„დაადეთ ნარუშნიკები“, – ისმის კადრებში პოლიციელის ბრძანება, რომელიც აქციის მონაწილეს აქვს გადაღებული. 6 თებერვალს, საღამოს, ბათუმში, ისე როგორც თბილისში, აქცია გაიმართა „უაზრო რეგულაციების“, მათ შორის კომენდანტის საათის წინააღმდეგ.

თბილისში აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ქუჩა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე გაიარეს. ბათუმში კი, როგორც გავრცელებული ვიდეოკადრებიდან ჩანს, აქციის მონაწილეებს პოლიციამ სცემა და, სავარაუდოდ, დააკავა კიდეც.

თვითმხილველმა მოქალაქეებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პოლიციელებმა განსაკუთრებით რამდენიმე ადამიანს სცემეს და ტანსაცმელიც შემოახიეს.

„ბათუმელებმა“ შს სამინისტროში სცადა იმის გარკვევა, 6 თებერვლის საღამოს აქციაზე რამდენი პირი დააკავეს და რა მოტივით. უწყებაში ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით კი, ბათუმის აქციაზე დააკავეს 11 ადამიანი, მათ შორის 2 ქალი.

___

განახლება: შს სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის აქციაზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 11 პირი – მოტივი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა.

Published by ეთერ თურაძე

ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან

Exit mobile version