მთავარი,სიახლეები

იმას, რაზეც ვწერ, თავად ბავშვები ჰყვებიან – საბავშვო პოეტი თანასწორობასა და გენდერულ ძალადობაზე

13.10.2022 • 1311
იმას, რაზეც ვწერ, თავად ბავშვები ჰყვებიან – საბავშვო პოეტი თანასწორობასა და გენდერულ ძალადობაზე

საბავშვო პოეტი, ლიტერატურული პროექტის – „გახდი საბავშვო ბესტსელერის“ 2021 წლის გამარჯვებული თუთა ჯგუშია „ბათუმელებთან“ საუბრობს, როგორ შეიძლება ვასწავლოთ ბავშვებს ემპათია, თანასწორობა და განსხვავებულის მიმღებლობა სახალისო და შემეცნებითი ლექსებით.

  • თუთა, მოგვიყევი, როგორ რეაგირებენ ხოლმე პატარები თქვენს ლექსებზე და ეხმარება თუ არა პოეზია მათ ცნობიერების ამაღლებაში?

ლექსებს ის პლუსები აქვს, რომ ლაკონიურია, მუსიკალურია და ჟღერადობითაც უფრო ამახსოვრდებათ ბავშვებს. საუბრის ისეთი ფორმაა, რომ ვფიქრობ, ეხმარება მათ რაღაც თემების უკეთ გააზრებაში.

ჩვენც, ბავშვობის ლექსები თითქმის ყველა ზეპირად გვახსოვს, რასაც გვიკითხავდნენ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რა გზავნილებს ჩავდებთ ლექსებში, რამდენად კარგად ჩამოვაყალიბებთ სათქმელს და მივაწვდით იმას, რაც ჯანსაღია. სადაც არ უნდა იგრძნოს, ვთქვათ, რომელიმე ბავშვმა, რომ სხვა მასზე უპირატესია. ხოლო ასეთ სიტუაციაში, მშვიდად შეხვდეს კონკურენციას და არ გაუჩნდეს აგრესია.

  • თქვენს ლექსებში ხაზგასმულია ის გენდერული როლები, რასაც საზოგადოება ბავშვობიდან აჩვევს გოგონებსა და ბიჭებს. როგორ რეაგირებენ ამაზე თავად ბავშვები?

იმას, რაზეც მე ვწერ ლექსებში, არ არის მოგონილი, ამ ყველაფერზე თავად ბავშვები ჰყვებიან ხოლმე. არ არის ისე, თითქოს მხოლოდ გოგოებს ჩაგრავენ. დასცინიან ბიჭებსაც იმის გამო, რომ გრძელ თმას ატარებენ, იმის გამო, რომ ტირიან და ეუბნებიან, – „რა გატირებს, გოგო ხარ?“, „გრძელი თმა რატომ გაქვს, გოგო ხარ?“

სწორედ ეს ამბავი აღვწერე ჩემს ერთ-ერთ ლექსში, სადაც ბიჭი ამბობს: „მე კი ასე გპასუხობ, უჩვეულო რა ხდება? დედამ თმა რომ შეიჭრას, განა მამა გახდება“.

გოგოების მიმართაც არის ხოლმე ასეთი შეძახილები და ზოგადად მგონია, რომ სქესთა შორის სხვაობების კარნახით ბავშვებს ჩვენ თავად ვუწესებთ საზღვრებს და ასეთი დაყოფა მათ საერთოდ არ მოსდით თავში.

მერე ჩვენ მიერ დაწესებულ ზღვარს მიჰყვებიან ისინიც. ხან იცავენ ამ ზღვარს, ხან – არა.

ეს საზღვრები გავაფართოვეთ იმით, რომ დავუყავით ფერებიც – ვარდისფერი გოგოს, ცისფერი – ბიჭს და ასეთი მარტივი მინიშნებებით ბავშვებსაც თავისდაუნებურად მყარ ჯებირებს ვაშენებინებთ, თორემ მათ ამის სურვილი და ფანტაზია არ აქვთ.

შემდეგ ამ საზღვრებს გააფთრებით იცავენ, როგორც კი ერთმანეთის სივრცეში შეიჭრებიან. გოგოებზე ერთი ამბავი მახსენდება – ძალიან ტრენდულია, როცა მათ ე.წ „პრინცესების“ როლს ვანიჭებთ და სხვებისგანაც მოვითხოვთ, რომ ისე მოექცნენ მათ, როგორც პრინცესებს.

ერთი შეხედვით, შესაძლოა ეს პრინცესობა კარგია, რომ პრინცესა ფაქიზია, მოსაფრთხილებელია, ხელის გულზე სატარებელია და აი, ამ  რაღაცნაირ სიფაქიზეში შერეულ სისუსტეს ვუდებთ გოგოებს წინ.

შემდეგ მათაც ვაიძულებთ, რომ ქედი მოუხარონ ამ სისუსტეს. თუმცა ბევრი ბავშვი მინახავს, რომელიც ამბობს, რომ არ არის პრინცესა, რომ ღობეებსა და ხეებზე დაძვრება და არ მოსწონს ეს როლი.

  • პრინცესასაც რაღაც აკრძალვები ხომ აქვს არა, გარკვეულ ჩარჩოებშია მოქცეული?

კი და ჩვენც ამ ჩარჩოებს ვთავაზობთ. რაღაც ასაკში ეს მათაც მოსწონთ – ფერადი ტონები, ლამაზი გვირგვინები, რაღაცნაირად მომხიბვლელია…

  • თუმცა რეალურ ცხოვრებაში არ არის ისე, რომ ყოველთვის შეიძლება ვინმემ დაგიცვას, სხვამ იზრუნოს შენზე. ამით ხომ ილუზიასაც ვუქმნით მათ?

კი, ასეც არის, რადგან ჩვენ პატარა გოგოებს „პრინცესულ სერვისს“ ვთავაზობთ, სანამ პატარები არიან: ყველა ვეფერებით, ყველა ხელის გულზე ვატარებთ. „არ შეიძლება ტალახიან გზაზე გავიარო, იმიტომ, რომ პრინცესას ფეხსაცმელები მაცვია“, ასეთ დონეზეც კი როლში არიან.  მაგრამ შემდეგ, როცა იზრდებიან და დაბრკოლებები ხვდებათ, ვეღარ არიან მყარი პატარა სტრესების მიმართაც კი.

  • ჩვენს საზოგადოებაში ქალზე ძალადობის მაჩვენებელი ძალიან მაღალია. ვხედავთ, ქალთა მკვლელობების როგორი საგანგაშო მაჩვენებელი გვაქვს ყოველწლიურად. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი. აღზრდის დროს ჩადებული სტიგმები?

რამდენადაც რთულია ეს პრობლემა, იმდენად მარტივი შეიძლება იყოს პასუხი. რადგან ჩვენ ბიჭებს დღესაც ვეუბნებით, რომ არ გამოხატონ ემოციები, როცა სტკივათ, მაგრად იდგნენ, როცა წაიქცნენ და რაღაც დაიზიანეს, რომ ისინი ვაჟკაცები, ყოჩაღები არიან და ამას ვუდებთ წინ მუდმივად. შემდეგ მათ უჩნდებათ რაღაცნაირი ძალაუფლების განცდა.

სად წაიღონ ეს განცდა, სადღაც ხომ უნდა გამოავლინონ. ამავდროულად, გოგოებზე ვეუბნებით, რომ ისინი სუსტი, ნაზი არსებები არიან. ამიტომ, როცა მათ ამ ძალის გამოვლენის სურვილი უჩნდებათ, ავლენენ სუსტებთან.

  • ხშირია შემთხვევა, როცა, მაგალითად, ბიჭს ეუბნებიან მშობლები, რომ მისი და უნდა დაიცვას. ამით ხომ არ ვაძლიერებთ ბიჭების, შემდეგ კი კაცების გავლენას ქალებზე, მათზე კონტროლის დამყარების მცდელობა აქედან მოდის?

რეალურად ასეც არის, რადგან „დის დაცვაშიც“ საკუთარი ძალაუფლების შეგრძნება აქვს ბავშვს. როცა მას ეუბნები, რომ „დაიცავი შენი და“, ეს ნიშნავს, რომ გამოავლინე ძალა, ვიღაცას წინ გადაუდექი და ამ დროს, შეიძლება ვიღაც სხვა გოგო დაჩაგროს დის დაცვის მოტივით.

როცა იზრდებიან, შემდეგ უკვე ერთგვარ ანგარიშვალდებულებადაც მიიჩნევენ დებს, მეუღლეებს – რადგან გიცავ, რასაც მიგითითებ, ის უნდა შეასრულო. რაღაცნაირ საკუთრებად წარმოაჩენს ეს ქალს.

  • გქონიათ შემთხვევა, როცა თქვენი ლექსების წაკითხვის შემდეგ თავადაც უსაუბრიათ ამაზე ბავშვებს?

ხანდახან, როცა შეხვედრებზე მიწევს ხოლმე ლექსების კითხვა, ძირითადად მე მივმართავ ბავშვებს და ვეკითხები, მოუციათ შენიშვნა გრძელი თმის გამო, ყოფილხართ ასეთ სიტუაციაში?

ან გოგონებს ვეკითხები, ყოფილა შემთხვევა, როცა მაღაზიაში ცისფერი სათამაშოს ყიდვა უნდოდა, მაგრამ გამყიდველმა მიუთითა, რომ გოგოსთვის ვარდისფერი სათამაშოებია. ძირითადად, მპასუხობენ – „კი, კი, როგორ არა“.

სახეზეც ეტყობათ, რომ შენში მხარდამჭერი იპოვეს და ეს თავსმოხვეული, რაღაც ნაძალადევი შეზღუდვები თურმე საერთოდ არაფერში სჭირდებათ და ამის გარეშე ცხოვრებაც შეიძლება.

  • თქვენს ლექსს „ცირკი ცხოველების გარეშე“, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბავშვებს ემპათიას უნდა უჩენდეს ცხოველების მიმართ, რომელსაც ადამიანი ექსპლუატაციას უწევს. გრძნობენ ამას, როცა კითხულობენ?

ცხოველების თემა ყველაზე ოპტიმალურია ასეთ დროს, რადგან ყველა ბავშვს უყვარს ცხოველი, ემეგობრებიან და კარგი საშუალებაა, რომ მათში თანაგრძნობა გავაჩინოთ ცოცხალი არსებების მიმართ.

ცხოველები არამეტყველი არსებები არიან, მაგრამ ყველაფერს გრძნობენ და ამ გრძნობებით იძლევიან უკუკავშირს.

თანაგრძნობის სწავლება ბავშვებისთვის პატარა, მარტივი მაგალითებით შეიძლება. მე ვცადე ლექსში ამ შინაარსის ჩადება.

ასევე ვცდილობ, ლექსებით ავუხსნა ბავშვებს, რომ როცა რაღაც უშავდებათ, ამაში ყოველთვის სხვა არ არის დამნაშავე. მშობლებმა და ბებია-ბაბუებმა იციან ხოლმე, როცა ბავშვი წაიქცევა, კედელს ან სკამს სცემენ, თითქოს ის არის დამნაშავე. არადა, შეგვიძლია ავუხსნათ ბავშვს, რომ სკამი არაფერ შუაშია, ეს შემთხვევითობა იყო, თვითონ დაეჯახა და წაიქცა.

მე ჩემს შვილთანაც ასეთი მიდგომა მაქვს ხოლმე. ჯერ ვეძებთ მიზეზს და თუ ეს არ არის შემთხვევითობა, ვცდილობთ, სიტყვებით მოვაგვაროთ, საუბრით, რომ ერთმანეთს არც ფიზიკურად შევეხოთ და არც უხეში სიტყვებით.

  • რატომ ვერ ვახერხებთ ბავშვობაში დაწესებული საზღვრების გარღვევას, როცა ვიზრდებით. ძალიან რთულია?

ძალიან ღრმად გვაქვს ჩაბეჭდილი ეს გენდერული სტიგმები. ზოგჯერ იმდენად გამჯდარია, რომ ჩვენდა უნებურად ვიქცევით ასე.

საკუთარ ქცევებსაც კი, თუ დავუკვირდებით, ძალიან ბევრ პატარა სიმბოლოს აღმოვაჩენთ, რაც სქესებს შორის კიდევ უფრო აფართოებს ხოლმე გენდერულად დაწესებულ საზღვრებს.

მით უფრო მეტი შინაგანი კონფლიქტი გვაქვს, როცა ამ საზღვრებს ვინმე გადმოკვეთს.

ჩვენ შეიძლება გვგონია, რომ მშობლების თაობა უკან ჩამოვიტოვეთ, მაგრამ სინამდვილეში, ყველა ადამიანი თავის ცხოვრებას მაინც წარმართავს ბავშვობაში ჩადებული რაღაც შეგონებებით და ამით ვხელმძღვანელობთ ჩვენდა უნებურად მთელი ცხოვრება.

„გოგო არ შეიძლება ღამე გვიან მოვიდეს სახლში“, „ბიჭს შეუძლია მეგობრებთან ერთად გაერთოს“, „გოგომ სადილი უნდა გააკეთოს“ – ამ შეგონებებით გვზრდიან და ჩვენც ინერციით თუ ინსტინქტით, ამას მივყვებით.

გვგონია, რომ ეს არის ნორმა. ცოტა განსხვავებულად თუ მოიქცევით და შეცვლით, მაშინვე მოდის რაღაც მსაჯულის ხმები. „რატომ აკეთებ“, „რატომ მკრეხელობ“, რატომ არ ჯდები ნორმაში და რეალურად, ეს შეძახილები მტკივნეულია ხოლმე და ამის შიშით ვიკავებთ თავს. თორემ, შინაგანი თავისუფლებისა და ამ ბორკილების მოხსნის სურვილი აქვს ყველას – ქალსაც და კაცსაც.

  • ქალების მიმართ ასეთ აგრესიას ეს განაპირობებს?

ბიჭებს, კაცებსაც ასე აქვთ ჩანერგილი, რომ ისინი ძლიერები არიან, რომ მათ უფრო მეტი უფლებები აქვთ, ვიდრე გოგოებს და შესაბამისად, ამის დემონსტრირებას ახდენენ. უფრო ხშირად სახლში ჰყავთ ხოლმე ასეთი სამიზნეები და გამომდინარე იქიდან, რომ იმპულსური ხალხიც ვართ, ეს ყველაფერი შეიძლება მივიდეს ტრაგედიამდე.

  • დღეს ბევრი კითხვა ისმის იმაზე, როგორ შევაჩეროთ ეს ძალადობა. ზრდასრულობაში შეგონებები ალბათ ნაკლებად მუშაობს.  

მხოლოდ სწავლებაც არ არის საკმარისი, რადგან როცა გადიან ჩვენი ჭიშკრიდან, იქ ხედავენ სრულიად ამოყირავებულ სურათს. მე ამიხსნია რაღაც ჩემი შვილისთვის, გავიდა პარკში და იქიდან რომ ამოვიდა, მითხრა – „არა, ცისფერია ბიჭების ფერი“.

მხოლოდ საუბარი და თეორიული მასალა არ არის საკმარისი, რასაც ხედავენ მეგობრებში, მეზობლებში, ოჯახის წევრებთან, ეს არის მათთვის ქცევის მოდელი.

ქუჩაშიც მინახავს, რომ უყვირიან ერთმანეთს და ხელითაც შეხებიან. ყოველდღიური ცხოვრების დონეზე თუ გამოვასწორებთ ამ ამბავს, მაშინ თეორიულ შეგონებასაც ექნება აზრი.

ბავშვებს უნდა მივცეთ უფლება გამოხატონ თავიანთი თავი. ვისაც გრძელი თმა მოსწონს, ატაროს, ვისაც საყურე მოსწონს, ატაროს საყურე, ვისაც ვარდისფერი ბუშტი მოსწონს, ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ აიღოს ის, რაც მოსწონს და არა ის, რომელიც შენ მიიჩნიე საჭიროდ.

აი, აქედან იწყება შემდეგ პრობლემები, რადგან ადამიანი ვეღარ ახდენს თვითრეალიზებას, დადის რაღაც შეკავებული, შენიღბული ემოციებით, ზის კაფსულაში, რომელშიც ჩვენ თვითონ ჩავსვით და შემდეგ იწყება შინაგანი კონფლიქტი.

თუ შევთანხმდებით საზოგადოება, რომ ჯერ ოჯახში უნდა იყოს თანასწორობა, თავისუფლება და მიმღებლობა აღიარებული, შემდეგ საბავშვო ბაღში, სკოლაში და ასე შემდეგ, არის გამოსავალი, რომ ძალადობა ჩვენს საზოგადოებაში შემცირდეს.

გადაბეჭდვის წესი