მთავარი,სიახლეები

ნიგაზეულში წყლის გაქრობას შუახევიჰესს აბრალებენ, რასაც კომპანია უარყოფს

29.04.2021 • 5282
ნიგაზეულში წყლის გაქრობას შუახევიჰესს აბრალებენ, რასაც კომპანია უარყოფს

2021 წლის 22 აპრილის მონაცემებით, აჭარაში მდებარე ჰიდროელექტროსადგურმა „შუახევიჰესმა“ 350 მლნ კვტს. ელექტროენერგია გამოიმუშავა. კომპანიის მენეჯმენტი ხაზს უსვამს, რომ ენგურის გაჩერების ფონზე „შუახევიჰესმა“ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქვეყანაში წარმოებული ელექტროენერგიის ზრდის და ამავდროულად იმპორტზე დამოკიდებულებისგან შემცირებაში.

ადგილობრივების თქმით, მსხვილმა ენერგეტიკულმა პროექტმა, რომელმაც მაღალმთიანი აჭარის ორი მუნიციპალიტეტი მოიცვა, მათ სარგებელი ნაკლებად, მაგრამ ზიანი კი მოუტანა.

სოფელ ნიგაზეულში მცხოვრებ ელგუჯა ხიმშიაშვილს საკუთარ სახლში, სამზარეულოს მაგიდაზე ათობით ბოთლი აქვს წყლით სავსე. ეს მარაგია იმ შემთხვევისთვის, თუკი წყალი მოულოდნელად შეწყდება. წყაროს წყლების ნაწილი სოფელ ნიგაზეულში 2015 წლის შემდეგ დაიკარგა. ელგუჯა ხიმშიაშვილი, ისე როგორც მისი ის თანასოფლელები, ვისაც სასმელი წყალი გაუქრა, ამას „შუახევიჰესს“ უკავშირებენ. სოფელ ნიგაზეულის ქვეშ „შუახევიჰესის“ მთავარი სადაწნეო გვირაბი გადის. ელგუჯა ხიმშიაშვილი იხსენებს, რომ სოფელში წყალი მას შემდეგ გახდა პრობლემა, რაც გვირაბის ასაშენებლად სამშენებლო კომპანიამ აფეთქებითი სამუშაოები ჩაატარა გაბურღვის ნაცვლად.

აჭარის მთის სოფლების უმრავლესობა წყაროს წყლებზეა დამოკიდებული. მთის სოფლებში დღემდე არ არსებობს ცენტრალური წყლის სისტემა. ისტორიულად ორ-სამ ოჯახს ერთი საერთო წყარო აქვს. ოჯახები ამ წყალს იყენებენ როგორც საყოფაცხოვრებო, ისე სოფლის მეურნეობაში – ბაღჩეულის მოსარწყავად. კიტრი, პომიდორი, კარტოფილი, ლობიო, მარწყვი, სიმინდი – ეს ის კულტურებია, რომლებიც მთაში მოჰყავთ, ნაწილს თავად იყენებენ, ნაწილს კი ბათუმის ბაზარში ყიდიან.

„შუახევიჰესის“ მშენებლობის პერიოდში ჰესის გავლენის ზონაში ათამდე სოფელი მოხვდა. ყველა სოფელს საერთო პრობლემა ჰქონდა და აქვს – სოფლის მცხოვრებთა ნაწილმა დაკარგა წვდომა სუფთა წყალზე. წყაროები გაქრა.

სასმელი წყლის გაქრობას ჰესის მშენებლობისთვის საჭირო გვირაბების გაყვანას უკავშირებენ სოფლებში: ღურტაში, წაბლანაში, ნიგაზეულსა და ყინჩაურში მცხოვრებლები.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ კატეგორიულად გამორიცხავს კავშირს ჰესის მშენებლობასა და სასმელი წყლების გაქრობას შორის, სოფლად მცხოვრებთ კომპანიის არ სჯერათ. მათ თავიანთი არგუმენტები აქვთ.

„ნიგაზეულის 70 %-მა დაკარგა წყაროს წყალი. ჩემს მაგალითს გეტყვით, 1968 წელს მოვიყვანე წყალი, 2015 წლამდე არც ზამთარში, არც ზაფხულში მე და ჩემს ოჯახს წყლის პრობლემა არ გვქონია. ისე მოდიოდა, წისქვილს დაატრიალებდა. 2015 წელს, ჩვენს სოფელში შემოვიდა კომპანია და დაიწყო აფეთქება გვირაბის გასაყვანად, მაშინ რომ დაიკარგა წყალი, იმის შემდეგ აღარ მოსულა. ჩამოიარეთ სოფელი – ჩემი ისტორიის მსგავს ამბავს ბევრისგან მოისმენთ“, – გვეუბნება ელგუჯა ხიმშიაშვილი.

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებულ წერილობით კომენტარში კატეგორიულად გამორიცხავს კავშირს წყაროს წყლების დაკარგვასა და გვირაბების მშენებლობას შორის.

„აჭარისწყალი ჯორჯიადან“ მოგვწერეს, რომ ისინი 2014 წლიდან 2016 წლის ბოლომდე ახორციელებდნენ წყაროს წყლების მონიტორინგს. შედეგებს კი ყოველთვიურად შესაბამის სახელმწიფო უწყებებში აგზავნიდნენ. 2014-2016 წლებში მონიტორინგის პროგრამაში კომპანიის სპეციალისტებთან ერთად ჩართული იყო ადგილობრივი მოსახლეობა.

„შედეგების ინტერპრეტირების მიზნით, მოწვეულ იქნა დამოუკიდებელი ჰიდრო-გეოლოგი, რომელმაც მონიტორინგის შედეგების შეფასებისას დაადგინა, რომ სამშენებლო საქმიანობასა და წყაროს წყლების დებეტის ცვლილებას შორის კავშირი არ არსებობს. წყაროები, რომელთას დებეტიც შემცირდა, უფრო დაბალ ნიშნულზე მდებარეობდნენ გვირაბის ღერძიდან (მერყეობს 400 -1250 მეტრამდე), ვიდრე ის წყაროები, რომელთა დებეტიც არ შემცირებულა. შესაბამისად, ამ შემთხვევაში გვირაბის ზეგავლენა სრულიად გამოირიცხა.

დაკვირვებამ აჩვენა, რომ დებეტის ცვლილება ძირითადად დაკავშირებული იყო სეზონურ ფლუკტუაციასთან. ზაფხულის ცხელ დღეებში წყლის დებეტი მცირდებოდა, ხოლო ზამთრის პერიოდში კვლავ მატულობდა. შესაბამისად, ამ შემთხვევაში გვირაბის ზეგავლენა სრულიად გამოირიცხა.

2016 წელს გვირაბის გაყვანის სამუშაოების დასრულებასთან ერთად, კომპეტენტურ სახელმწიფო სტრუქტურებთან შეთანხმებით, შეწყდა მონიტორინგის პროგრამა. აღნიშნულს საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ წყაროს წყლების დებეტის ცვლილებაზე შეუძლებელია ზემოქმედება მოეხდინა გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ან ოპერირების პროცესს,“ – ნათქვამია მათ მიერ გამოგზავნილ კომენტარში.

„აჭარისწყალი ჯორჯიასი“ არ სჯერათ ნიგაზეულში მცხოვრებ ვაჟა ცეცხლაძეს და მის მეზობლებს. ისინი გვირაბის მშენებლობას აბრალებენ წყლის დაკარგვას.

„არ შემიძლია გითხრათ ერთი სიკეთე მაინც, რომელიც ამ ჰესის აშენებამ მე ან ჩემს მეზობლებს მოგვიტანა, მაგრამ დამაზიანა. მთელი სოფელი შენატროდა წყალს, რომელიც ჩვენს ეზოში მოდიოდა. გვირაბი რომ ააშენეს, წყალი გაქრა. კომპანიის წარმომადგენლები მოვიდნენ და ამინდს დააბრალეს [კლიმატის ცვლილებას] – სიცხეა, გვალვებიაო… სიცხეც იყო, გვალვაც, მაგრამ ამ წყალს არ მოუკლია. მაინცდამაინც მაგენი [აჭარისწყალი ჯორჯია] რომ შემოვიდნენ, მაშინ რატომ გაქრა? პირდაპირ მათი ბრალია, რომ ჩვენი წყალი დაიკარგა,“ – ამბობს ვაჟა ცეცხლაძე.

ვაჟა ცეცხლაძე

კომპანიამ ასევე მიგვითითა, რომ 2020-2021 წლებში შუახევის მუნიციპალიტეტმა წყალსადენი ააშენა და სოფელ ნიგაზეულში წყალმომარაგების მილი შეიყვანა.

„ამდენად, სოფლის მოსახლეობა აღარ არის დამოკიდებული წყაროს წყლებზე. შესაბამისად, ამ საკითხის წამოჭრა დღეს ჩვენთვის გაუგებარია,“ – მოგვწერეს „აჭარისწყალი ჯორჯიადან“.

შუახევის მუნიციპალიტეტმა სოფელ ნიგაზეულში მართლაც მოაწყო წყალსადენი სისტემა, მაგრამ გამწმენდი ნაგებობის გარეშე. ტალახიანია წყალი, რომელიც ონკანში მოდის – მას ვერ გამოიყენებ სასმელად, საკვების მოსამზადებლად და სარეცხად.

„ონკანში წყალი კი არ მოდის, ტალახი მოდის,“ – ამბობენ ნიგაზეულში მუნიციპალიტეტის მიერ შეყვანილ წყალზე საუბრისას.

„ბათუმელებმა“ „აჭარისწყალი ჯორჯიას“ ჰკითხა, სარგებლობენ თუ არა სოფელ ნიგაზეულში რაიმე შეღავათით, სოფელში მსხვილი ენერგეტიკული პროექტისთვის საჭირო გვირაბის გავლის შემდეგ.

„საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეგიონში ელექტროსადგურის მდებარეობა არ ითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის შეღავათიანი ტარიფით სარგებლობას,“ – მოგვწერეს პასუხად კომპანიიდან.

კომპანიას ასევე ვკითხეთ, სოფელ ნიგაზეულში გაიცა თუ არა კომპენსაციები და რამდენმა ოჯახმა მიიღო. პასუხად მოგვწერეს, რომ სოფელში მხოლოდ 36 ოჯახზეა მიწის შესყიდვის კომპენსაცია გაცემული. რაც შეეხება კომპენსაციების ოდენობას, მას კომპანია არ ასაჯაროებს.

„შუახევი ჰესის“ მშენებლობა 2013 წელს დაიწყო. 2017 წელს დასრულდა და  ოპერირება დაიწყო. გახსნიდან ზუსტად ორ თვეში, „შუახევი ჰესზე“ ავარია მოხდა. სხალთა-დიდაჭარის დამაკავშირებელი სადერივაციო გვირაბი ორ ადგილას ჩამოინგრა, ხოლო დიდაჭარა-შუახევის დამაკავშირებელი სადაწნეო გვირაბი – ექვს ადგილას. სპეციალისტების თქმით, ეს იყო ყველაზე დიდი ავარია საქართველოს ჰიდროენერგეტიკის ისტორიაში.

„შუახევი ჰესის“ რეაბილიტაცია ორი წელს გაგრძელდა და მასზე 100 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა. გასული წლის აპრილში „ბათუმელებმა“ გადაიღო დიდაჭარის კაშხალი, რომელზეც რამდენიმე ადგილას წყალი ჟონავდა. მაშინაც, როგორც ახლა, კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კაშხალზე წყლის გამოჟონვა იყო ნორმალური მოვლენა და მის მდგრადობას საფრთხე არ ემუქრებოდა.

მოგვიანებით, კომპანიის წარმომადგენლმა თქვა, რომ იმ ადგილების ქიმიური ხსნარებით ცემენტაცია მოხდებოდა, საიდანაც წყალი ჟონავდა.

„ბათუმელებმა“ ერთი წლის შემდეგ აღნიშნული ადგილები გადაამოწმა. კაშხლის ის მონაკვეთები, სადაც გასულ წელს წყალი ჟონავდა, ამოვსებულია. თუმცა ამჟამად წყალი სხვა მონაკვეთებზე ჟონავს.

კომენტარისთვის ისევ მივმართეთ „აჭარისწყალი ჯორჯიას“. კომპანია „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილობით კომენტარში ამტკიცებს, რომ კაშხალი უსაფრთხოა.

„ჰიდროტექნიკურ ობიექტებზე მცირე ფილტრაციული წყლების არსებობა აბსოლუტურად ნორმალური მოვლენაა. ფილტრაციის მცირე რაოდენობით არსებობა არ წარმოადგენს საფრთხეს ნაგებობის მდგრადობისა და უსაფრთხოებისთვის“.

დიდაჭარის კაშხალი წარმოადგენს მდგრად და უსაფრთხო ნაგებობას, რომლის მშენებლობაც განხორციელდა საერთაშორისო სტანდარტების და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, საერთაშორისო და ადგილობრივი ინჟინრების ჩართულობით“, – ნათქვამის „შუახევი ჰესის“ მფლობელი კომპანიის მიერ გამოგზავნილ წერილში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: