დღეს, 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე „ბათუმელებმა“ ბათუმის არაერთ საარჩევნო უბანთან ახლოს შენიშნა მოქალაქეები, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ ტოვებდნენ ტერიტორიას და თან ჰქონდათ სიები.
ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ბათუმის #95 საარჩევნო უბანზე დავაფიქსირეთ, სადაც, საარჩევნო უბნიდან დაახლოებით 50 მეტრის დაშორებით, ერთი საათის განმავლობაში ტერიტორიაზე რამდენიმე კაცი იყო, ხელში ფურცლითა და პასტით. ისინი ჯერ მანქანაში ისხდნენ, შემდეგ კი გადმოვიდნენ და საარჩევნო უბანს მიუახლოვდნენ.
კითხვაზე, რატომ იმყოფებოდნენ საარჩევნო უბანთან სიებით და რომელი პარტიის კოორდინატორები იყვნენ, მათ აგრესიით და მუქარით გვიპასუხეს. თქვეს, რომ „მოგვხედავენ“, „დაიმახსოვრებდნენ სახელებსა და გვარებს“, თქვეს, რომ აქვე ცხოვრობდნენ, თუმცა არ დაასახელეს ვინაობა, ხოლო სიებზე გვითხრეს, რომ „ჯოკერის სიაა“.
ბათუმის #95 საარჩევნო უბანში 1591 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 17 საათის მონაცემებით, საჩივარი ამ უბანზე არ დაწერილა.
მთელი დღეა „ბათუმელებს“ უკავშირდებიან მოქალაქეები ინფორმაციით იმის შესახებ, რომ ამა თუ იმ საარჩევნო უბანთან მობილიზებული არიან აგიტატორები სიებით, რომლებიც აგრესიით პასუხობენ ჟურნალისტებს და დამკვირვებლებს.
დღეს, დაახლოებით 17 საათზე „ბათუმელები“ ესაუბრა „ქართული ოცნების“ აგიტატორებს #21 საარჩევნო უბანთან, რომლებმაც აგრესიით უპასუხეს რეპორტიორს და მხოლოდ მას შემდეგ დატოვეს ტერიტორია, როცა ჟურნალისტმა პოლიცია გამოიძახა.
ამავე თემაზე:
„დაგიმტვრევ თავ-ყბას“ – საიას დამკვირვებლისთვის ბათუმში ტელეფონის წართმევა სცადეს