ბათუმი,მთავარი,სიახლეები

„დღე-ღამეში 2 ტონა ჟანგბადი იხარჯება, დეფიციტი არ გვაქვს“ – ბათუმის რესპუბლიკური

25.08.2021 • 1774
„დღე-ღამეში 2 ტონა ჟანგბადი იხარჯება, დეფიციტი არ გვაქვს“ – ბათუმის რესპუბლიკური

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ჟანგბადის დეფიციტის პრობლემა მოხსნილია და აქვთ შესაბამისი მარაგიც. კლინიკა 172 საწოლზეა გათვლილი, სადაც დღეს 200-ზე მეტი კოვიდპაციენტი მკურნალობს.

„აქედან 65 პაციენტზე მეტი არის ჟანგბადის მაღალი წნევის ქვეშ რეანიმაციულ პალატაში. ჩვენ ჩვენი ჟანგბადის ქარხანაც გვაქვს, მაგრამ არ ყოფნის. დღე-ღამეში 2 ტონამდე ჟანგბადი იხარჯება. ტონა-ტონანახევარს ვამატებთ თხევად ჟანგბადს მარაგებიდან. გვყავს ტენდერში გამარჯვებული მომწოდებელიც და გვაწვდის, თუმცა ამ კომპანიამ მოგვახსენა, რომ შეიძლება შეექმნას პრობლემა მოწოდებაში და გთხოვთ, სათადარიგოდ ალტერნატიულ მხარესთანაც გააფორმეთ ხელშეკრულებაო.

ქვეყანაში ძალიან დიდია ჟანგბადის მოთხოვნა პაციენტების გაზრდილი რაოდენობის გამო. ამიტომ მარაგის შესაქმნელად „რუსთავის აზოტიდან“ შევიძინეთ თხევადი ჟანგბადი. ამ დროისთვის ჟანგბადის მხრივ საავადმყოფოში პრობლემები არ გვაქვს“, – გვითხრა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა სოლომონ ფუტკარაძემ.

საავადმყოფოს დირექტორს ვკითხეთ, რამდენ პაციენტზეა გათვლილი ადგილზე წარმოებული ჟანგბადი. სოლომონ ფუტკარაძის თქმით, ასე რაოდენობის თქმა ძნელია.

„ადგილზე წარმოებულს თავისი ატმოსფერული წნევა აქვს, თხევადს კი თავისი. როცა თხევად ჟანგბადს ვამატებთ, მეტი წნევით მიდის და აფერხებს ადგილზე წარმოებული ჟანგბადის მიწოდებას. ახლა დავიწყეთ ალტერნატიული ხაზის გაყვანა, რომ გავმიჯნოთ ერთი მეორისგან, რათა ნაკლები ხარჯვა იყოს. გამოიყოფა ცალკე განყოფილება ცალკე ჟანგბადის ხაზით. სამუშაოები გუშინ დავიწყეთ და ვნახოთ, რამდენად შეგვიმცირებს ეს ჟანგბადის ხარჯვას“, – ამბობს საავადმყოფოს დირექტორი.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს „რუსთავის აზოტთან“ ბოლო 5 დღეში ორი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული: 20 აგვისტოს – 7,5 ტონა თხევადი ჟანგბადის მოწოდებაზე – 8 222 ლარად და 23 აგვისტოს – 4  ტონა ჟანგბადის მოწოდებაზე – 4 375 ლარად.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ტექნიკური სამსახურის უფროსის 23 აგვისტოს მოხსენებითი ბარათიდან

 

ტენდერში გამარჯვებული კომპანიის 20 აგვისტოს წერილი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/560398/

25 აგვისტოს დილის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 599 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 4 პაციენტი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: