ბათუმის მერიას 2,2 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი, ქალაქში 8 მისამართზე „სკვერების მოწყობის სამუშაოებისთვის“.

სატენდერო პირობების მიხედვით, სამუშაოები ზოგან ახალი სკვერის მოწყობას [მცირე ფართობებზე], ზოგან კი, არსებულის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 2 275 853 ლარით გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 2023 წლის 5 იანვარს დაიწყება და ხუთ დღეში, 10 იანვარს დასრულდება.

სამუშაოები დაგეგმილია შემდეგ მისამართებზე: ანწუხელიძისა და ადლიის ქუჩების კვეთა; აღმაშენებლის N30, N32 და N34; გორგილაძის N8; კაკაბაძისა და გ. ანწუხელიძის ქუჩების კვეთა; კოტე აფხაზის ქუჩა და მეფე მირიანის N13-15.

სამუშაოების შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით. ამასთან, ტენდერში გამარჯვებულმა სამუშაოები ყველა მისამართზე ერთდროულად უნდა ჩაატაროს.

  • ანწუხელიძისა და ადლიის ქუჩების კვეთა, სადაც სკვერი უნდა მოეწყოს, აეროპორტის ასაფრენ ზოლთან [ზღვისპირა პრომინადთან არსებული წრიულის] მიმდებარედაა. აქ მინისტადიონის მოწყობაც იგეგმება:
სკვერი/გეგმა – ანწუხელიძისა და ადლიის ქუჩების კვეთაში
  • აღმაშენებლის N30, N32 და N34, სადაც სკვერები უნდა მოეწყოს, საცხოვრებელი კორპუსებისა და მესხეთის ქუჩის მიმდებარედაა:
აღმაშენებლის 30, 32 და 34
  • გორგილაძის N8-ში სკვერის რეაბილიტაცია დაგეგმილია ხელოვნების მუზეუმის მიმდებარედ – ლუკა ასათიანისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩებს შორის:
სკვერი ხელოვნების მუზეუმთან, გორგილაძის ქუჩაზე
  • პატარა სკვერი მოეწყობა ასევე კაკაბაძისა და გ. ანწუხელიძის ქუჩების კვეთაში:
ანწუხელიძის ქუჩა
  • კოტე აფხაზის ქუჩაზე სკვერის მოწყობას მერია იმ ადგილის მიმდებარედ გეგმავს სადაც კალათბურთის მოედანია:
კოტე აფხაზის ქუჩა

მეფე მირიანის N13-15-ში კი სკვერი, იქვე ახლოს მდებარე მინისტადიონთან მოეწყობა:

მეფე მირიანის ქუჩა

 

მთავარი ფოტო: სკვერი ბათუმში, ხელოვნების მუზეუმთან

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version