მთავარი,სიახლეები

ბათუმში 1008 სამუშაო ადგილზე 64 ადამიანი დასაქმდა – რა ხდება შრომის ბაზარზე

22.10.2021 • 4169
ბათუმში 1008 სამუშაო ადგილზე 64 ადამიანი დასაქმდა – რა ხდება შრომის ბაზარზე

ბათუმში 1008 სამუშაო ადგილზე მხოლოდ 64 ადამიანი დასაქმდა. ეს დასაქმების ფორუმის შედეგია, რომელიც აჭარის დასაქმების სააგენტომ 15 ივნისს მოაწყო.

ფორუმი სააგენტომ, ანუ სახელმწიფო ორგანომ დამსაქმებელსა და დასაქმების მსურველებს შორის დაკავშირებისთვის მოაწყო. ფორუმში სულ 65 კომპანია მონაწილეობდა. კომპანიებმა 243 ვაკანსია წარმოადგინეს და 1008 სამუშაო ადგილი დაფიქსირდა.

რა შედეგით დასრულდა ფორუმი, ანუ რამდენი ადამიანი დასაქმდა და სად?

აჭარის დასაქმების სააგენტოს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, ფორუმის შედეგად ჯამში 64 ადამიანი დასაქმდა, მათ შორის, ვაჭრობასა და დისტრიბუციაში – 29 ადამიანი, სასტუმროების და რესტორნების სფეროში – 25 ადამიანი, ტრანსპორტის და ლოჯისტიკის სფეროში – 3, ხოლო 7 ადამიანი მშენებლობის სფეროში გაყიდვების სპეციალისტად.

დასაქმების ფორუმში მონაწილეობის სურვილი მხოლოდ 438-მა ადამიანმა გამოხატა.

„დამსაქმებელი კომპანიებიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სულ შედგა 805 გასაუბრება (შესაბამისად, თითოეულ ბენეფიციარს მიეცა შესაძლებლობა რამდენიმე დამსაქმებელს გასაუბრებოდა). რაოდენობრივად ყველაზე მეტი გასაუბრება ვაჭრობა-დისტრიბუციის და სასტუმრო-რესტორნების მიმართულებებში შედგა.

განმეორებით გასაუბრებაზე კომპანიებმა დაიბარეს 243 ბენეფიციარი, მათგან ადგილზე მივიდა მხოლოდ 137, განმეორებითი გასაუბრების  შედეგად დასაქმდა 64,“ – მოგვწერეს აჭარის დასაქმების სააგენტოდან.

დასაქმების შეთავაზება დამატებით 39 პირს მიუღია, თუმცა მათ სამსახურზე უარი სამუშაო გრაფიკის, ასევე სამსახურის სიშორის გამო უთქვამთ.

რატომ შეიძლება არ მიდიოდნენ ადამიანები დასაქმების ფორუმზე ქვეყანაში, სადაც გერმანიაში გამოცხადებულ 500 ვაკანსიაზე განაცხადი 86 395-მა ადამიანმა შეავსო – ნახეთ აქ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: