მთავარი,სიახლეები

ფარულად მოპოვებული ფაილები „ოცნების“ ოფისიდან

15.10.2024 •
ფარულად მოპოვებული ფაილები „ოცნების“ ოფისიდან

„ქართული ოცნება“  პარტიის ოფისებში წინასაარჩევნოდ დეტალურად ამუშავებს ათობით ათასი ადამიანის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პირად მონაცემებს. ეს ინფორმირებული პირის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული დოკუმენტებით დასტურდება.

მაგალითად: ნარკოტიკებზე ხარ დამოკიდებული, ან ჯანმრთელობის პრობლემები გაქვს? რა ბიზნესს ეწევი? რამდენად სცემ პატივს „ავტორიტეტებს“? რომელი პარტიის მხარდამჭერი ხარ? ოპერაცია ხომ არ გაგიკეთებია ან რამე ბიზნესიდეა ხომ არ დაგიფინანსა სახელმწიფომ? 

  • რა არ იცის „ქართულმა ოცნებამ“ თქვენ შესახებ 

მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილისა, უნდა აღინიშნოს, რომ არც სახელმწიფოს და არც რომელიმე პარტიას არ შეუძლია იმის გაგება, თუ ვის მისცემთ ხმას საარჩევნო უბანზე. ეს ექსკლუზიურად თქვენი გადაწყვეტილებაა, რომლის ფარულობაც სრულად დაცულია.

  • რა იცის „ქართულმა ოცნებამ“ თქვენ შესახებ 

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ოფისიდან ჩვენთვის ფარულად მოწოდებული დოკუმენტებში ასახული მონაცემთა ხასიათი და უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბი ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ ფლობს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რომელსაც არჩევნებში გამარჯვების ფორმულად იყენებს. მონაცემები, რასაც მმართველი პარტია აგროვებს და ამუშავებს, მკაცრად არის დაცული პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონით და მას მხოლოდ სახელმწიფო უწყებები უნდა ფლობდნენ.

არ არსებობს კანონიერი გზა, რომლითაც პოლიტიკურ პარტიას შეუძლია ამ მოცულობისა და შინაარსის მონაცემების შეგროვება და დამუშავება. 

„ბათუმელების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტები ცხადყოფს, რომ მმართველ პარტიას მოქალაქეების პერსონალურ მონაცემებს აწვდიან იუსტიციის, ჯანდაცვის, განათლების, შინაგან საქმეთა, სოფლის მეურნეობისა და ფინანსთა სამინისტროები. სწორედ ეს სამინისტროები არიან იმ ტიპის მონაცემთა შეგროვება-შენახვასა და დამუშავებაზე პასუხისმგებელნი, რასაც მმართველი პარტიის ოფისები ამომრჩეველთა ინდივიდუალური და მასობრივი პროფილირებისთვის იყენებენ.

უფრო მარტივად რომ ავხსნათ, სანამ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ, მმართველი პარტიის ოფისში თქვენი და თქვენი ახლობლების შესახებ ამუშავებენ მონაცემებს, რომლებიც მოიცავს დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ:

  • ხართ თუ არა დასაქმებული; სტუდენტი; სოციალურად დაუცველი; პენსიონერი; დევნილი
  • გისარგებლიათ თუ არა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და ამ დრომდე ზუსტად რამდენი ლარის მომსახურებით
  • რა ტიპის და რაოდენობის დახმარება, შემწეობა თუ კომპენსაცია მიგიღიათ სახელმწიფოსგან
  • რომელი სუბსიდირების პროგრამით დაგიმუშავებიათ მიწა
  • რამდენია თქვენი სარეიტინგო ქულა
  • რა ტიპის ორგანიზაციას წარმოადგენს თქვენი დამსაქმებელი
  • ოდესმე მოხვედრილხართ თუ არა საპატიმრო დაწესებულებაში
  • ყოფილხართ თუ არა პრობაციონერი; ნასამართლევი; ძებნაში მყოფი
  • გაქვთ თუ არა ნარკომანიასთან დაკავშირებული პრობლემა 

ამასთან ერთად, „ოცნებას“ აინტერესებს თქვენი პოლიტიკური გემოვნება და ბოლო წლებში არჩევნებზე აქტივობის ტენდენციაც.

ეს ყველაფერი არაა.

თქვენი სახელის გასწვრივ მითითებულია ე.წ. „გავლენის მქონე პირი“, რომელიც ზოგის შემთხვევაში კონკრეტული პიროვნებაა, ზოგის შემთხვევაში – სკოლის დირექტორი, ზოგის შემთხვევაში კი – კონკრეტული სახელმწიფო ორგანო და ა.შ.

  • რა წერია მონაცემთა ბაზაში

სქემის მასშტაბის საჩვენებლად „ბათუმელებმა“ შეისწავლა ერთი რეგიონის ამომრჩეველთა შესახებ შექმნილი მონაცემთა ბაზა. წყაროს კონფიდენციალობის უზრუნველსაყოფად, წყაროს თხოვნითვე, რიცხვები შეცვლილია საერთო სურათის დამახინჯების გარეშე.

მმართველი პარტიის ოფისიდან „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული მონაცემთა ბაზა მოიცავს რეგიონში რეგისტრირებული ყველა – 57 308 ამომრჩევლის დეტალურ მონაცემს. პირველი განყოფილება საარჩევნო სიის ასლია – სახელი-გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, მისამართი, საარჩევნო უბანი და ზუსტი ინფორმაცია იმაზე, მონაწილეობდა თუ არა ამომრჩეველი ამა თუ იმ წლის არჩევნებში. ეს ინფორმაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის კომპეტენციაში შედის.

შემდეგ უკვე, სავარაუდოდ, პარტიული საქმიანობით მოპოვებული ინფორმაციაა – სხვადასხვა წლის „კარდაკარის“ დროს დაფიქსირებული პოლიტიკური არჩევანის შესახებ.

მაგალითად, ამ მონაცემების მიხედვით, აღნიშნულ რეგიონში 23892 გადაუწყვეტელი ამომრჩეველია მონიშნული, 17406 – „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, 6342 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და 1046 – „ევროპული საქართველოს“. ამ მონაცემს თუ ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს შევადარებთ, საბოლოოდ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი მხარდამჭერებიდან 12562 ამომრჩევლის ხმა მიიღო, რაც რეგიონში საერთო აქტივობის 49%-ია.

მონაცემებში ასევე არის ტელეფონის ნომრების გრაფა.

შემდეგი მონაცემი მოიცავს ინფორმაციას კრიმინალური სტატუსის შესახებ. ინფორმაციის ხასიათიდან გამომდინარე, ეს მონაცემები პარტიას შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ან/და სასამართლოსგან უნდა მიეღო.

მონაცემების მიხედვით აღნიშნულ რეგიონში:

1820 ადამიანი მოხვედრილია დროებითი მოთავსების იზოლატორში, მათგან 634 „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, 816 კი – გადაუწყვეტელი.

მონაცემთა შეგროვების დროისთვის რეგიონში 294 პრობაციონერი იყო, 1274 კი – ყოფილი პრობაციონერი. მათგან სულ 534 (93 მაშინ მოქმედი პრობაციონერი, 441 ყოფილი) ჰყავდა პარტიას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერად მონიშნული, 690 (144 მაშინ მოქმედი პრობაციონერი, 546 ყოფილი) კი – გადაუწყვეტელ ამომრჩევლად.

როგორც აღმოჩნდა, ამ დროისთვის რეგიონში 7 ამომრჩეველი ძებნილი იყო, თუმცა პარტიას ამ ამომრჩევლებიდან ხუთი „კარდაკარში“ გადაუწყვეტლად მოუნიშნავს, ერთი კი – ენმ-ს მხარდამჭერად. გარდა ამისა, რეგიონში იდენტიფიცირებულია 146 ყოფილი ძებნილი, მათგან 48 „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი, 73 კი – გადაუწყვეტელი.

სულ 3630 ამომრჩეველს ჰქონია ნასამართლობა და მათგან 1294 „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, ხოლო 1552 – გადაუწყვეტელი.

940 ამომრჩეველი ამ რეგიონში საპატიმრო დაწესებულებაში იყო მოხვედრილი, მათგან მმართველ პარტიას თავის მხარდამჭერად 325 მიუთვლია, 453 კი გადაუწყვეტელ ამომრჩევლად მოუნიშნავს.

შემდეგი მონაცემი ნარკომანიას ეხება და იდენტიფიცირებულია „კი“ და „არას“ მიხედვით; ეს მონაცემი შესაძლოა მეტადონის პროგრამიდანაც იყოს, თუმცა რამდენადაც კრიმინალურ სტატუსებში არის გაერთიანებული, უფრო სავარაუდოა, რომ შსს-ს ან სასჯელაღსრულების მონაცემია. ყოველ შემთხვევაში, ნარკომანიის გრაფა დადებითად 943 ამომრჩეველს უფიქსირდება. მათგან 367 „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, 391 – გადაუწყვეტელი.

საერთო ჯამში, როგორც ირკვევა, აღნიშნულ რეგიონში იმ დროისთვის 4506 ამომრჩეველს უფიქსირდებოდა ზემოთ ჩამოთვლილთაგან ერთი კრიმინალური სტატუსი მაინც. მათგან 1614 ამომრჩეველს „ქართული ოცნება“ თავის მხარდამჭერად, ხოლო 1912-ს გადაუწყვეტლად მიიჩნევდა.

მონაცემთა ბაზის მეორე განყოფილება უკვე ამომრჩეველთა სოციალურ სტატუსებს აკონკრეტებს და წარმოადგენს ისეთ ინფორმაციას, რაზე ხელმისაწვდომობაც ჯანდაცვის, განათლების, ფინანსთა, შემოსავლების სამინისტროებს აქვთ, ისევე როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

მონაცემების მიხედვით, რეგიონში: 

132 დევნილია, მათგან 5 „ოცნების“ მხარდამჭერი, 105 – გადაუწყვეტელი. აქ კონკრეტულად არის მითითებული, დევნილებისთვის განკუთვნილი რა პროგრამით ვის უსარგებლია, ან აქვს განაცხადი, რომელიმე პროგრამით სარგებლობაზე, მაგალითად, 35 მათგანს იმ დროისთვის ჰქონდა მიმდინარე განაცხადი (27-ს დევნილობის სტატუსი არ აქვს, ამიტომ სავარაუდოდ სწორედ სტატუსზეა განაცხადი). 110 კი სახელმწიფოსგან ყოფილა ბინით უზრუნველყოფილი.

შემდეგ დეტალურად არის განხილული, თუ რომელ ამომრჩეველს რა სახელმწიფო გასაცემელი მიუღია. ისეთი, ვისაც ერთი მათგანი მაინც მიუღია 11293 ამომრჩეველია, მათგან 4171 – „ქართული ოცნების“ ამომრჩევლად, 436 კი გადაუწყვეტლად არის იდენტიფიცირებული.

სახელმწიფო გასაცემლებში დაკონკრეტებულია:

  • სახელმწიფო კომპენსაცია – ასაკით
  • სახელმწიფო კომპენსაცია – ოჯახის წევრის დაკარგვის გამო
  • სახელმწიფო კომპენსაცია – შესაძლებლობის შეზღუდვის გამო
  • სახელმწიფო კომპენსაცია – წელთა ნამსახურებით
  • სახელმწიფო პენსია – ასაკით
  • რეგრესის პენსია
  • საყოფაცხოვრებო სუბსიდია
  • სოციალური პაკეტი
  • სოციალური პაკეტი კომპენსაციის მიმღებთათვის
  • სოციალური შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში
  • სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა დანამატი.

მაგალითად, 39 ამომრჩეველთან დაკავშირებით წერია, ვის მიუღია კომპენსაცია შესაძლებლობის შეზღუდვის გამო. მათგან 18 „ქართული ოცნების“ ამომრჩეველია, 12 – გადაუწყვეტელი.

253 ამომრჩეველს, ვისაც სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა დანამატი მიუღია, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლად აიდენტიფიცირებს პარტია, ასეთ 186-ს კი –  გადაუწყვეტლად. სულ ასეთი 568 ამომრჩეველია.

2503 პირი სოციალური პაკეტის მიმღებია, მათგან 879 „ქართული ოცნების“ ამომრჩევლად ფიქსირდება, 999 – გადაუწყვეტლად.

შემდეგი მონაცემი სოციალურად დაუცველობას ეხება; როგორც აღმოჩნდა, ამ რეგიონში სულ 4780 ამომრჩეველი იყო სოციალურად დაუცველი, რომელთაგან 1932 „ქართულ ოცნების“ ამომრჩევლად არის იდენტიფიცირებული, 2504 კი – გადაუწყვეტლად.

შემდეგი მონაცემი ასახავს კონკრეტულ თანხას, რაც თითოეული ამომრჩევლისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილა – ანუ, მაგალითად ოპერაციის, ვიზიტის, ანალიზის და ა.შ. სხვადასხვა სერვისისთვის, რითაც გისარგებლიათ, სულ რამდენი თანხა დაიხარჯა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამიდან. როგორც ჩანს, 29667 ამომრჩეველს ამ რეგიონში უსარგებლია პროგრამით.

მათგან 417 ადამიანის შემთხვევაში თანხა ათი ათასზე მეტი ლარია. მათგან 170 „ქართული ოცნების“ ამომრჩეველია, 145 – გადაუწყვეტელი.

ამ რეგიონში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით თითოეულ ამომრჩეველზე დახარჯული თანხიდან ყველაზე ცოტა 5 ლარია, ყველაზე მეტი კი ერთ ამომრჩეველზე – 204 981 ლარი. ეს კონკრეტული ამომრჩეველი გადაუწყვეტელია თავის პოლიტიკურ არჩევანში.

შემდეგ მონაცემში მოცემულია სოციალური შემწეობა, რომელიც მოცულობის კატეგორიებადაა ჩამოთვლილი, მაგალითად:

  • 41 ლარამდე – 143 ამომრჩეველი: 50 „ქართული ოცნება“; 59 გადაუწყვეტელი
  • 41-დან 51-მდე – 2 ამომრჩეველი: „ქართული ოცნება“
  • 11-დან 101-მდე – 208 ამომრჩეველი: 78 „ქართული ოცნება“; 86 გადაუწყვეტელი
  • 101 და მეტი –  10940 ამომრჩეველი: 4041 „ქართული ოცნება“; 4253 გადაუწყვეტელი

სულ – 11293.

ასევე მითითებულია 5736 ამომრჩევლის სარეიტინგო ქულა:

  • <30001 – 685 ამომრჩეველი: 232 „ქართული ოცნება“, 406 გადაუწყვეტელი
  • 30001-57001 – 1373 ამომრჩეველი: 418 „ქართული ოცნება“, 660 გადაუწყვეტელი
  • 57001-60001 – 184 ამომრჩეველი: 73 „ქართული ოცნება“, 74 გადაუწყვეტელი
  • 60001-65001 – 397 ამომრჩეველი: 148 „ქართული ოცნება“, 151 გადაუწყვეტელი
  • >65001 – 2960 ამომრჩეველი: 1062 „ქართული ოცნება“, 1232 გადაუწყვეტელი

შემდეგ უკვე მოდის ინფორმაცია იმაზე, თუ რა სუბსიდირების პროგრამებით უსარგებლიათ ამომრჩევლებს. როგორც ირკვევა 5728 ადამიანს უსარგებლია ამა თუ იმ სუბსიდირების პროგრამით.

5728 ამომრჩეველთაგან, ვისაც ერთ-ერთი პროგრამით მაინც უსარგებლია, 2545 „ქართული ოცნების“ მხარდამჭერადაა მონიშნული, 1874 კი – გადაუწყვეტლად.

დავინტერესდით, რა ხდებოდა ყველაზე პოპულარული პროგრამის შემთხვევაში – „აწარმოე საქართველოში“. ამ რეგიონში 53 ამომრჩეველს უსარგებლია აღნიშნული პროგრამით, მათგან 19 „ქართული ოცნების“ ამომრჩეველია, 24 – გადაუწყვეტელი.

ასევე ცალკე არიან გამოყოფილი ასაკით პენსიონერები. სულ 9218 ამომრჩეველი ყოფილა ასაკით პენსიონერი; მათგან მხოლოდ 3372 ამომრჩეველი ფიქსირდებოდა, როგორც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, 3646 კი გადაუწყვეტელი იყო.

შემდეგი მონაცემები უკვე ეხება განათლების სამინისტროს, აქ მოცემულია ინფორმაცია სტუდენტის სტატუსსა (საფეხური) და უმაღლეს სასწავლებელზე – აღნიშნულ რეგიონში 1235 ამომრჩეველი ყოფილა სტუდენტი, მათგან 376 „ქართული ოცნების“ მხარდამჭერად, 568 კი გადაუწყვეტელ ამომრჩევლადაა იდენტიფიცირებული. სულ 10 სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტია წარმოდგენილი.

ასევე გვხვდება ინფორმაცია საზღვრის კვეთაზე, ამ დროისთვის რეგიონიდან 3920 ამომრჩეველი ქვეყანაში არ იმყოფებოდა, საზღვარგარეთ მყოფი ამ ამომრჩეველთაგან 527-ს პარტია თავის ამომრჩევლად თვლიდა, 2618-ს კი გადაუწყვეტლად.

შემდეგი მონაცემი უკვე დასაქმების სტატუსია: 38122 დაუსაქმებელი (11607 „ქართული ოცნება“ ; 17623 გადაუწყვეტელი) და 15587 დასაქმებული (5798 „ქართული ოცნება“; 6269 გადაუწყვეტელი).

გარდა დასაქმების სტატუსისა, 15587-ვე ამომრჩევლის შემთხვევაში მითითებულია დამსაქმებელი ორგანიზაციის დასახელება, მათ შორის ინდივიდუალური მეწარმეებიც. მათ შორის, ამ რეგიონში 1800 ამომრჩეველი სსიპ-ში ყოფილა დასაქმებული. მათგან 806 „ქართული ოცნების“ ამომრჩევლადაა მონიშნული, 555 კი –  გადაუწყვეტლად. გარდა იმისა, რომ დამსაქმებელი ორგანიზაციებია დასახელებული, ცალკე არის ამ ორგანიზაციების ტიპები კლასიფიცირებული, მაგალითად: კერძო, სახელმწიფო, სკოლა, ბაღები, სახელმწიფო შპს.

სკოლებში დასაქმებული 1131 ადამიანიდან 522 „ქართული ოცნების“ ამომრჩეველია, 316 – გადაუწყვეტელი. 2923 ამომრჩევლიდან, რომელთა ერთი სამსახური მაინც არის რომელიმე სახელმწიფო ფორმის (სსიპ ან/და შპს და ა.შ), 959 გადაუწყვეტელია, 1336 „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი.

შემდეგი ინფორმაციაც, სავარაუდოდ, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან უნდა იყოს მოპოვებული. აქ მითითებულია, 2012 წლიდან თუ ყოფილხართ საარჩევნო მოხელე (მათ შორის დამკვირვებელი, აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტი და ა.შ.) და რომელ წელს რა პოზიციაზე; ასეთი 4681 ადამიანი აღმოჩნდა. მათგან 1704 „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო, 1564 – გადაუწყვეტელი.

საბოლოოდ მონაცემთა ბაზას ერთვის საინტერესო სვეტი, სადაც მოცემულია „გავლენის მქონე პირი“. ამ სვეტში ვხვდებით ადამიანებს, სახელმწიფო უწყებებს, კომპანიებს, აგიტატორებს და ა.შ. ყველა „გავლენის მქონე პირის“ საქმიანობა არ არის დაკონკრეტებული, რიგ შემთხვევაში ერთ ამომრჩეველზე რამდენიმე გავლენის მქონე პირი მოდის.

„ქართული ოცნების“ პარტიულ ოფისში ამ რეგიონში სულ 8068 ამომრჩევლისთვის მიუჩენიათ „გავლენის მქონე პირი“. მათგან 697 ამომრჩეველს ერთხელ მაინც ჰქონია კანონთან პრობლემა.(სულ ასეთი ამ რეგიონში 4506 ფიქსირდება). საერთო ჯამში, ამ ამომრჩეველთაგან, რომლებთანაც გავლენის მქონე პირმა იმუშავა, 1792 პარტიას საკუთარ ამომრჩევლად ჰყავს იდენტიფიცირებული, 4565 კი – გადაუწყვეტლად.

ერთ-ერთ გავლენის მქონე პირს ვხედავთ 67 ისეთი ამომრჩევლის შემთხვევაში, ვისაც კანონთან პრობლემები უფიქსირდება, ასევეა მითითებული სხვა პიროვნება 70 მსგავს ამომრჩეველთან.

ყველაზე „გავლენიან“ პირს კი 154 ამომრჩეველზე ჰქონია გავლენა. 

უცნობია, ეს გავლენის მქონე პირები როგორ და რა მეთოდებით ახდენდნენ გავლენას, განსაკუთრებით როგორაა ესა თუ ის სახელმწიფო ორგანო, მაგალითად „სასაზღვრო პოლიცია“ გამოყენებული გავლენის მქონედ.

თუმცა ცხადია, რომ უპრეცედენტო მასშტაბის მონაცემებზე წვდომა პარტიამ სახელმწიფო ინსტიტუტებისგან მიიღო და ამის გამოყენება არა მხოლოდ არჩევნების შედეგებზე ზემოქმედებისთვის, არამედ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის, ვიწრო პარტიული, ბიზნეს თუ კერძო და სხვა ინტერესებისთვის შეუძლია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: