მთავარი,სიახლეები

„ეს უკვე სახიფათო ამბავია“ – პოლიტოლოგი „მიშელის შეთანხმების“ ანულირებაზე

28.07.2021 • 1727
„ეს უკვე სახიფათო ამბავია“ – პოლიტოლოგი „მიშელის შეთანხმების“ ანულირებაზე

„ეს უკვე ძალიან სახიფათო ამბავია,“ – ასეთია პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას რეაქცია „ქართული ოცნების“ დღეს, 28 ივლისს, მიღებულ გადაწყვეტილებაზე – მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ „მიშელის შეთანხმება“ ანულირებულად გამოაცხადა და თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაც მის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება სახიფათოა არა მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის,“ არამედ ქვეყნისთვის, რადგან საქართველო უკვე იმ ქვეყნებს დაემსგავსება, სადაც პოლიტიკურ ძალებს შორის აღიარებული შეთანხმება ყოველდღე შესაძლოა დაირღვეს.

„თუ ჩვენ ვერ ვახერხებთ შევთანხმდეთ რაღაც წესებზე, მით უფრო, ყველამ ვიცით, როგორ რთულად მივაღწიეთ ამ შეთანხმებას, ასე ძალიან მალე დავემსგავსებით ავღანეთს ან სხვა კონფლიქტურ რეგიონს, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში ირღვევა შეთანხმება… „ქართული ოცნება“ აქამდეც შემჩნეული იყო დაპირების შეუსრულებლობაში,“ – ამბობს კორნელი კაკაჩია.

პოლიტოლოგი არასერიოზულად მიიჩნევს „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებულ არგუმენტს, რის გამოც შეთანხმებიდან მმართველი პოლიტიკური პარტია გავიდა – „ენმ-მ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა,“ – განაცხადა დღესვე „ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არ არის მმართველი პარტია, მმართველი პარტია არის „ქართული ოცნება“. მმართველი პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობა არის სულ სხვა, ვიდრე ოპოზიციური პარტიის, თუნდაც ის ყველაზე დიდი პარტია იყოს,“ – აღნიშნა კორნელი კაკაჩიამ „ბათუმელებთან“.

კორნელი კაკაჩია

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს გაერთიანება და კონსოლიდაცია.

„შესაძლოა, ყველა პარტიას ერთმანეთზე არ ამოსდიოდეთ მზე და მთვარე, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ისეთ ფუნდამენტურ საკითხთან დაკავშირებით, როგორიც არჩევნებია, საერთო ხედვა არსებობდეს… ოპოზიციას სჭირდება დიდი მონდომება და კონსოლიდაცია, რომ ერთმანეთს მხარი დაუჭირონ, თუმცა რასაც ჩვენ ვხედავთ, აქეთკენ მიმართული მოქმედებებს ვერ ვხედავთ,“ – გვითხრა კორნელი კაკაჩიამ.

პოლიტოლოგის აზრით, ოპოზიციური პარტიები საერთო, უპარტიო კანდიდატებზე უნდა შეთანხმებულიყვნენ, რომლებსაც საზოგადოებრივი ნდობა ექნებოდათ და ისიც გამოჩნდებოდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კომპრომისზე მიდის. მაგრამ „ამ ეტაპზე ეს ერთიანობაც ვერ ხერხდება,“ – ამბობს პოლიტოლოგი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: