მთავარი,სიახლეები

ონკოპაციენტი ბავშვების მკურნალობა დაფინანსდეს სრულად – PHR-ი სასამართლოში დავობს

15.03.2022 • 1677
ონკოპაციენტი ბავშვების მკურნალობა დაფინანსდეს სრულად – PHR-ი სასამართლოში დავობს

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ონკოდაავადების მქონე ბავშვებისთვის ცვლილებებს ითხოვს. ორგანიზაციის სარჩელი ონკოდაავადების მქონე ბავშვებისთვის სახელმწიფო დაფინანსების გაზრდას უკავშირდება.

2022 წლის მარტის დასაწყისში თბილისის საქალაქო სასამართლომ PHR-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო.

უფლებადამცველი ორგანიზაცია პრობლემის მასშტაბზე წერს. მათ მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ 100 ბავშვს უსვამენ ონკოდაავადების დიაგნოზს.

PHR-ის ინფორმაციით, 2015-2020 წლებში სიმსივნით 169 ბავშვი გარდაიცვალა.

„შედეგი დრამატულია, რადგან დიაგნოსტირებული ბავშვების 25%-ია გარდაცვლილი. თუმცა უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ამ მონაცემებში არ შედის საზღვარგარეთ გარდაცვლილი ბავშვების რაოდენობა, რისი სტატისტიკაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს არ აქვს“, – ამბობს PHR-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ანა აბაშიძე.

ანა აბაშიძე, უფლებადამცველი

„ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის წლიური ლიმიტი ბავშვებისთვის არის 23 000 ლარი, ხოლო საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსების ლიმიტი – არაუმეტეს 10 000 დოლარის ეკვივალენტი ლარი. ეს მაშინ, როცა საშუალოდ ბავშვს 100 000 ევრო სჭირდება მკურნალობისთვის. სახელმწიფო ბავშვის უცხოეთში მკურნალობის მაქსიმუმ 10% -ს აფინანსებს, რაც მიზერულია და რის გამოც ბავშვები საერთოდ ვერ იღებენ სასიცოცხლოდ აუცილებელ სამედიცინო  დახმარებას“, – წერია PHR-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელზეც  ორგანიზაციამ სარჩელის მოთხოვნები წარადგინა, უფლებადამცველმა ანა აბაშიძემ ხაზი გაუსვა ონკოპაციენტი ბავშვებისთვის საზღვარგარეთ მკურნალობის პრობლემასაც.

ანა აბაშიძის განმარტებით, საზღვარგარეთ მკურნალობის საჭიროების დროს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი 10 ათასი დოლარის ეკვივალენტი ლარში, არასდროსაა საკმარისი ბავშვებისთვის, რადგან საზღვარგარეთ ონკოდაავადების მქონე ბავშვის მკურნალობას საშუალოდ 100, 150 ათასი დოლარი, ხშირად კი ამდენივე ევრო სჭირდება.

„მნიშვნელოვანია ასევე მედიკამენტები, რითაც ბავშვებს ვმკურნალობთ. სამწუხაროა, რომ საქართველოში დაბალხარისხიან, მძიმე გვერდითი მოვლენების მქონე მედიკამენტებს ვიყენებთ. თუ როგორ მედიკამენტებს უნდა ვაძლევდეთ ონკოდაავადების მქონე ბავშვებს, ამას ევროპის წამლის სააგენტო განსაზღვრავს. ვერცერთ ევროპულ ქვეყანაში ვერ უმკურნალებენ ბავშვებს მედიკამენტით, რომელსაც ევროპის წამლის სააგენტოს ნებართვა არ აქვს, საქართველოში კი მედიკამენტები ასე არ რეგულირდება.

გარდა ამ ყველაფრისა, საქართველოში ბავშვებისთვის ერთადერთი ონკოკლინიკაა. წარმოიდგინეთ მაღალმთიანი რეგიონიდან ჩამოყვანილი ბავშვი, მისი ოჯახის მდგომარეობა, რომელსაც უწევს თბილისში ბინის დაქირავება, ოჯახით ქალაქში გადმოსვლა, საცხოვრებლის დატოვება, სამკურნალო სახსრების მოძიება“, – თქვა დღეს ანა აბაშიძემ სარჩელის საპრეზენტაციო პრესკონფერენციაზე.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სარჩელით ითხოვს:

  • ბავშვების საქართველოში მკურნალობა დაფინანსდეს სრულად
  • ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობა დაფინანსდეს სრულად
  • იყოს შესაძლებელი მეორე აზრის მოპოვება ქვეყანაში, რაც გულისხმობს მინიმუმ კიდევ ერთი სპეციალისტის (ექიმის) არსებობას
  • გაიზარდოს კლინიკების გეოგრაფიული მისაწვდომობა (რაც გულისხმობს რეგიონებში ონკოცენტრების გახსნას), რათა ოჯახებს არ დაშორდნენ ბავშვები და არ მოუწიოთ დედაქალაქში გადასვლა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: