მთავარი,სიახლეები

242 მეტრი სიმაღლე და 72 სართული – ახალი, ყველაზე მაღალი თაუერი ბათუმში

03.08.2021 • 46987
242 მეტრი სიმაღლე და 72 სართული – ახალი, ყველაზე მაღალი თაუერი ბათუმში

ბათუმის ცენტრში, იუსტიციის სახლთან ახლოს, შპს „მეტრო ჰოლდინგთან“ დაკავშირებული კომპანია 72-სართულიანი სასტუმრო კომპლექსის, West Tower-ის მშენებლობას გეგმავს.

კომპანიის დირექტორის ინფორმაციით, „ეს იქნება ყველაზე მაღალი შენობა არამხოლოდ ბათუმში, არამედ მთელ კავკასიაში“.

კომპანიამ მერიას პროექტის დეტალური განაშენიანების გეგმის პროექტის ინიცირების თაობაზე უკვე მიმართა.

კომპანიის დირექტორის, რაულ კახაძის ინფორმაციით, განხორციელდება 150 მილიონი დოლარის ღირებულების ქართულ-ჩინური ინვესტიცია.

პირველადი პროექტის მიხედვით, შენობა ორი მაღალი კარკასისგან შედგება, ხოლო მისი მოშენების ფართობი 1075 კვ.მეტრია. ექნება რეკრეაციული სივრცე და პარკინგი. კომპლექსი გააერთიანებს სასტუმროს, აპარტამენტებს, ბიზნესცენტრს, სავაჭრო ცენტრს.

„ყველაფერი იქნება რეგულაციების შესაბამისად“, – განმარტა რაულ კახაძემ.

პროექტის რენდერი

კომპანია გეგმავს სასტუმროების საერთაშორისო ბრენდის – Ritz Carlton – ის  შემოყვანას.

შენობის მასშტაბიდან გამომდინარე, კომპანიის დირექტორს ასევე ვკითხეთ უსაფრთხოების წესებზე. დავინტერესდით, შესწავლილია თუ არა გრუნტის მდგრადობა. რაულ კახაძის ინფორმაციით, ზოგადი შესწავლით „პრობლემა არ არის, დეტალური შესწავლა კი ახლაც მიმდინარეობს“.

ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული, ვინ იმუშავებს პროექტზე. კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ მოლაპარაკებები აქვთ გამოცდილ კომპანიასთან, თუმცა გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

7023 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთი ბათუმში, ფიროსმანის #12-ში სს „დე ჯგუფმა“ 30 მილიონ ლარად და სასტუმროს მშენებლობის პირობით შეისყიდა. „დე ჯგუფი“ „მეტრო ჰოლდინგთან“ დაკავშირებული კომპანიაა. „მეტრო ჰოლდინგს“ გალიფ ოზთურქი ფლობს. ის ბათუმში სასტუმროებისა და აპარტოტელების ქსელის მფლობელია.

შენიშვნა: სათაურში თავდაპირველად ეწერა, რომ შენობის სიმაღლე 142 მეტრი იქნება, თუმცა West Tower-ის პროექტის სიმაღლე 242 მეტრია.

 

მშენებლობის ადგილი

ვინ გადაიხადა 30 მილიონი მიწის ნაკვეთში – კიდევ ერთი თაუერი ბათუმის სანაპიროზე

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: