განათლება,მთავარი,სიახლეები

2 სკოლაში ამბობენ, რომ უკრაინის დროშის ფოტოები წააშლევინეს, სამინისტრო უარყოფს

01.03.2022 • 2634
2 სკოლაში ამბობენ, რომ უკრაინის დროშის ფოტოები წააშლევინეს, სამინისტრო უარყოფს

უკრაინაზე რუსეთის სამხედრო ძალებით თავდასხმას საქართველოს მოსახლეობა აპროტესტებს და თანადგომას უცხადებს უკრაინელ ხალხს. რუსეთის აგრესიას უკრაინაში საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის, საჯარო სკოლებიც, სხვადასხვა ფორმით აპროტესტებენ.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, რამდენიმე საჯარო სკოლაში, უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად,  უკრაინისა და საქართველოს დროშების ფონზე ფოტოები გადაიღეს და სოციალურ ქსელებში განათავსეს. თუმცა სკოლებმა სოლიდარობის ფოტოები მალევე წაშალეს გვერდებიდან, მიზეზად კი მითითება დაასახელეს.

„ბათუმელები“ ორი სკოლის წარმომადგენელს ესაუბრა, რომლებიც ამბობენ, რომ სოლიდარობის ამსახველი ფოტოები „პოლიტიკურად“ ჩაუთვალეს და მათი წაშლა მოსთხოვეს. ამის შესახებ ერთ-ერთმა დახურულ ჯგუფშიც დაწერა. „მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად შეხედეს ჩვენი სკოლის მხარდაჭერას და ფოტოები წამაშლევინეს, აქ მაინც გავაზიარებ“, – წერს ერთ-ერთი სკოლის წარმომადგენელი. ფოტოების გვერდით  კი ტექსტი სკოლის სახელითაა გამოქვეყნებული.

„ჩვენ ვიცით, რა გრძნობა და განცდაა აგრესორის პირისპირ ომი, როცა სამშობლო განსაცდელშია. ჩვენი მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, ამიტომ ვუცხადებთ მხარდაჭერას უკრაინას“, – წერს ერთ-ერთი სკოლის წარმომადგენელი, რომელმაც არ ისურვა საჯაროდ ამაზე საუბარი.

„ბათუმელები“  საქართველოს განათლების სამინისტროს დაუკავშირდა და ჰკითხა, მიიღეს თუ არა სკოლებმა მითითება არ გამოფინონ უკრაინის დროშები და აპირებენ თუ არა სკოლებზე განხორციელებული სავარაუდო ზეწოლის ფაქტების შესწავლას. სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ „ყველა თავისუფალია გამოხატვაში“, რომ ბევრ სკოლას ახლაც უდევს სოლიდარობის ამსახველი ფოტოები თავიანთი სკოლებისა თუ პირად ფეისბუქგვერდებზე და სამინისტროს მხრიდან ზეწოლა არ ყოფილა.

„მსგავსი არაფერი ყოფილა“, – გვითხრეს პრესსამსახურში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: