მთავარი,სიახლეები

რა მოხდება, თუ გაქირავებულ ბინას ვეღარ იბრუნებ და საკეტს გამოცვლი – ინტერვიუ იურისტთან

05.09.2022 • 84394
რა მოხდება, თუ გაქირავებულ ბინას ვეღარ იბრუნებ და საკეტს გამოცვლი – ინტერვიუ იურისტთან

საკეტის გამოცვლა, ბინაში კომუნალურების გამორთვა თუ სასამართლოში წასვლა? – რამდენიმე ვერსია გააქტიურდა სოციალურ ქსელში პრობლემაზე, როცა ადამიანები საკუთარ, მაგრამ გაქირავებულ ბინას უკან ვეღარ იბრუნებენ.

ეს პრობლემა განსაკუთრებით ბოლო წლებში გააქტიურდა, როცა გამოსახლებას სასამართლოს გადაწყვეტილება სჭირდება. მართალია, კანონით სასამართლომ ამ კატეგორიის საქმე ერთ თვეში უნდა განიხილოს, თუმცა იურისტებს ასე მოკლე დროში დასრულებული სასამართლო პროცესი არ ახსოვთ.

რა არის კანონიერი გამოსავალი, როცა გაქირავებულ ბინას უკან ვეღარ იბრუნებ? – „ბათუმელები“ პაატა დიასამიძეს ესაუბრა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელს.

  • რით არის გამართლებული ის, რომ საკუთარი ბინიდან პირის გამოსახლებისთვის, რომელიც პირობებს არღვევს და თანხას აღარ იხდის, გჭირდება სასამართლო დავა?

პირველ რიგში, პირი მართლზომიერად უნდა იმყოფებოდეს ბინაში, ცხადია, შეჭრა დანაშაულია. უძრავ ქონებაში შეჭრის შემთხვევაში შსს-ს შეუძლია გამოსახლება, როცა იკვეთება დანაშაულის ნიშნები.

როცა არსებობს ქირავნობის ან ბინათსარგებლობის ხელშეკრულება, ამ შემთხვევაში მივდივართ სასამართლომდე. ხელშეკრულება შესაძლოა იყოს როგორც წერილობითი, ისე ზეპირი, თუმცა მიზანშეწონილია წერილობითი ხელშეკრულება, რომელშიც დეტალურად იქნება შესაძლებელი პირობების გათვალისწინება, მათ შორის, ქირის გადახდის წესი, პერიოდულად ბინის მონახულების შესაძლებლობა, ნივთების დაზიანების შემთხვევაში ანაზღაურების წესი და ასე შემდეგ.

წლების წინ იყო პრაქტიკა, როცა წარუდგენდი პოლიციას ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელს, რაც ადასტურებდა, რომ შენ ხარ ნამდვილად მესაკუთრე და პოლიციის ძალით ხდებოდა გამოსახლება. ამ პერიოდში მევახშეები ხშირად აფორმებდნენ კაბალურ ხელშეკრულებებს, კაბალური პროცენტებით, შეცდომაში შეჰყავდათ მესაკუთრეები, უძრავ ქონებას იკავებდნენ და ასე შემდეგ, პოლიცია კი, შინაარსში ვერ შევიდოდა და ამიტომაც შეიცვალა ეს საკანონმდებლო რეგულაციები. რთულია იმის თქმა, რამდენად სწორია ეს ან არასწორი, თუმცა დღეს ბინას რამდენად მართლზომიერად ფლობს ესა თუ ის პირი, ადგენს სასამართლო.

ეს არის უფრო მართლმსაჯულების პრობლემა, რადგან ხშირ შემთხვევაში კი არა, უმრავლეს შემთხვევაში სასამართლო არღვევს საქმეთა განხილვის ვადებს. უძრავი ქონების უკანონო მფლობელობის გამოთხოვის საქმეების განხილვას აქვს ერთთვიანი ვადა სარჩელის შეტანიდან. კანონში პირდაპირ არის ეს ჩანაწერი.

  •  პრაქტიკაში რა დრო სჭირდება ამ საქმეების განხილვას სასამართლოში? 

ამ კატეგორიის საქმეების განხილვას დაახლოებით ერთი წელი სჭირდება. მე არ მინახავს ერთ თვეში რომელიმე საქმის განხილვა დასრულებულიყოს. ამ კატეგორიის საქმეზე ასევე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლოა დადგინდეს დაუყოვნებლივ აღსრულება, რაც გულისხმობს იმას, რომ გასაჩივრება ვეღარ შეაჩერებს გამოსახლების პროცესს.

  • აღსრულებას რა დრო სჭირდება რეალურად? 

ჩვეულებრივი წესით ხდება აღსრულება, ანუ ჯერ პირს უნდა ჩაბარდეს წერილობითი შეტყობინება, შემდეგ კი, იწყება იძულებით აღსრულება. წესით, აღსრულების ეტაპი არ უნდა გაგრძელდეს დიდხანს, თუმცა მინახავს შემთხვევებიც, როცა ეს ჭიანურდება.

ზოგჯერ გაჭიანურების ობიექტური გარემოებებიც არსებობს, მაგალითად, ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა. ამ დროს აღსრულების ბიუროს უფროსს აქვს გადავადების უფლება და ხდება გადავადებაც.

  • თქვენი აზრით, პრობლემაა ამ კატეგორიის საქმეების სასამართლოში განხილვის ვადა და არ არსებობს საკანონმდებლო ხარვეზი? 

თავის დროზე მიიჩნიეს, რომ არსებობდა რისკები, როცა პოლიცია ახორციელებდა გამოსახლებას და შევცვალეთ კანონი. ჩამოყალიბდა ამგვარი საკანონმდებლო რეგულაცია, რომ სასამართლომდე მივიდეს მსგავსი კატეგორიის დავების განხილვა. არსებული სამართლებრივი რეგულაციებით შესაძლებელია ამ დავების ეფექტურად განხილვა, თუ  სასამართლო ამას მართლაც ერთ თვეში განიხილავს.

  • სოციალურ ქსელში კომენტარებიდან გამოჩნდა, რომ ზოგიერთს ასეთი გამოსავალი მოუძებნია: როცა გაქირავებული ბინა ვეღარ დავიბრუნეთ, საკეტი შევცვალეთ და შემდეგ საკუთარი ბინიდან ხომ ვეღარ გამომასახლებდნენო. 

ეს არის თვითნებობა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. შესაძლოა, ვინც ბინაშია, მისი მოთხოვნები სამართლიანია და არაა გასული ვადა, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ.

თვითნებობის განმარტება არის ეს: „ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება“ და ზუსტად ეს შემთხვევა იქნება, თუკი ვინმე საკეტს გამოცვლის საკუთარ ბინაში მაშინ, როცა დამქირავებელს ბინა არ დაუცლია და სასამართლოს გადაწყვეტილება არ მიუღია. ეს მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, გამასწორებელ სამუშაოს, ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე.

  • მეორე ვერსიაა კომუნალურების გამორთვა – მესაკუთრის მოთხოვნით ბინაში აღარაა შუქი, წყალი, გაზი. ეს დასაშვებია? 

ეს თვითნებობა არ არის, თუმცა ამ შემთხვევაში პირს, რომელიც ბინაშია, შეუძლია მისწეროს სემეკს, თან დაურთოს ქირავნობის ხელშეკრულება და მოითხოვოს ის, რომ  ჩაურთონ შუქი და წყალიც.

არსებობს კანონით განსაზღვრული „მინიმალური საცხოვრისის სტანდარტი“, რაც ნებისმიერი ადამიანის უფლებაა და ამ მინიმალურ საცხოვრისში შედის კომუნალური სერვისებით სარგებლობის უფლება. სემეკი ამ შემთხვევაში დაავალებს მიმწოდებელ კომპანიას, რომ სასამართლო დავის დასრულებამდე, მაგალითად, ელექტროენერგიის მიწოდება აღადგინონ კონკრეტულ მისამართზე.

რას ურჩევდით მოქალაქეებს, ვიდრე ისინი გააქირავებენ ბინებს? 

ვურჩევდი წერილობით ხელშეკრულების გაფორმებას, სადაც შესაძლებელი იქნება პირობების განსაზღვრა, მაგალითად, თვეში ერთხელ საკუთარი ბინის მონახულება, ხოლო როცა დამქირავებელი ბინას არ ტოვებს და არც ქირას იხდის, ამ რისკს ვერ დააზღვევ და მივდივართ სასამართლომდე. იმისთვის, რომ სამოქალაქო ბრუნვას ხელი არ შეეშალოს და ამან ეკონომიკური შეფერხება არ გამოიწვიოს, სასამართლომ ამ კატეგორიის დავები დროულად უნდა განიხილოს და კანონით გათვალისწინებული ვადები დაიცვას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: