უკრაინული მედია წერს, რომ უკრაინის უშიშროების სამსახური, საზღვაო ძალებთან ერთად, ოკუპირებულ ყირიმში, სევასტოპოლის პორტთან ექსპერიმენტული საზღვაო დრონებით თავს დაესხა გემ „პაველ დერჟავინს“ და რაკეტმზიდ ბუქსირ „ბუიანს“.

უკრაინის საზღვაო ძალების სპიკერმა დმიტრი პლეტენჩუკმა მედიასთან განაცხადა, რომ „პაველ დერჟავინმა“ მეორე დაზიანება მიიღო და შემთხვევის ადგილი დატოვა.

„შორს არ წასულა, ველით შემდეგ მოქმედებას“ – თქვა მან.

უკრაინული მედიის ცნობით, გამოყენებული იყო საზღვაო დრონი სახელად – „ზღვის პატარა“, რომელმაც 14 სექტემბერს ოკუპირებულ ყირიმში რუსული სარაკეტო ხომალდი „სამუმი“ დააზიანა. ესაა საზღვაო დრონის ექსპერიმენტული მოდელი, რომელსაც შეუძლია ქარიშხალში ფრენა და მაღალ ტალღებში დამალვა.

„პაველ დერჟავინის“ დაზიანების შესახებ ინფორმაცია გუშინ, 12 ოქტომბერს გავრცელდა.

გემის დაზიანების შესახებ ინფორმაციას ტელეგრამზე ადასტურებს პრორუსული არხი „რიბარიც“.

„დერჟავინის“ დასახმარებლად ბუქსირი გაიგზავნა, რომელიც ასევე მოხდა მტრის შეტევის ქვეშ. ზარალის ოდენობა უცნობია. ამ სიტუაციაში საინტერესოა ის, რომ აფეთქების ეპიცენტრი წყალქვეშ იყო. ეს შეიძლება მიუთითებდეს სრულად წყალქვეშა დრონების გამოყენებაზე. ეს განმარტავს გემის ეკიპაჟის მხრიდან რაიმე წინააღმდეგობის არარსებობას“, – წერს „რიბარი“.

რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ამ დრომდე არ აკეთებს კომენტარს თავდასხმის შესახებ ცნობებზე და მხოლოდ იმას აცხადებს, რომ სევასტოპოლის ყურეში წვრთნები მიმდინარეობს.

_____________

ფოტოზე: „პაველ დერჟავინი“

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version