ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი [ISW] რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ მომზადებულ ყოველდღიურ მიმოხილვაში წერს, რომ 9 ივლისს უკრაინულმა ძალებმა ჩაატარეს კონტრშეტევითი ოპერაციები ფრონტის სულ მცირე სამ სექტორზე.
ISW-ი, რომელიც მიმოხილვის მომზადებისას ძირითადად ეყრდნობა უკრაინულ და რუსულ ღია წყაროებს, უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდლის, გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრე სირსკისზე დაყრდნობით, წერს, რომ უკრაინული ძალები წარმატებით აგრძელებენ წინსვლას ბახმუტის მიმართულებით და, ასევე, უკრაინული ძალები აგრძელებენ კონტრშეტევას ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით.
ISW-ი მიმოხილვაში რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინული ძალები ახორციელებენ თავდასხმებს დასავლეთ ზაპოროჟიეს ოლქში და უკრაინული მცირე ჯგუფები თავს ესხმიან რუსეთის პოზიციებს – მათი სამიზნეა რუსეთის უკანა პოზიციები, იარაღის საწყობები და ინფრასტრუქტურა.
ანალიტიკოსები ასევე აღნიშნავენ, რომ რუსეთს, თურქეთსა და უკრაინას შორის მარცვლეულის შეთანხმებას ვადა ეწურება 17 ივლისს და სავარაუდოდ კრემლისგან მოსალოდნელია მუქარა, რომ არ გაახანგრძლივებს შეთანხმებას.