ბათუმი,მთავარი,სიახლეები

2 პირი დააკავეს აქციაზე ბათუმში, სადაც ავარიული კორპუსიდან გასახლებას ითხოვდნენ

24.08.2021 • 3820
2 პირი დააკავეს აქციაზე ბათუმში, სადაც ავარიული კორპუსიდან გასახლებას ითხოვდნენ

ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარე ავარიული კორპუსის მცხოვრებლებმა დღეს, 24 აგვისტოს, მორიგი აქცია გამართეს. ისინი ამჯერად მერიისგან ითხოვდნენ დროებით, ქირით გაყვანას, ვინაიდან კორპუსში ცხოვრება დღითი დღე გაუსაძლისი ხდება.

აქციის მონაწილეებმა ავტომაგისტრალიც გადაკეტეს, რის გამოც პოლიციამ 2 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა.

მაიაკოვსკის ქუჩა N 55/24-ში მდებარე ავარიულ ხუთსართულიან კორპუსში 45 ოჯახი ცხოვრობს. ეს სახლი რომ ავარიულია, დასკვნა  2013 წელს დაიდო.

მოსახლეობის თქმით, წლების წინ ქალაქის მერიაში მათ უთხრეს, რომ ბინებს აბუსერიძის ქუჩაზე ახალ კორპუსში მიიღებდნენ, რომლის მშენებლობაც 2018 წელს დასრულდებოდა. მშენებლობა დღემდე არ დასრულებულა.

„თავის დროზე ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება კომპანია „რეალ მშენთან“, რომელსაც უნდა დავეკმაყოფილებინეთ ბინებით. ახალი კორპუსი აშენებულია, თუმცა დასრულებული არ არის.  მერიამ, როგორც ვიცით, ამ კომპანიას პროექტები გაზრდილი კოეფიციენტებით დაუმტკიცა, იმის სანაცვლოდ, რომ ჩვენ ბინებს გადმოგვცემდნენ.

რახან პროცესი გაჭიანურდა, მერიისგან დღეს ვითხოვდით – აიღოს პასუხისმგებლობა და ვიდრე კორპუსი დასრულდება, დროებით მაინც გაგვიყვანოს ქირით. შეგვხვდა ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი და, ფაქტობრივად, ვერაფერი გვითხრა. ის კი თქვა, „მე რომ ახლა რამე დახმარება გამოვყო 2 ოქტომბრამდე, მოსყიდვაში ჩამითვლიანო“. მერიას ადრე ისიც ვთხოვეთ ამ სახლთან ტრაილერებს მაინც არ გაევლო, არც ეს გააკეთეს“, – გვითხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გიორგი გვენეტაძემ.

ბათუმის მერიის პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აქციის მონაწილეებს შეხვდა ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი და მათ კომპანიასთან შუამდგომლობას დაჰპირდა.

„ვერაფერს დაგეხმარებით, თქვენ თვითონ იმოქმედეთო, ეს გვითხრა ჩიქოვანმა. მერიას და ამ კომპანიას ერთმანეთშიც აქვთ დავა, როგორც კომპანიაში გვითხრეს. ვინაიდან რამდენიმე წელია ვითმენთ და ჩვენი პატრონი არავინაა, ამჯერად უკვე გადავწყვიტეთ სასამართლოს მივმართოთ და ამ გზით დავიცვათ ჩვენი უფლებები“, – გვითხრა გვენეტაძემ.

ამ ავარიულ კორპუსში მცხოვრებლებმა ქუჩა 8 თვის წინაც გადაკეტეს. ბათუმის მერიაში მაშინ ოფიციალური კომენტარი არ გააკეთეს.

ამ თემაზე:

45 ოჯახი ავარიულ კორპუსში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: