიც სადამკვირვებლო ბიჯებით იყვნენ წარმოდგენილნი და ცდილობდნენ, ჩვენი წევრები გამოეძევებინათ უბნებიდან ან ხელი შეეშალათ. ამისთვის საპატრულო პოლიციას იძახებდნენ.
უბანშიც იყო პრობლემები, მაგალითად, ვერიფიკაციის პროცესზე დაკვირვება იყო შეუძლებელი“.
ირმა პავლიაშვილის განმარტებით, დამატებით პრობლემას ქმნიდა უბნებზე სიმჭიდროვე, რაც ფოტო- ვიდეოგადაღების შესაძლებლობას არ აძლევდა დამკვირვებელს.