გაერთიანებული სამეფოს 20 დეკემბრის დაზვერვის ანგარიში, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის გაერთიანებულ შტაბში“ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ვიზიტს მიმოიხილავს.

როგორც დაზვერვა ანგარიშში ასკვნის, თავის გენერლებთან ამ შეხვედრას რამდენიმე მიზანი ჰქონდა, მათ შორის ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ პუტინს თავიდან ააცილონ პასუხისმგებლობა უკრაინაში სამხედრო წარუმატებლობაზე, სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელსა და მობილიზაციაზე საზოგადოებაში მზარდ უკმაყოფილებაზე.

შეხვედრა 16 დეკემბერს შედგა და მისი ამსახველი ვიდეოკადრები ფართოდ გავრცელდა რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში.

რუსეთის პრეზიდენტი გადაიღეს რამდენიმე მაღალჩინოსანთან შეხვედრისას, მათ შორის გენერალური შტაბის უფროს ვალერი გერასიმოვს და თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან ერთად.

პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ შემდეგ ნაბიჯებთან დაკავშირებით საკუთარი წინადადებების წარდგენა სთხოვა მაღალჩინოსნებს, რითაც, ბრიტანული დაზვერვის ვარაუდით, შეეცადა ეჩვენებინა კოლექტიური პასუხისმგებლობა სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსული ძალების ჯგუფის მეთაური, გენერალი სერგეი სუროვიკინი ერთ-ერთი იყო, ვინც საკუთარი მოხსენება წარადგინა.

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა ბოლო ანგარიშში მიუთითებს, რომ პუტინისგან პასუხისმგებლობის გადატანის, სხვა სამხედრო მაღალჩინოსნებზე გადანაწილების გარდა, კადრები, რომლებიც შეხვედრიდან გავრცელდა, სავარაუდოდ ასევე მიზნად ისახავდა გენერალ გერასიმოვის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სოციალურ მედიაში გავრცელებული ჭორების გაქარწყლებას.

___

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version