ქედის მერია „ქედელობაზე“ წელს „ღამის შოუს ბენდის“ მიწვევას გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტიდან ბენდს 15 ათას ლარს გადაუხდის. ტენდერის გარეშე თანხის გადახდაზე მერიას შესყიდვების სააგენტოს თანხმობა უკვე აქვს. ქედაში ჩასვლაზე, როგორც მერიაში ამბობენ, თანახმაა ბენდიც. მერიაში ასევე აცხადებენ, რომ ბენდის მოწვევა მოსახლეობამ მოითხოვა.
„ღამის შოუს ბენდი“ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღამის შოუს“ აფორმებს მუსიკალურად.
სახალხო ზეიმი „შემოდგომა ქედაში“ 2022 წლის ოქტომბრის თვეში იყო დაგეგმილი. თუმცა ღონისძიება გადაიდო და ის სხვა ღონისძიებასთან – „ღვინის ფესტივალთან“ ერთად ჩატარდება.
გაერთიანებული ღონისძიების ჩატარების, შესაბამისად, ბენდის ქედაში ჩასვლის კონკრეტული დღე, ამ დროისთვის უცნობია. მერიაში ამბობენ, რომ ღონისძიება ნოემბრის პირველ, მაქსიმუმ მეორე კვირაში ჩატარდება: „ამინდზეც ვართ დამოკიდებული“.
რაც შეეხება ცალკე „ღვინის ფესტივალს“, მას ორგანიზებას ქედის მერიის შპს „ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრი“ გაუწევს. ცენტრის დირექტორის, რაულ ცინცაძის თქმით, ფესტივალის ჩატარება 15 ნოემბრისთვისაა დაგეგმილი. „ღვინის ფესტივალისთვის“ კი, 35 ათასი ლარია გათვალისწინებული.
ქედის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურისგან მუნიციპალიტეტის მერის, როლანდ ბერიძისადმი გაგზავნილ მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ 2022 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამით – კულტურული ღონისძიებების ორგანიზება, მხარდაჭერა და ხელშეწყობა – გათვალისწინებულია სახალხო ზეიმი „შემოდგომა ქედაში“ ჩატარება [20 000 ლარი], რომლის ფარგლებშიც დაგეგმილი იყო:
- „აჭარული კერძების მომზადების იმიტაცია, ღვინის დაწურვისა და ჭაჭის გამოხდის იმიტაციები, აჭარული კერძების გამოფენა;
- ქედის ისტორია – ფოტოებისა და პუბლიკაციების გამოფენა, ეთნოგრაფიული და სამუზეუმო ექსპონატების გამოფენა, ჭიბონის, ხეზე კვეთის, თამბაქოს ჭრის, გიდელის, გოდრისა და ბადის ქსოვის იმიტაციები;
- მოეწყობა სპორტული ღონისძიებები, საბავშვო კუთხის მოწყობა, ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი და სხვა თანმდევი აქტივობების ორგანიზება. თუმცა წელს „შემოდგომა ქედაში“ ღონისძიების ჩატარებას ვგეგმავთ „ღვინის ფესტივალთან“ ერთად, მასშტაბურად“.
„მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში შემოვიდა ქედის მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა ერთობლივი განცხადება, რომლითაც მოითხოვენ ღონისძიების „შემოდგომა ქედაში“ ფარგლებში „ღამის შოუს ბენდის“ მოწვევას. „ღამის შოუს ბენდი“ საქართველოში განსაკუთრებული პოპულარობით, მაღალი სატელევიზიო რეიტინგით, თავისი რეპერტუარითა და შოუ-პროგრამით ფართო საზოგადოებაში დიდი სიყვარულით სარგებლობს. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ბენდის მოწვევა განხორციელდეს „შემოდგომა ქედაში“ ღონისძიების ფარგლებში, ხოლო დაგეგმილი აქტივობები გადავიდეს „ღვინის ფესტივალში“, – აღნიშნულია ქედის მერისადმი გაგზავნილ მოხსენებით ბარათში.
გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობის შესახებ განკარგულებაში შესყიდვების სააგენტო მოუწოდებს ქედის მერიას, რომ მან „სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს კანონის მოთხოვნათა განუხრელი დაცვით, რათა კონკურენტული და არადისკრიმინაციული გარემოს შექმნით უზრუნველყოფილ იქნას შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური და გამჭვირვალე ხარჯვა. დამატებით აღვნიშნავთ, რომ წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება შემსყიდველ ორგანიზაციას.“
ქედის მერიის განმარტებით, „15 000 ლარი განისაზღვრა მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ინვოისის შესაბამისად“.
ქედის მერია, დოკუმენტების მიხედვით, ხელშეკრულებას ქედაში გასამართ ღონისძიებაში ბენდის მონაწილეობაზე, ბაბი კირკიტაძესთან გააფორმებს. შესაბამისი შეთანხმება ბაბი კირკიტაძესა და ბენდის ხელმძღვანელ გელა გნოლიძეს შორის არის გაფორმებული:
შესყიდვების პორტალის მიხედვით, „ღამის შოუს ბენდი“ სხვა მუნიციპალიტეტებში გამართულ ღონისძიებებშიც მონაწილეობს, რომლებიც ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ფინანსდება.
მაგალითად, 2022 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში ბაბი კირკიტაძესთან ხელშეკრულებები გაფორმებული აქვთ:
- მარტვილის მუნიციპალიტეტს – 19 500 ლარზე, ბენდის მონაწილეობაზე „ჭყონდიდლობის“ დღესასწაულზე;
- თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრს – 15 000 ლარზე – ბენდის „გარისობა 2022“-ში მონაწილეობაზე;
- კასპის მუნიციპალიტეტის მერიას – 12 000 ლარზე – ბენდის „კასპობა 2022“-ში მონაწილეობაზე.
დოკუმენტების მიხედვით, თეთრიწყაროს მერს მომსახურება თავად ბაბი კირკიტაძემ შესთავაზა. მერმა გიორგი წიკლაურმა კი თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრს მისწერა, რომ „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულია „ღამის შოუს“ ბენდის 2022 წლის 9 სექტემბრის წერილი, რომელიც შეეხება საკონცერტო წარმოდგენის შეთავაზებას სახალხო დღესასწაულ „გარისობა 2022“-ისთვის. გთხოვთ, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში, განიხილოთ და დაინტერესების შემთხვევაში მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება.“
კასპში კი, კასპის მერს ვახტანგ მაისურაძეს, მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურიდან მისწერეს, რომ „ჩვენი სამსახურის მიერ მოძიებული ინფორმაციით და მოსახლეობის თხოვნით მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ კასპობა 2022“ ღონისძიებაზე მოწვეული იქნეს „ღამის შოუს ბენდი“ რომელიც საქართველოში განსაკუთრებულად პოპულარობით, მაღალი რეიტინგით და დიდი სიყვარულით სარგებლობს.“
კასპის მერიას შესყიდვების პორტალზე „მოსახლეობის თხოვნის“ დამადასტურებელი დოკუმენტი არ აუტვირთავს.
რაც შეეხება მარტვილს. აქ კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურმა მერს, თორნიკე ჯანაშიას მისწერა, რომ „წელს ,,ჭყონდიდლობის“ ღონისძიების ჩატარებას მასშტაბური ფორმატით ვგეგმავთ, რისთვისაც მნიშვნელოვანია მოვიწვიოთ „ღამის შოუს ბენდი“, რომელიც საქართველოში განსაკუთრებული პოპულარობით და მაღალი სატელევიზიო რეიტინგით სარგებლობს.“
იანვარში ღამის შოუს ბენდს 12 500 ლარი ბათუმის კულტურის ცენტრმაც გადაუხადა.
__
მთავარი ფოტო: „ღამის შოუს“ ფეისბუქგვერდიდან
____
ამავე თემაზე:
რიჟვაძის განკარგულებით სეზონი გაგრძელდა – 73 000 ლარი პრაიმ შოუს კონცერტისთვის