მთავარი,სიახლეები

ბილაინის და სილქნეტის ანტენები ბათუმში, სახურავზე – მათი გამოსხივება 3-ჯერ აღემატება ნორმას

15.09.2022 • 2214
ბილაინის და სილქნეტის ანტენები ბათუმში, სახურავზე – მათი გამოსხივება 3-ჯერ აღემატება ნორმას

„გამოდის, ხელსაწყოთი უნდა ვზომოთ მუდმივად, გადააჭარბა თუ არა ანტენიდან დასხივებამ დასაშვებ ნორმას,“  – ამბობს „ბათუმელებთან“ ნათია ანდღულაძე, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა, როგორ გამოცხადდნენ ადგილზე გარემოსდამცველები, როცა ცხელ ხაზზე დარეკა და მეზობელი შენობის სახურავზე განთავსებული „ჯეოსელის“ და „ბილაინის“ ანტენების შემოწმება ითხოვა გამოსხივებაზე – დარღვევა დადასტურდა, თუმცა არაფერი შეცვლილა.

„დადგინდა, რომ გამოსხივება მინიმუმ სამჯერ აღემატებოდა საქართველოში დასაშვებ ნორმას, მაგრამ არაფერი შეცვლილა… როგორც გავარკვიე, ევროპის ქვეყნებში ანტენის მსგავსი მოწყობილობიდან გამოსხივებაზე დასაშვები ნორმა ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე საქართველოში,“ – გვიყვება ნათია ანდღულაძე.

ნათია ანდღულაძის ნათქვამი დასტურდება კადრებით, რომელიც გადაღებულია ელექტრომაგნიტური ველის სიმკვრივის ნაკადის გაზომვის პროცესში.

ის და მისი სამეზობლო ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, სასტუმრო „წერეთლის“ სახურავზე განთავსებულ ანტენებს აპროტესტებენ. მობილური კავშირგაბმულობის კომპანიებს სხვა შემთხვევების მსგავსად, აქაც ანტენების განთავსებაზე ხელშეკრულება კონკრეტულად მესაკუთრესთან [სასტუმრო, სადაც ანტენებია განთავსებული] აქვთ გაფორმებული – აქ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამართალდარღვევა რამდენიმე დღის წინ, 2 სექტემბერს დაადგინა.

გარემოსდაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი ანტენების დემონტაჟს კი არ ითხოვს, არამედ ადასტურებს, რომ გამოსხივება კანონით დასაშვებ ნორმას აჭარბებს და ამისთვის კომპანიები უნდა დაჯარიმდნენ, ამავდროულად კი, დასაშვებ ნორმას უნდა დაუბრუნდეს „ელექტრომაგნიტური ველის სიმკვრივის ნაკადი“.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმში, ზ. გორგილაძის ქ.N 29-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის აივანზე, შპს ,,ვიონი საქართველოსა” და სს ,,სილქნეტის” კუთვნილი მიმღებ-გადამცემი ანტენების ელექტრომაგნიტური ველის სიმკვრივის ნაკადის გაზომვის შედეგად, დადგენილი ნორმის გადამეტება გამოავლინეს. აღნიშნულ დარღვევებზე „სილქნეტისა“ და „ვიონი საქართველოს“ მიმართ შედგენილია ოქმები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად. მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით გადაგზავნილია ბათუმის საქალაქო სასამართლოში,“ – მოგვწერეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან და საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გარეშე უარი გვითხრეს გავცნობოდით კონკრეტულად სამართალდარღვევის ოქმს, სადაც მეტი დეტალის გაგებაა სავარაუდოდ შესაძლებელი.

დეპარტამენტის მიერ მითითებული მუხლი გულისხმობს: „ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ზემოქმედების (ხმაური, ვიბრაცია, ელექტრომაგნიტური ველი) დადგენილი ნორმების გადამეტებას“, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 1000 ლარამდე.

გარემოსდაცვით ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესცენტრში განმარტეს, რომ გადამოწმების დროს თუკი დადასტურდება, რომ კომპანიები კანონმდებლობით დადგენილი ნორმას ისევ არ ასრულებენ, მას უკვე გაორმაგებული ოდენობით დააჯარიმებენ და მიყვებიან კანონით განსაზღვრულ შემდეგ ეტაპებს. იმ შემთხვევაში, თუკი პერიოდულად დადასტურდება გამოსხივების დასაშვებ ნორმასთან გადაჭარბება, დეპარტამენტმა შესაძლოა კომპანიებს უჩივლოს მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის.

ჯარიმა კი, რაც „ბილაინმა“ და „სილქნეტმა“ უნდა გადაიხადონ, ჯერ არაა შესული კანონიერ ძალაში – ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ ამ საქმეს 18 ოქტომბერს განიხილავენ.

როდის შეამოწმებს ისევ, მაგალითად, გორგილაძის ქუჩაზე განთავსებულ ანტენებს გარემოს ზედამხედველობითი დაცვის დეპარტამენტი? რას სთავაზობს ამ დროს სახელმწიფო საფრთხის წინაშე დარჩენილ მოქალაქეებს, ვიდრე ჯარიმის შესახებ რამეს გადაწყვეტს სასამართლო? რა შემთხვევაში მოითხოვს გარემოსდაცვითი დეპარტამენტი ანტენების დემონტაჟს? რის მიხედვით განისაზღვრა სამართლებრივ ნორმაში „დასაშვები ზღვარი“ და რეალურად რა მასშტაბის საფრთხის წინაშე არიან ამ დროს ადამიანები? – ამ სახის განმარტებაზე გარესმოდაცვით დეპარტამენტში უარი გვითხრეს. ამ საკითხზე არც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში ისურვეს საუბარი.

„სილქნეტის“ და „ბილაინის“ ანტენები გორგილაძის 33-ში

  • შეუძლიათ მოქალაქეებს სასამართლოს მიმართონ და ანტენის დემონტაჟი მოითხოვონ? – იურისტის განმარტება

„შეუძლიათ, მაგრამ უფლებას და შედეგს შორის მათ ძალიან რთული გზის გავლა მოუწევთ, მათ უნდა დადასტურონ მომეტებული საფრთხის არსებობა, რამაც ზეგავლენა მოახდინა მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე,“ – ამბობს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი, რომელსაც ვკითხეთ: შეიძლება თუ არა ამ შემთხვევაში, როცა დადგენილია, რომ დარღვეულია ელექტრომაგნიტური ველის ნაკადის დასაშვები ნორმა.

იურისტი განმარტავს, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს, თუკი გამოჩნდება, რომ სახელმწიფო ორგანოს ჩართულობა ეფექტური არ არის და საჯარიმო სანქციები კომპანიებისთვის, რომლებსაც ეს ანტენები ეკუთვნით, შემაკავებელი არ აღმოჩნდა.

„ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება, რა თქმა უნდა, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, მაგრამ ნებისმიერი უფლება მაშინაა სიცოცხლისუნარიანი, როცა პრაქტიკულად ნებისმიერი მოქალაქე სარგებლობს ამ უფლებით.

ამ შემთხვევაში საუბარია ელექტრომაგნიტურ გამოსხივებაზე, რამაც შესაძლოა ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს ადამიანების ჯანმრთელობაზე, თუმცა ჯანმრთელობაზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას. ამიტომაც, სამტკიცებელია, რამდენად მიაყენა ადამიანის ჯანმრთელობას ზიანი ელექტრომანიტურმა გამსოხივებამ, რამდენად მოახდინა გავლენა ამ ნორმის დარღვევამ ადამიანის ჯანმრთელობაზე? ეს არის სამედიცინო კვლევის საგანი. ჩვენ უნდა გვქონდეს მტკიცებულება, რა ტიპის ზიანი მიადგა მოქალაქეს.

სახელმწიფომ უნდა შექმნას ეფექტური და მოქნილი შესაძლებლობები, რაც მისცემს ადამიანებს შესაძლებლობებს, რომ ჩაიტარონ ამ ტიპის კვლევები ზედმეტი ფინანსური ხარჯის გარეშე. ეს ასევე დაკავშირებულია სამართლებრივი დავის წარმოებასთან, რაც რესურსებს მოითხოვს. სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გამოხატოს მხარდაჭერა, ამ ადამიანების ინტერესების დაცვაზე,“ – აღნიშნა იურისტმა გიორგი ხიმშიაშვილმა.

  • ფიზიკოსი: ასეთი მოწყობილობები არ უნდა განთავსდეს საცხოვრებელი ობიექტების სახურავებზე 

რა გავლენას ახდენს მობილური კავშირგაბმულობის ანტენა ადამიანების ჯანმრთელობაზე და რა შემთხვევაში? – ამ კითხვებზე ვერ გვიპასუხეს გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში, ასევე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში.

„მეც როგორც ვიცი, არ არსებობს ცალსახა მიდგომა, ზუსტად გამოკვლეული არ არის ეს საკითხი, მაგრამ ევროპული პრაქტიკა ძირითადად არის გაფრთხილებაზე ორიენტირებული, ანუ სახელმწიფომ თავიდან უნდა აიცილოს რისკები, რაც მსგავსი ტექნიკური აღჭურვილობის მოსახლეობის სიახლოვის განთავსებას შესაძლოა ახლდეს,“ – ამბობს ქეთი გუჯარაიძე „მწვანე ალტერნატივიდან“.

„კონკრეტული რეკომენდაცია არ არსებობს, რადგან დღემდე გრძელდება ამ კუთხით კვლევები საერთაშორისო დონეზე. ზოგადი რეკომენდაციაა, რომ ასეთი მოწყობილობები, დადგენილ ნორმებს რომც არ არღვევდეს, არ უნდა განთავსდეს ისეთ შენობებზე, სადაც ადამიანები ცხოვრობენ და დღე-ღამეში მინიმუმ 10 საათს ატარებენ,“ – ეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ფიზიკოსმა ნუგზარ ღომიძემ გვითხრა. ის რადიოფიზიკის მიმართულებით მუშაობს.

ფიზიკოსის განმარტებით, გადამცემი ხაზები, სადაც 500 კილოვოლტამდე სიმძლავრის ენერგია გადაიცემა, დაახლოებით 15 მეტრის რადიუსში ქმნიან საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, 500 კილოვოლტის მეტი სიმძლავრის შემთხვევაში კი, დასაშვები რადიუსი 30 მეტრია.

„რადიომეცნიერები დღემდე სწავლობენ ამ საკითხებს და ერთიანი მიდგომა, ცალსახა რეკომენდაცია არ არსებობს, თუმცა მეცნიერების აზრით, მსგავსი გამოსხივება მოქმედებს განსაკუთრებით ნერვულ სისტემაზე, იწვევს დაღლილობას განსაკუთრებით მოხუცებში, რომლებიც ნაკლებად მოძრაობენ,“ – აღნიშნა პროფესორმა ნუგზარ ღომიძემ „ბათუმელებთან“.

  • კიდევ ერთი ამბავი ანტენის გამოსხივებაზე – მოქალაქემ სასამართლო დავა ბათუმის მერიას მოუგო, რა შეიცვალა?  

გორგილაძის ქუჩის შემთხვევა არაა ერთადერთი, როცა ადამიანები კავშირგაბმულობის ანტენების დემონტაჟს ითხოვენ – „ბათუმელები“ 2021 წლის დეკემბერში წერდა ნანა ბერიძის შესახებ, რომელმაც ბათუმის მერიას მოუგო სასამართლო დავა. ის ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ცხოვრობს და თავისი კორპუსის სახურავიდან „ბილაინის“ ანტენის დემონტაჟს ითხოვს.

ნანა ბერიძე მერიის წინააღმდეგ დაობს, რადგან გარემოსდაცვითმა დეპარტამენტმა ამ შემთხვევაში გამოსხივების კუთხით დარღვევა ვერ დაადასტურა, თუმცა კორპუსის სახურავზე ანტენის განთავსებაზე ნებართვა ბათუმის მერიამ კომპანიას ამხანაგობის თანხმობის გარეშე მისცა. კანონით ამ დროს ამხანაგობის 100 %-იანი თანხმობაა საჭირო.

ბათუმის მერიის განმარტებით კი, ანტენის განთავსება პირველი კატეგორიის მშენებლობას უკავშირდება და ამხანაგობის თანხმობა საჭირო არ იყო.

ნანა ბერიძემ მოიგო ბათუმის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოები, თუმცა ბათუმის მერიამ საქმე უზენაესშიც წაიღო. მოქალაქე, რომელმაც დავა 2019 წელს დაიწყო ისევ ანტენის ქვეშ ცხოვრობს და ამჯერად უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელის. თუ ბოლო ინსტანციის სასამართლო ნანა ბერიძის საქმეზე წინა ინსტანციების სასამართლოს პოზიციებს გაიზიარებს, ამ შემთხვევაში მუნიციპალური ინსპექცია მოსთხოვს „ბილაინს“ ანტენის დემონტაჟს ფარნავა მეფის ქუჩაზე.,

„ჩვენთან დაუწიეს მაჩვენებლის სპეციალურად შემოწმების დროს, თუ რა ქნეს არ ვიცი, მაგრამ არ აჩვენა აპარატმა გამოსხივების დასაშვები ნორმის გადაჭარბება,“ – გვიყვება ნანა ბერიძე, რომელიც არ გამორიცხავს, ზიანის ანაზღაურების კუთხით იდავოს ამჯერად „ბილაინის“ წინააღმდეგ. მას არ აქვს კონკრეტული მტკიცებულება, რაც დაადასტურებს რა სახის ჯანმრთელობის პრობლემები შექმნა მობილური კავშირგაბმულობის ანტენის განთავსებამ მისი საცხოვრებელი ბინის სახურავზე.

„2017 წელს გადმოვედით ამ კორპუსში საცხოვრებლად და ღამე ხმებმა შეგვაწუხა, არ ვიცოდით, თუ იქ ანტენა იყო, ისეთი ხმა ჰქონდა და მოძრაობდა, კედლები ზანზარებდა… ჩემს გვერდით ბინა აქვს მესაკუთრეს მიქირავებული კომპანიისთვის, იქ არის აპარატურა და ზემოთ ანტენა…. სცადეს ჩემთან დალაპარაკება ზიანის ანაზღაურებაზე, მაგრამ მე კატეგორიული უარი განვაცხადე – ვხედავდი, როგორ უარესდებოდა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაც.

ვაპირებდი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ექსპერტიზის ჩატარებასაც, მაგრამ ეს ძვირი სერვისია, კერძო ექსპერტიზა უნდა დაიქირაო. მე ვარჩიე სასამართლოში წასვლა და პირველ რიგში დავა იმ კუთხით, რომ მერიას არ ჰქონდა უფლება თანხმობა მიეცა კომპანიისთვის, როცა ამხანაგობის თანხმობა არ არსებობდა.

მე ახლაც ამ კორპუსში ვცხოვრობ, სად წავიდეთ აბა? იმედია, მალე მივიღებთ უზენაესი სასამართლოს პასუხს და ანტენას აიღებენ. ამ დავის პროცესში ერთადერთი ის შეიცვალა, რომ იმხელა ხმაური და მოძრაობა აღარ აქვს აპარატურას, რაც მანამდე იყო, ანუ შეფუთეს შესაბამისად, მაგრამ ეს ხომ გამოსავალი არაა?“ – კითხულობს ნანა ბერიძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: