პრიგოჟინის თვითმფრინავის ავიაკატასტროფა და მისი სავარაუდო სიკვდილი დღეს ნომერ პირველი თემაა მსოფლიოში. თუმცა, როგორც ჩანს, დასავლეთში ეს სულაც არ უკვირთ. ნამდვილად მოკლულია თუ არა პრიგოჟინი? – პოლიტიკოსები, ექსპერტები და ანალიტიკოსები შეფასებებში საკმაოდ ფრთხილობენ.

რა ელის „ვაგნერს“, მოახდენს თუ არა გავლენას ეს ყველაფერი ომზე და რა ბედი ეწევა პრიგოჟინის „აფრიკულ იმპერიას“? დასავლეთში მრავალი ვერსია და ვარაუდი ისმის „ვაგნერის“ ხელმძღვანელის თვითმფრინავის იდუმალ აფეთქებაზე.

  • როგორ რეაგირებს მსოფლიო პრიგოჟინის სიკვდილზე

ევროკომისიაში უკრაინულ „24-ე არხს“ განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე ძალიან ძნელია დაიჯერო რუსული ინფორმაცია, რადგან ფაქტების დადასტურება რთულია. ბრიუსელში „ვაგნერის“ ლიდერის გარდაცვალების შედეგებზე არ საუბრობენ.

ამავდროულად, ევროკავშირში ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ „ვაგნერელებმა“ საშინელი კვალი დატოვეს მსოფლიოში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით. ხოლო ევროკავშირმა პრიგოჟინსა და მის დაქირავებულებს, სანქციები დაუწესა უკრაინაში, სირიაში, ლიბიასა და აფრიკის ქვეყნებში ჩადენილი დანაშაულების გამო.

  • ამერიკული ვერსია

საკმაოდ სწრაფი იყო ამერიკის შეერთებული შტატების, კერძოდ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის რეაქცია.

აშშ-ის პრეზიდენტმა მაშინვე გამოთქვა მოსაზრება, რომ კატასტროფის უკან შესაძლოა პუტინი იდგეს. ბაიდენმა აღნიშნა, რომ „რუსეთში იშვიათად ხდება რამე, რის უკანაც პუტინი არ დგას“. ამასთან, მან დაამატა, რომ ზუსტად არ იცის რა მოხდა, მაგრამ „გაკვირვებული არ არის“.

პენტაგონმა კი უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე, როგორც ავიაკატასტროფის, ისე იმის შესახებ, საერთოდ იყო თუ არა პრიგოჟინი ბორტზე. აქ განაცხადეს, რომ სწავლობენ დაზვერვის მონაცემებს საკუთარი დასკვნების გასაკეთებლად.

  • პრიგოჟინი გააფრთხილეს

ჯერ კიდევ ივლისში, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს [CIA] დირექტორმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ ძალიან გაუკვირდება, წარუმატებელი ამბოხის შემდეგ პრიგოჟინი თუ „აიშორებს კრემლის შემდგომ შურისძიებას“.

ვფიქრობ, პუტინს ზოგადად მიაჩნია, რომ შურისძიება არის კერძი, რომელიც საუკეთესოა თუ ცივად მიირთმევ. ჩემი გამოცდილებით, პუტინი – ის შურისძიების ნამდვილი მოციქულია. ამიტომ, გამიკვირდება, თუ პრიგოჟინი გადაურჩება შემდგომ შურისძიებას. მე რომ პრიგოჟინი ვიყო, ჩემს დეგუსტატორს არ გავათავისუფლებდი, – თქვა ბერნსმა.

პრიგოჟინი – ის „მოსიარულე გვამია“. პუტინი ხალხს ბევრად ნაკლები დანაშაულისთვის აპატიმრებდა და ხოცავდა, ვიდრე პრიგოჟინმა ჩაიდინა. ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ პუტინი მას მისცემს სიცოცხლის უფლებას იმაზე მეტხანს, ვიდრე ეს საჭიროა – წარუმატებელი ამბოხიდან რამდენიმე დღის შემდეგ ივარაუდა იან ბრემერმა. ის პრეზიდენტია კომპანია Eurasia Group-ის, რომელიც პოლიტიკური რისკებს იკვლევს.

პრიგოჟინის ამბოხის შემდეგ, ბაიდენის ადმინისტრაციის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი ტელეფონით ესაუბრა პუტინის ერთ-ერთ მთავარ მრჩეველს, უშაკოვს. ამის შესახებ The Wall Street Journal საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა.

საუბრის მიზანი იმის დამტკიცება იყო, რომ შეერთებული შტატები არ იყო ჩართული ამ მოვლენებში და პროცესს განიხილავდა, როგორც რუსეთის შიდა საქმეს.

  • ბრიტანული ვერსია

BBC-ის წყაროები ბრიტანულ დაზვერვაში ამტკიცებენ, რომ ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავს, სავარაუდოდ, რუსეთის ФСБ-ს შიდა დაზვერვა დაესხა თავს. ისინი სრულიად ერთგულები არიან ვლადიმერ პუტინის და ასევე ხელმძღვანელობენ სასაზღვრო ჯარებს.

ითვლება, რომ ეს, სავარაუდოდ, გააძლიერებს რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის პოზიციებს. პრიგოჟინს ისინი ეზიზღებოდა და საჯაროდ აკრიტიკებდა.

„ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ პუტინმა ის მოიშორა – მან დაიბრუნა კონტროლი“, – მიაჩნია სერ ჯონ სოუერსი. ბრიტანეთის საიდუმლო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი თვლის, რომ სრულიად შესაძლებელია, ეს ყოფილიყო მოწყობილობა, რომელმაც „უცებ მოკლა ყველა, ვინ ბორტზე იმყოფებოდა“.

„რა თქმა უნდა, ეს არის შიდა სამუშაო, სავარაუდოდ ეს იყო ბომბი ღვინის ყუთში. ეს არის ერთგვარი ირონიული დასასრული საკვების ყოფილი მიმწოდებლისა და პუტინის მზარეულის“, – ვარაუდობს ბრიტანეთის დაზვერვის კიდევ ერთი ყოფილი ოფიცერი, კრისტოფერ სტილი.

  • კიდევ რა ითქვა

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა CNN-ს განუცხადა, რომ პუტინი გააქრობს ყველა თავის ოპონენტს და ეს აშინებს ყველას, ვინც მისგან განსხვავებულად ფიქრობს.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ კი თქვა: „ასე ხდება, პოლიტიკური ოპონენტები, რომლებსაც პუტინი მიიჩნევს საკუთარი ძალაუფლებისთვის საფრთხედ, ბუნებრივი სიკვდილით არ იღუპებიან“.

ბელორუსის ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას განაცხადებით კი, პრიგოჟინის სიკვდილმა აჩვენა, თუ რა ღირს ლუკაშენკოს ე.წ. „უსაფრთხოების გარანტიები“. მან ასევე აღნიშნა, რომ პრიგოჟინის სიკვდილით შეიძლება ბოლო მოეღოს ბელორუსში „ვაგნერის“ ყოფნას.

  • პრიგოჟინის და უტკინის „ორეულები“

„ვაგნერის“ დამფუძნებელს, ისევე როგორც მის მეთაურს ჰყავდათ „ორეულები“ – მოქალაქეები, რომლებმაც ოფიციალურად შეიცვალეს სახელები, გვარები… მათ ევგენი პრიგოჟინისა და დიმიტრი უტკინის სახელზე აიღეს პასპორტები. ამას აღნიშნავს BBC, ადრე კი ამის შესახებ New York Times-ი წერდა.

ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც პერსონალური მონაცემების ცვლილება დაარეგისტრირეს სახელმწიფო რეესტრში თუ სასამართლო ქრონიკებში. მაგალითად, ერთ „ორეულს“, წარსულში ლეონიდ კრასავინს, პრიგოჟინის დაბადების თარიღი ჰქონდა. მედია ვარაუდობს, რომ ის ლიეტუაში გაფრინდა, როდესაც პრიგოჟინი დაასანქცირეს.

დიმიტრი უტკინის ორეული კი რამდენიმე თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა პრიგოჟინის კუთვნილ კომპანიას, რის შემდეგაც დაიბრუნა თავისი ნამდვილი სახელი.

ასე მოიქცნენ პრიგოჟინის სხვა ორეულებიც, მაგრამ უცნობია ავიაკატასტროფის დროს რამდენი „ორეულის“ გამოყენება შეძლეს „ვაგნერის“ მეთაურებმა.

___

ილუსტრაცია: 24-ე არხი

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version