ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთმა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გააძლიერა 58-ე კომბინირებული შეიარაღების არმია ორეხოვოს მიმართულებით, ზაპოროჟიეს ოლქში – წერს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახური ტვიტერზე დღეს, 18 სექტემბერს.

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო დესანტის სულ მცირე 5 პოლკი მე-7 და 76-ე დივიზიებიდან, სავარაუდოდ, ახლა კონცენტრირებულია ფრონტის ხაზზე, სოფელ რობოტინოდან რამდენიმე კილომეტრში.

დაზვერვის ცნობით, საუბარია დაახლოებით 10 000 ელიტარულ მედესანტეზე. თუმცა, დაზვერვა ვარაუდობს, რომ ამ დანაყოფების შესაძლებლობები მკვეთრად დაქვეითებულია.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის განმავლობაში რუსი მეთაურები ცდილობდნენ საჰაერო-სადესანტო ძალების რეგენერაციას დამრტყმელი შეტევითი ოპერაციებისთვის და კიდევ ერთხელ, საჰაერო-სადესანტო ძალები გამოიყენება ფრონტის ხაზზე, სახმელეთო ძალების გასაძლიერებლად, რაც, ამ ძალების მიერ, სავარაუდოდ, უკიდურესად არადამაკმაყოფილებლად ფასდება.

სოფელი რობოტინო ზაპოროჟიეს ოლქში აგვისტოს ბოლოს უკრაინელმა მებრძოლებმა სრულად გაათავისუფლეს ოკუპაციისგან.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის შეფასებით, უკრაინის წინსვლა რობოტინოსთან ტაქტიკურად მნიშვნელოვანია და წინსვლა ამ რაიონში, სავარაუდოდ, მიზნად ისახავს რუსული ძალების დასუსტებას, რომელთაც მნიშვნელოვანი ძალისხმევა, რესურსები და პერსონალი ჩადეს რობოტინოს გარშემო პოზიციების დასაკავებლად.

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version