ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს ირაკლი ვაჩიბერაძეს ფიზიკურად მიაყენა შეურაცხყოფა. კერძოდ, მიტროპოლიტმა ჯერ მიკროფონს მოაძრო და მოისროლა ე.წ. ღრუბელი, შემდეგ კი ყელში სწვდა ჟურნალისტს.

შემთხვევა გუშინ, 7 მაისს მოხდა, „მთავარმა“ ინფორმაცია დღეს გაავრცელა გადაცემაში „მთავარი შაბათს“.

„მთავარის“ ინფორმაციით, გადამღები ჯგუფი ვანისა და ბაღდათის ეპარქიაში სინოდის წევრების შეხვედრის გასაშუქებლად იყო ჩასული.

„მოსული ხართ გააშუქოთ, ხალხს რაღაც ნეგატივი გადადოთ“ – ასე დაიწყო ეპისკოპოსმა ჟურნალისტთან საუბარი. მან თქვა, რომ ჟურნალისტის „დანახვა არ უნდა“ და „ხალხს ეზიზღება ჟურნალისტები“.

„ჩემ ეპარქიაში არ დაგინახო ჩემთან მოსული, არ მომწონხარ, გიკრძალავ კატეგორიულად“ – უთხრა მან ჟურნალისტს, რაზეც ჟურნალისტმა უპასუხა, რომ ეს მისი გადასაწყვეტია.

„რა არის შენი გადასაწყვეტი ბიჭო, ჩემთან მოსვლა არის შენი გადასაწყვეტი?“ – ამ სიტყვებით ეპისკოპოსი ჟურნალისტს ყელში სწვდა.

„მთავარმა“ დღეს ამ ინციდენტის ამსახველი ვრცელი მასალა გაავრცელა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სასულიერო პირები ფიზიკურად უპირისპირდებიან ჟურნალისტებს.

4 მაისს დავითგარეჯში სასულიერო პირები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ივერი მელაშვილსა და „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს.

4 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, რომელმაც შს სამინისტროს ფაქტის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდა.

____________

ფოტოზე: კადრი „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ვიდეომასალიდან.

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version