მთავარი,სიახლეები

ბათუმის სანაპიროსთან კიდევ 2 ცათამბჯენი აშენდება – პროექტს საჯაროდ 12 ნოემბერს განიხილავენ

05.11.2021 • 7111
ბათუმის სანაპიროსთან კიდევ 2 ცათამბჯენი აშენდება – პროექტს საჯაროდ 12 ნოემბერს განიხილავენ

ბათუმში, ბულვარის გასწვრივ, რუსთაველის #42-ში, შპს „ალიანსი ფრივილიჯის“ მშენებარე ცათამბჯენის გვერდით, როგორც მარცხნივ, ასევე მარჯვნივ კიდევ თითო ცათამბჯენის აშენება იგეგმება. ამ პროექტებზე „ბათუმელები“ ადრეც წერდა, ამჯერად კი პროექტების სავარაუდო რენდერებიც მოვიპოვეთ. ორივე მიწის ნაკვეთი ძეგლის დაცვის ზონაშია.

რენდერი

წითელი ისრით ნაჩვენებია სამშენებლო ტერიტორიები

რენდერების მიხედვით, რომლებიც კომპანიებმა მერიას განაშენიანების დეტალურ გეგმასთან ერთად წარუდგინეს, ორივე პროექტი „ალიანსი ფრივილიჯის“ მშენებარე პროექტებთან თითქმის გათანაბრებული იქნება, „ალიანსი ფრივილიჯი“ 180 მეტრი სიმაღლის შენობას აშენებს.

თუ ორივე პროექტი დამტკიცდა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის გაგრძელებაზე, ახალი ბულვარის მიმართულებით, სასტუმრო „ჰილტონის“ შემდეგ, ერთმანეთის მიყოლებით 3 ცათამბჯენი გაჩნდება, ძველი ბულვარის მხარეს კი – „ბაბილონ თაუერი“ შენდება.

სამშენებლო ტერიტორია სხვადასხვა მხრიდან

„ალიანსი ფრივილიჯის“ მშენებარე ცათამბჯენის გვერდით, რუსთაველის #39 -ში, მშენებლობის  ნებართვას შპს „ბრიტიშ დეველოპმენტი“ ითხოვს. კომპანია ამ მისამართზე სასტუმრო „ჰილტონისა“ და  შპს „ალიანსის“ მშენებარე პროექტის შუაში მოქცეულ 8000 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთს ფლობს. შპს „ბრიტიშ დეველოპმენტის“ ნაკვეთის მიმდებარედ, რუსთაველის #44-ში კი, მშენებლობის უფლებას შპს „ვესტინვესტი“ ითხოვს.

ვესტინვესტს“ ბათუმში, ზღვასთან ახლოს, მიწის ნაკვეთი სახელმწიფომ 2016 წელს მიჰყიდა. 2017 წელს ეს კომპანია, მიწის ნაკვეთთან ერთად, „ორბი ლოჯისტიკ ჯგუფმა“ შეისყიდა. კომპანია ახალ მფლობელს 25-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებაც გადაეცა.

ბათუმის მერიას ახალი პროექტების საჯარო განხილვა 2021 წლის 12 ნოემბერს 15:00 საათზე აქვს ჩანიშნული. საჯარო განხილვა ე.წ. ბრიფინგრუმში უნდა ჩატარდეს.

მერია წერს ასევე, რომ დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან არაუმეტეს 10 დღეში წარადგინონ მოსაზრება საკითხის ირგვლივ, თუმცა როდის არის ინფორმაცია გამოქვეყნებული, ამის გარკვევა რთულია. მით უმეტეს, რომ მერიას არც კი უცდია, თუნდაც ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაზიარებით გაეზარდა დოკუმენტების ხელმისაწვდომობა დაინტერესებული საზოგადოებისთვის. მერია ამას არ აკეთებს, სამაგიეროდ ყოველთვის აქვეყნებს ინფორმაციას, სად, რა მიმდინარე სამუშაოები მოინახულა მერის მოვალეობის შემსრულებელმა.

ორივე პროექტის განაშენიანების დეტალური გეგმის განხილვა ახალ საკრებულოს მოუწევს. გარდა ამისა, აუცილებელია ის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც შეითანხმოს, რადგან მიწის ორივე ნაკვეთი ძეგლის დაცვის ზონაშია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: