საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, დღეს მესტიაში მერობის კანდიდატის წარდგენაზე, ტრადიციულად, ოპოზიციაზეც ისაუბრა. პრემიერის თქმით, ისინი შარლ მიშელისა და აშშ-ის მხარდაჭერით „შეყარეს პარლამენტში“.

„თქვენ კარგად გახსოვთ, რომ არჩევნების შემდეგ დაიწყეს აბსოლუტურად ხელოვნურად ინსპირირებული, გამოგონილი რაღაც ბრალდებები პროვოკაციებით. საბოტაჟი და ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტის ფუნქციონირებას და მუშაობას. რითაც პრაქტიკულად დააზიანეს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი. მათ დაიწყეს საუბარი, უსაფუძვლო სპეკულაციები, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა. ამ დროს მილიონმა ადამიანმა ჩვენი მოსახლეობის მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ მმართველობას. შემდეგ მოგეხსენებათ, რომ ჩვენი დიდი მეგობრების – შარლ მიშელის, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით, როგორც იქნა შევძელით, იმას მივაღწიეთ, რომ ეს მავნებლები შეგვეყარა, უკაცრავად შეგვეყვანა პარლამენტში“.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „მორიგი პროვოკაცია მზადება, გამოაცხადეს რეფერენდუმი, უნდათ, რომ დაიწყონ წინასწარ სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ თითქოს არჩევნები არ ჩატარებულა სამართლიანად, გამჭვირვალედ და თავისუფლად. მე ყველას ვუცხადებ, რომ ჩვენი მთავრობა, ჩვენი პოლიტიკური გუნდი ვიღებთ პასუხისმგებლობას არჩევნების გამჭვირვალედ, თავისუფალ და კონკურენტულ პირობებში ჩატარებაზე“.

___

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

Published by ეთერ თურაძე

ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან

Exit mobile version