ბათუმი,მთავარი,სიახლეები

როგორ მისცემენ ხმას კოვიდპაციენტები და იზოლაციაში მყოფი პირები – არჩევნები და პანდემია

25.08.2021 • 1651
როგორ მისცემენ ხმას კოვიდპაციენტები და იზოლაციაში მყოფი პირები – არჩევნები და პანდემია

კლინიკებში და იზოლაციაში [კარანტინი, თვითიზოლაცია] მყოფი მოქალაქეების 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, ცენტრალური საარჩევნო კომისია [ცესკო] თითოეული მუნიციპალიტეტის საზღვრებში შექმნის არანაკლებ 1 საარჩევნო უბანს, ხოლო ქალაქ თბილისში – არანაკლებ 10 საარჩევნო უბანს.

ამ უბნების საუბნო საარჩევნო კომისიების ფუნქციების განხორციელების მიზნით, ცესკო შექმნის სპეციალურ ჯგუფებს. სპეცჯგუფი ამჯერად შედგება არაუმეტეს 17 წევრისაგან.

„სპეცჯგუფის წევრად არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს პირი, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (მათ შორის, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ბრონქული ასთმის, სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე გულ-სისხლძარღვთა დაავადების, აუტისტური სპექტრის დარღვევის ან/და განვითარების ანომალიის ან დეფექტის გამო) უჭირს პირბადის ტარება“.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, ჯანდაცვის სამინისტრომ, შსს-მ, დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, მათი კომპეტენციის ფარგლებში, ცესკოს უნდა გადასცენ იმ პირთა სია, რომლებიც კენჭისყრის დღისთვის იქნებიან:
  • სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინე სივრცეებში;
  • თვითიზოლაციაში;
  • ბინაზე [კოვიდინფიცირებულები];
  • ასევე იმ პირთა სია, რომლებიც სამსახურებრივი პირობების გამო (სტაციონარული სამკურნალო დაწესებულებისა და საკარანტინე სივრცის ადმინისტრაციის თანამშრომელი, მედპერსონალი, ტექნიკური პერსონალი, დამხმარე პერსონალი, დაცვის პერსონალი) კენჭისყრის დღეს ვერ დატოვებენ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებასა და საკარანტინე სივრცეს.

ცესკოს უფლება აქვს სია საჭიროებისამებრ გამოითხოვოს და მიიღოს მოთხოვნიდან 1 დღის ვადაში.

ცესკო არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-3 დღისა [29 სექტემბერი] ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს ამომრჩეველთა სპეციალურ სიას [სადაც შეhყავს ზემოთ აღნიშნული ამომრჩევლები].

ამასთან, თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეიყვანება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი შესაბამისი მოთხოვნით მიმართავს ცესკოს 2021 წლის 25 სექტემბრიდან 2021 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 22:00 საათამდე შემდეგ ნომერზე დარეკვით: +995 32 251 00 51; შიდა ნომერი „0“.

[აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს, თვითიზოლაციაში მყოფი მხოლოდ ის პირები შეიყვანეს სიაში, ვინც ცესკოში 27 ოქტომბრის საღამოს 6 საათამდე დარეკა და მოითხოვა საარჩევნო ყუთი.

31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ქვეყნის მასშტაბით 127 სპეცუბანი [მათ შორის 24 აჭარაში] იყო შექმნილი.

ამ თემაზე: ვინ ვერ მისცემს ხმას პანდემიის გამო]

2 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ცესკო სპეციალურ და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიებს შესაბამის სპეცჯგუფს გადასცემს კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა.

სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში [კარანტინი, თვითიზოლაცია] მყოფი პირების მიმართ, აგრეთვე კენჭისყრაში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მონაწილე პირთა მიმართ საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული მარკირება არ გამოიყენება.

ცესკოს გადაწყვეტილებით, სპეცჯგუფს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინე სივრცეებში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესში დახმარება შესაძლოა გაუწიოს აღნიშნული დაწესებულებების პერსონალმაც.

კენჭისყრის დღეს, სპეციალურად შექმნილ საარჩევნო უბანში კი, შესაძლებელია იმყოფებოდეს მედპერსონალი, რომელიც დახმარებას გაუწევს სპეცჯგუფის წევრებს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით აღჭურვაში.

რაც შეეხება დაცვის საშუალებებს, ესაა – სათანადოდ მორგებული პირბადე, სახის დამცავი ფარი, ერთჯერადი ხალათი, ერთჯერადი ხელთათმანი და სხვა.

  • გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები სპეცჯგუფის წევრები და მეთვალყურეები არ უნდა შევიდნენ ამომრჩევლის ბინაში/სახლში/ოთახში/ნომერში;
  • გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები სპეცჯგუფის წევრებისა და დამკვირვებლების ამომრჩევლის ბინასთან/სახლთან/ოთახთან/ნომერთან მისვლისთანავე, გადასატანი საარჩევნო ყუთის ზედაპირი, ბინის/სახლის/ოთახის/ნომრის კარის სახელური და სხვა შეხებადი ზედაპირები უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით;
  • ამომრჩეველზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიისა და საარჩევნო ბიულეტენის გადაცემა უნდა მოხდეს კონტაქტის გარეშე და დაცული უნდა იქნეს უსაფრთხო დისტანცია 1,5-2 მეტრი;
  • ამომრჩეველი ვალდებულია დროებით მოიხსნას პირბადე, მხოლოდ სპეცჯგუფის წევრის მიერ ამომრჩეველზე საარჩევნო ბიულეტენის გაცემისას.
  • თუ ამომრჩეველი არ იხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი.

 

 

პირი ვალდებულია დაიცვას განსაზღვრული სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ექვემდებარება გაფრთხილებას.

თუ გაფრთხილების მიუხედავად, პირი აგრძელებს ამ დადგენილებით განსაზღვრული სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების დარღვევას, სპეცჯგუფის თავმჯდომარე ვალდებულია მიუთითოს მას, რომ დატოვოს სპეცჯგუფის განთავსების შენობა;

თუ ეს პირი ნებაყოფლობით არ ასრულებს მითითებას შენობის დატოვების შესახებ, სპეცჯგუფი/სპეცჯგუფის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას მისი გაძევების საკითხზე.

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/560391/?fbclid=IwAR14fwdr06RWInib4A0mgfgzFWcFUWoIWKckOahuyi9hZ2WjgkFrRc1xed0

გადაბეჭდვის წესი


ასევე: