მთავარი,სიახლეები

მთავრობა ნამოხვანში კიდევ 23 176 კვ/მეტრ მიწას აძლევს კომპანიას სიმბოლურ ფასად  

12.04.2021 • 4013
მთავრობა ნამოხვანში კიდევ 23 176 კვ/მეტრ მიწას აძლევს კომპანიას სიმბოლურ ფასად  

ამ წუთებში, როცა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე „რიონის ხეობის მცველები“ ხეობაში აქციას მართავენ, სახელმწიფო უწყება ჰესის მშენებელი კომპანიისთვის მიწის ახალი ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირებაზე მუშაობს.

მთავრობამ ნამახვანჰესის მშენებელ კომპანია „ენკას“ რიონის ხეობაში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანთან, დამატებით 23 176 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთები გადასცა.

ხეობაში შპს „ენკა რინიუებლზი“ სხვა მიწის ნაკვეთებსაც ფლობს საკუთრებაში, ხოლო ამავე ხეობის საკმაო ტერიტორიები 99 წლით, აღნაგობის უფლებით აქვს მიღებული სახელმწიფოსგან.

ჯამში 23 176 კვ/მ ფართობის 18 ნაკვეთის დარეგისტრირებაზე აქვს კომპანიას განცხადება შეტანილი დღეისათვის საჯარო რეესტრში.

დოკუმენტების მიხედვით, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ კომპანიის ამ ნაკვეთების საკუთრებაში დასარეგისტრირებლად საჯარო რეესტრს 2021 წლის 5 აპრილს მიმართა.

მიწის ეს ნაკვეთები კომპანიას სახელმწიფომ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად გადასცა საკუთრებაში.

კომპანია „ენკასთვის“ სიმბოლურ ფასად გადაცემული მიწის ნაკვეთები, რომლებსაც კომპანია საკუთრებაში ახლა ირეგისტრირებს

2021 წლის 11 აპრილს პოლიციამ ნამოხვანში „რიონის ხეობის მცველების“ კარვები დაშალა, დღეს, 12 აპრილს კი, საბანაკე ადგილი გადახნეს.

კომპანია „ენკას“ განცხადებით, მიწა, რომელზეც 11 აპრილის ჩათვლით ადგილობრივი აქტივისტების საპროტესტო კარვები იყო გაშლილი, „არის ნამახვანჰესის პროექტის საკუთრება 2019 წლიდან“.

ადგილობრივი მცხოვრები და აქტივისტი ლალი ეფრემიძე ამბობს, რომ ხსენებული მიწა მის საყანე ნაკვეთს წარმოადგენდა. ეფრემიძე ასევე ამბობს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე 50-წლიანი ხეები იყო, რომლებიც მოჭრილია.

უკვე რამდენიმე დღეა, რაც პოლიციამ ნამოხვანთან გზა გადაკეტა, „რიონის ხეობის მცველები“ კი გუმათთან მობილიზდნენ. მათ აქაც გაშალეს კარვები, რომლებიც პოლიციამ 11 აპრილს დაშალა. დღეს, 12 აპრილს, გუმათში საპროტესტო აქციაზე დაპირისპირება მოხდა პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის. აქციის მონაწილეები პოლიციამ ნამოხვანისკენ არ გაუშვა.

პოლიციასთან დაპირისპირების შემდეგ აქციის მონაწილეებმა გადაწყვეტეს აქცია ქუთაისში, „ენკას“ ოფისთან გაგრძელდეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ საპროტესტო ტალღა თბილისშიც გადაინაცვლებს.


უკვე 170 დღეა, რაც მოქალაქეები რიონის ხეობაში „ნამახვან ჰესის“ მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. თავდაპირველად მოქალაქეები სოფელ ნამოხვანში კარავში იმყოფებოდნენ და პერიოდულად მართავდნენ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს.

არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, ექსპერტი თუ აქტივისტი ამბობს, რომ კომპანია „ენკას“ მიერ აშენებული ჰესი დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს, მათი ნაწილის შეფასებით კი ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები უკანონოა. ამასთანავე, მიუხედავად მთავრობის განცხადებისა, რომ ეს ჰესი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას წაადგება, „ნამახვანი ჰესის“ აშენების შემთხვევაში, ორგანიზაციები ამბობენ, რომ  ელექტროენერგიის ეს საფასური იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ენერგობაზარზე სხვა მომწოდებლების მიერ უზრუნველყოფილი ენერგია.

ამავე თემაზე:

„ეს არის რეპრესიული პოლიტიკა“ – მესამე სექტორი რიონის ხეობაში კარვების დაშლაზე

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: