ინფორმაციას უკრაინელების მიერ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის პირველი ხაზის სავარაუდო გარღვევაზე სამხრეთში, კერძოდ, ზაპოროჟიეს რეგიონში, უკრაინული მედია CNN-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

თავის მხრივ, CNN-ი ეყრდნობა ამერიკის შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარეს, გენერალ მარკ მილის.

„ჩნდება უფრო და უფრო მეტი ნიშანი იმისა, რომ უკრაინის ჯარებმა გაარღვიეს რუსეთის თავდაცვის პირველი ხაზი სამხრეთ ფრონტის ზოგიერთ ნაწილში, ზაპოროჟიეს რეგიონში და სოლისებურად აფართოებენ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქის, ტოკმაკის მიმართულებას.

ახლა რამდენიმე რუსი სამხედრო ბლოგერი, სამხრეთის ფრონტის ზოგიერთ ნაწილში, მოსკოვის ჯარის შესახებ პირქუშ სურათს ხატავს“, – მარკ მილის ამ ციტატას ავრცელებს „უკრაინსკა პრავდა“.

„უკრაინსკა პრავდა“ ასევე აღწერს რუსი ბლოგერების მიერ გავრცელებული ზოგიერთი ინფორმაციის დეტალებს – ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ სამხრეთით ნოვოპროკოპოვკაზე (ამას ადასტურებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბი) და ასევე, დაიწყო პარალელური შეტევა აღმოსავლეთით, ვერბოვოის რაიონში – ორივე მიმართულება მოქცეულია მძიმე საარტილერიო ცეცხლის ქვეშ.

ზოგიერთი რუსი ეგრეთ წოდებული სამხედრო კორესპონდენტი იუწყება, რომ უკრაინა ქვეითი ჯარის დასაცავად იყენებს თვითმფრინავებს, ასევე დამატებითი საბრძოლო მასალა გადაისროლა მალაია ტოკმაჩკას რაიონში.

ასევე, როგორც ზოგიერთი რუსი „სამხედრო კორესპონდენტი“ იუწყება, რუსეთის ჯარებმა ამ რეგიონში პოზიციები მინიმუმ თვე-ნახევრის განმავლობაში უნდა შეინარჩუნონ, რათა ფრონტის სხვა მიმართულებაზე სცადონ წარმატების მიღწევა და ბრძოლის ველზე შეცვალონ სიტუაცია.

აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ კი განაცხადა, რომ უკრაინის ჯარმა მოახერხა რუსეთის თავდაცვის მთავარი, პირველი ხაზის გარღვევა, რომელსაც რუსები რამდენიმე თვის განმავლობაში ამზადებდნენ. ამასთან, მან უკრაინის კონტრშეტევას, რომელიც უკვე 8 კვირა გრძელდება, უწოდა – „ძალიან ნელი“.

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version