რუსეთში არმიის დისკრედიტაციის მუხლით დაიწყო მოკვლევა რუსი მსახიობის, ლია ახეჯაკოვას წინააღმდეგ – ამის შესახებ რუსული სამთავრობო მედია, „ტასი“ წერს წყაროებზე დაყრდნობით.

2023 წლის ზაფხულში ლია ახეჯაკოვა გერმანიაში, ქალაქ ბრემენის თეატრის სცენაზე თამაშობდა სპექტაკლში – „ჩემი შვილიშვილი ბენიამინი”. სპექტაკლის შემდეგ ის სცენაზე უკრაინის დროშით გამოჩნდა, რასაც ოვაციები მოჰყვა დარბაზში.

„ლია ახეჯაკოვასთან დაკავშირებით მიმდინარეობს შემოწმება რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის მუხლით, რის შედეგადაც მიიღება გადაწყვეტილება“, – ციტირებს გამოცემა „ტასი“ თავის წყაროს. აქვე ვკითხულობთ, რომ მსახიობს, შესაძლოა, ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობა დაემუქროს.

სოციალურ ქსელებში ლია ახეჯაკოვას ბრემენის სცენაზე გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალის გავრცელების შემდეგ რუსეთის უსაფრთხოებისა და კორუფციასთან ბრძოლის ფედერალური პროექტის ხელმძღვანელმა ვიტალი ბოროდინმა სთხოვა რუსეთის გენერალურ პროკურორს, მოეკვლია, დაარღვია თუ არა 85 წლის მსახიობმა კანონი რუსული არმიის დისკრედიტაციის შესახებ და მოითხოვა ცნობილი მსახიობისთვის ჯილდოებისა და საპატიო წოდებების ჩამორთმევა.

ლია ახეჯაკოვა, რომელიც ღიად ეწინააღმდეგება რუსეთის შეჭრას უკრაინაში, ამჟამად რუსეთის თეატრების სცენებზე არ თამაშობს. 2022 წელს, ომის დაწყების შემდეგ, მისი მონაწილეობით ყველა სპექტაკლი ამოიღეს რეპერტუარიდან.

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version