მთავარი,სიახლეები

თუ სანქციები შეეხება ივანიშვილს, ეს პრობლემებს შეუქმნის მის ქონებას და „ოცნებასაც“ – პოლიტოლოგი

09.06.2022 • 2297
თუ სანქციები შეეხება ივანიშვილს, ეს პრობლემებს შეუქმნის მის ქონებას და „ოცნებასაც“ – პოლიტოლოგი

„ქართული ოცნება“ ჭირვეული ბავშვივით იქცევა… ასეთი ტონით საუბარი არ შეიძლება,“ – ასეთია პოლიტოლოგის და „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის, კორნელი კაკაჩიას შეფასება ირაკლი კობახიძის ბრიფინგზე. პოლიტოლოგის დაკვირვებით, ევროკავშირის რეზოლუციიდან მკაფიოდ ჩანს კონკრეტული პრობლემები, რაც ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას. „ქართული ოცნება“ კი ცდილობს, საზოგადოება დააჯეროს, რომ თუკი კანდიდატის სტატუსზე უარს გვეტყვიან, ეს საქართველოს ხელისუფლების ბრალი არ იქნება.

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ მსგავსი განცხადებები აძლიერებს ეჭვს დასავლეთში: რამდენად გულწრფელად სურს საქართველოს ევროკავშირის წევრობა?

„ეს აძლიერებს ეჭვს დასავლეთში, რამდენად გულწრფელად სურს საქართველოს კანდიდატის სტატუსი?… მაგალითად, იგივე ნიკა გვარამიას დაკავებაზე, ხელისუფლებას რომ სდომებოდა, შესაძლოა, გამოეჩინა სტრატეგიული მოთმინება, ან მოლდოვის პრემიერის მსგავსად, საქართველოს პრემიერიც გამოსულიყო ევროკავშირში და ეთქვა, რომ ბევრ რამეში შეცდა, მაგრამ გამოასწორებს. ეს წაადგებოდა ქვეყნის იმიჯს, რომელიც ყველაზე ძლიერად არის დაზიანებული,“ – ამბობს კორნელი კაკაჩია.

რატომ დასჭირდა ირაკლი კობახიძეს და, შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ გზავნილი, რომ ევროკავშირი საქართველოს სჯის რუსეთისთვის სანქციების არდაწესებისთვის, ანუ „დასავლეთმა ომი დააწყებინა უკრაინას, მაგრამ ვერ ჩართო ამ ომში საქართველო? როგორაა ეს მოცემული „ოცნების“ პროპაგანდაში? – პოლიტოლოგის აზრით, ეს გზავნილი საქართველოში ვერ იმუშავებს, რადგან ყველა კარგად აცნობიერებს, რომ საქართველოს ომში ჩართვას არავის სთხოვს. ამ მიდგომით მხოლოდ ძლიერდება პრორუსული გზავნილები.

„ყველა კარგად აცნობიერებს საქართველოში, რომ ომში ჩართვას საქართველოს არავის სთხოვს. საქართველოს სთხოვენ ღირებულებების ერთგულებას…

ევროკავშირის რეზოლუცია არ არის აუცილებლად განსახორციელებელი, სარეკომენდაციო ხასიათისაა. მაგრამ ამას რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ადასტურებს „ქართული ოცნების“ გამოხმაურებაც. მსგავსი კონფრონტაციული განცხადებები კი, არა მგონია, ხელს უწყობდეს საქართველოს საკითხის დადებით კონტექსტში განხილვას… ეს აგრესიული რიტორიკა, „ჩალის ფასი“ აქვს და ასე შემდეგ, ხელს არ უწყობს საქართველოს იმიჯის გაუმჯობესებას, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება ახლა საქართველოს – ურთიერთობები საქართველოს ხელისუფლებას და დასავლეთს შორის ისედაც დაძაბულია და გაცივებული რიგი მიზეზების გამო.

საქართველოს ჰქონდა რეპუტაციული ზიანი რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს პოზიციონირების გამოც. შესაბამისად, არ მესმის, რას ემსახურებოდა ირაკლი კობახიძის ეს მწვავე განცხადებები. ბუნებრივია, ევროკავშირი უკან არ დაიხევს და პირიქით, მსგავსმა განცხადებებმა შესაძლოა, ხელი შეუწყოს ქვეყნის შემდგომ იზოლაციას,“ – აღნიშნა კორნელი კაკაჩიამ.

პოლიტოლოგი ყურადღებას ამახვილებს ირაკლი კობახიძის და „ქართული ოცნების“ აქტიურ მცდელობაზე, დაიცვან ბიძინა ივანიშვილი, რითაც კიდევ უფრო მკაფიო ხდება არაფორმალური მმართველობა კანონის უზენაესობის ნაცვლად.

„თუ სანქციები შეეხება ივანიშვილს, ეს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის მის ქონებას, ეს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის „ქართულ ოცნებასაც“, რომელიც ახლა უფრო დაკავებულია მისი ვექილობით იმის საპირისპიროდ, რასაც ამტკიცებენ, რომ ივანიშვილი არაა პოლიტიკაში… თუ ეს ასეა, მაშინ ამას უნდა ამბობდეს მისი ადვოკატი და არა მმართველი პოლიტიკური პარტიის ლიდერები, რომლებიც გააფთრებით იცავენ მას,“ – აღნიშნა კორნელი კაკაჩიამ „ბათუმელებთან“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: