საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ახალი უფროსი ილია დარჩიაშვილი იქნება. იგი ამ პოსტზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 10 მარტს, დანიშნა.

მთავრობის ცნობით, ილია დარჩიაშვილი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დანიშვნამდე იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში, ხოლო მანამდე – საგანგებო დავალებათა ელჩი.

დარჩიაშვილი სხვადასხვა პერიოდში იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე; მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი; ფონდის დირექტორის პირველი მოადგილე, მანამდე კი კერძო სექტორში საქმიანობდა.

ილია დარჩიაშვილი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და საფრანგეთის გრენობლის ბიზნესის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი.

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version