განათლება,მთავარი,სიახლეები

ბსუ-ში, მოვალეობის შემსრულებლის კონკურსში, მხოლოდ მოქმედი რექტორი დარეგისტრირდა

20.07.2024 •
ბსუ-ში, მოვალეობის შემსრულებლის კონკურსში, მხოლოდ მოქმედი რექტორი დარეგისტრირდა

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კონკურსში, მხოლოდ ერთი კანდიდატი, – მოქმედი რექტორი, მერაბ ხალვაში იღებს მონაწილეობას. სხვა მსურველები არც ამჯერად გამოჩნდნენ.

ბსუ-ს ახალი რექტორი 19 ივლისს უნდა აერჩია, თუმცა არჩევნებში მონაწილეობის მსურველი არავინ აღმოჩნდა. ერთი განცხადებაც კი არ შესულა საარჩევნო კომისიაში. მოქმედ რექტორს, მერაბ ხალვაშს კი კონკურსში მესამედ მონაწილეობის უფლება აღარ აქვს.

შესაბამისად, აკადემიურმა საბჭომ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი უნდა აირჩიოს 6 თვის ვადით. ექვსი თვის შემდეგ კი, კონკურსი ხელახლა გამოცხადდება.

მოქმედი რექტორი მოვალეობის შემსრულებელი იმ შემთხვევაში გახდება, თუ ის ხმათა უმრავლესობას, ანუ 6 ხმას მიიღებს აკადემიური საბჭოსგან.

რა იქნება იმ შემთხვევაში, თუკი აკადემიური საბჭო ხმას არ მისცემს ამ ერთადერთ კანდიდატს? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს გიორგი დიასამიძეს. მისი თქმით, მსგავსი პრეცედენტი აქამდე არ ყოფილა და არც ახლა ელოდებიან.

„ასეთი რამ არ მომხდარა ჯერჯერობით რომ მოვალეობის შემსრულებელი არ აერჩიოთ. მაგრამ თუ მოხდება, ამაზე იმსჯელებს აკადემიური საბჭო.

მოვალეობის შემსრულებლის არჩევის შემდეგ, სანამ ექვსი თვე დასრულდება, აკადემიური საბჭო ისევ გამოაცხადებს რექტორის არჩევნებს. კანდიდატებმა ერთი თვის ვადაში უნდა შემოიტანონ განაცხადები და შემდეგ შეარჩევენ ახალ რექტორს 4 წლის ვადით“, – ამბობს გიორგი დიასამიძე.

მოვალეობის შემსრულებელი ორშაბათს, 22 ივლისს უნდა აირჩიონ.

„14:00 საათზე იქნება კანდიდატის სამოქმედო გეგმის განხილვა, რომელსაც წარუდგენს აკადემიურ საბჭოს და დასრულების შემდეგ იქნება ფარული კენჭისყრა“.

რატომ არ ისურვა არავინ ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობა? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ბსუ-ს პროფესორებსაც ესაუბრა. პროფესორების აზრით, აქამდე პრობლემა იყო ერთკანდიდატიანი არჩევნები, ახლა კი ეს ერთი კანდიდატიც აღარ არის, რაც უნივერსიტეტისთვის სერიოზული პრობლემაა.

_____________

ამ თემაზე:

მართლა აღარ სურს არავის ბსუ-ს რექტორობა? – ორი მოსაზრება ჩაშლილ არჩევნებზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: